"მიშისტების" და "ბიძინისტების" შედარებითი დახასიათება
"მიშისტების" და "ბიძინისტების" შედარებითი დახასიათება
დღევანდელ პროვოკაციაში "ნაცებისა" და "ქოცების" დახარისხებაზე ვილაპარაკებ. მიშას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე დაიწყო მონოლითურმა პარტიამ რღვევა. ვინ იფიქრებდა 7-8 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობა" თუ დაიშლებოდა? მოვიდა 2012 წელს ბიძინა და მოიტანა რღვევაი საკვირველი.

დაიშალა "ნაციონალური მოძრაობა" და მიშაზე უნორმოდ შეყვარებულმა ერთმა "ნაცმა" ყოფილი თანაგუნდელების შესახებ დელიკატურად თქვა, ჩვენ კი არ დავიშალეთ, გავიშალეთო! ჰოდა, გაშლილები თუ დაშლილები არიან:

1. ჭეშმარიტი მიშისტები, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი ბელადი ზარ-ზეიმით შემოვა დასავლეთიდან ან სამხრეთიდან, ან კიდევ, აღმოსავლეთიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ჩრდილოეთიდან, რამეთუ პუტინია მბრძანებელი
მაგ მხარისა! ჭეშმარიტ მიშისტებად იწოდებიან კოლექტიური მეგი გოცირიძეები ან ბადრი სულაძეები, რომლებსაც გრიგოლია ან რაზმაძე მიიწვევს ეთერში და იქნება წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება გაწევ-გამოწევებით!

2. გემახსოვრებათ, ჯაფარიძის ფრთა რომ ჩამოეხსნა "ნაციონალურ მოძრაობას". სახელიც ერთობ უცნაური შეირჩიეს - ტყიური და ჩრდილოურ-ტაიგური შიშველთესლიანობა, ანუ გირჩობა! თქვენც გეცოდინებათ, რამდენი კარგი ჰქმნეს "გირჩელებმა": ჯერ მარიხუანა დათესეს (ამბობენ, მარიხუანა კი დათესეს, მაგრამ მიშაქინძა, ანუ ხარისხიანი ქინძი ამოუვიდათო), მერე რაღაც რელიგიურ-დეზერტირული ორგანიზაცია შექმნეს, რათა ეკურთხებინათ "გირჩელ" სასულიერო პირებს ჩვენი თავდაცვის სისტემა! დიახ, "გირჩის" სამღვდელონი აისიდან დაისამდე ილოცებენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ბუზს თუ
აზიურ ფაროსანას ვერ აგვიფრენენ ცხვირწინ ვერცა რუსნი, ვერცა მონღოლნი და ვერცა სპარსნი! კიდევ, კარზე მომდგარ არჩევნებზე ეგენი დამკვირვებლობას ითავსებენ და მალულად "ქართულ ოცნებას" ემხრობიანო! რატომაც არა, მოუნდათ "გირჩელებსაც" გაქოცება!

3. "ევროპეისკი ნაცები" ცალკე თემაა. აი, მაგათ კი გაუწყრეს ევროკავშირის მადლი, ჰააგის ტრიბუნალი და სტრასბურგის სასამართლო ერთდროულად. და რატომ მოვიხსენებ "ევროპელ ნაცებს" ასეთი წყევლით, იცით? იმიტომ, რომ მათ უღალატეს დიადი მიშას გზას და დაადგნენ უგულავა-ბაქრაძის ბილიკს!

4. და ვითარ არ ვახსენო მრავალგზის წამებულისსახიანი ვაშაძე თავისი პოლიტიკური პლატფორმით, რომელიც იმ გოგო-ბიჭებზეა დაყრდნობილი, ტრენინგებს რომ უტარებდა ცოტა ხნის წინ ბანაკებში! თანაც, ყურმოკვრით ვიცი, რომ ერთ წელს საჩხერიდან ვაშაძის "არტეკში" რიცხვი ზუსტად 41 ყოფილა! აი, ეს მართლა შემთხვევითობაა, თორემ ვაშაძეს რომ უყვარს რიცხვი 41, ისე შეუყვარდეს თქვენს მტერს საკუთარი თავი!

ცოტა უფრო რთულადაა საქმე "ქართულ ოცნებაში", სადაც ბიძინა უპირობო ლიდერად რჩება. აქ ცალკე უმცირესობაა "ღარიბაანთ ქოცები", რომლებიც ამაოდ ელოდებიან ირაკლის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას. მარგველაშვილი სრულიად უნიკუმია "საქოცეთში". არც კვირიკაანთიანი იქნება ბევრი "ქოცი", დამერწმუნეთ! მაგათზე მეტი "ნაცქოცია" უკვე ჩვენ ირგვლივ, რომლებიც არჩევით თანამდებობებსაც უმიზნებენ, დანიშვნითსაც...
ცალკე უნდა გამოიყოს ისტერიული "ქოცები", რომელთა ლექსიკაში ხუთი სიტყვა დომინირებს: "აბა, მიშას დრო იყო კარგი?"

პ.ს. "ქოცები" ელისაშვილს ეუბნებიან, ოქრუაშვილი რომ გიცხადებს მხარდაჭერას, რა ხეირიაო? როგორ თუ რა ხეირი, მე ვილაპარაკებ, ეგ იბუზღუნებს და არჩევნებსაც მოვიგებო! კი, მაგრამ ზალიკოს რომ ხელმოწერებზე უარი უთხარი, ეგ რატომო? ეგ მიშისტია, ოქრუაშვილი კიდე, ნამიშარია და თქვენს ლაშა გოგიას მიხედეთ ზუგდიდში, უცხვირპიროდ რომ იტყუება, 2011 წლიდან ვარ "ქოციო"...

სან დრო
15 იანვარი 2018 16:10
ყველაფერს დრო გვაჩვენებს ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი

მაგალითად შევაფასოთ
გამსახურდიას 2 წელი რა მოსატანია სხვებთან შედარებით მაგრამ იყოს – ჩვენში მან დიდი ქართველობა "გამოაფხიზლა",
შევარდნაძის 9 წლის არდავიწყება არ შეიძლება – მას ყოველ არჩევნებზე "ვუჩოქებდით", მე მიკვირს რომ სიცრუით ნაკვები ერი ფეხზე მანამდე არ დადგა.
სააკაშვილი 10 წელი "აშენებდა" ქვეყანას ძალადობით, ალბათ საჭიროც იყო "დიდი ქართველის" მენტალობის შესაცვლელად, მაგრამ ზომა-წონა არ ვიცით...
ქ20ნება – სავარაუდოდ 2030 წლამდე იქნება ანუ კიდე 13 წელი და ეგ 2031 წელს განვსაჯოთ ვინც გადავურჩებით ამათ ფაფხურს ქვეყნის შენებისა
raniwe
14 ოქტომბერი 2017 12:03
დაახლოებით ისეთი სიტუაციაა როგორც გამსახურდიას გადაგდების დროს. ზვიადისტები და პუტჩისტები. მიშისტები და ბიზინისტები. ეხლაც ქვეყანა ისეთივე სტაგნაციაშია რაშიც იყო შევარდნაძის დროს. მომხრეებიც იგივე ყავთ, დაწყებული ინტელიგენციიდან დამთავრებული ქალაქის კოლორიტებით. ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა და ესენი ტელევიზორებში კეკლუცობენ.
kio
13 ოქტომბერი 2017 15:11
მიშა მაგარია
რუბრიკის სხვა სიახლეები
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ ყველაზე მეტად?
დღის კითხვადი სტატიები