"უგულავა მიშას ჭირია, ორივესი კი ბიძინაო" - ანდაზები წინასაარჩევნოდ - კვირის პალიტრა

"უგულავა მიშას ჭირია, ორივესი კი ბიძინაო" - ანდაზები წინასაარჩევნოდ

ამბობენ, წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებს "ნაცები" ვერ გადაიტანენო. "ნაციონალური მოძრაობა" კი არა, ათიდან ცხრა პოლიტიკური პარტიაც რომ გაქრეს, ეგ მე არ ვიდარდო... მგონი, ფილიპე გოგიჩაიშვილს აქვს ნათქვამი: თუ რუსს კარგად მოფხეკ, მონღოლი გამოჩნდება და თუ ქართველს - აზნაურიო. დავმატოთ ამ ნააზრევს: "ქოცი" რომ მოვფხიკოთ, შესაძლოა, "ნაცი" (ან სხვა რომელიმე ათას პარტიაზე გადამხტარი) გამოჩნდეს და იმასაც თუ მოვფხეკთ - ედუარდისტი და კიდევ მოფხეკვისას - კომუნისტი!

ორი დღე და გვეყოლება სრულიად "ლურჯი" თვითმმართველობები! არც "ენდიაის" გამოკითხვა მინდა, არც "აირაის" დასკვნები! მმართველი პარტიის სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეშია და არ უნდა ახლა - "გააყალბეს და ბიულეტენები ჩაყარეს" ძახილი. თან, რა ისტერიულები გახდნენ ეს მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები?! ბოკუჩავას სახე დავინახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე და რაღაც ცუდი ხდება მის თავს... აი, ხომ გახსოვთ, "ნაციონალებს" რა "ვერტიკალური" აზროვნება, მიდგომა და ქცევები ჰქონდათ, მიშასგან მართული? ჰო და, ბატონო ჩემო, გინდა ბოკუჩავას სახე გინახავთ და გინდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" "ასკოლკების" მდგომარეობა. გადავამოწმე მაინც ჩემი მოსაზრება ერთი "ნაცების" მხარდამჭერი ქალბატონის "ვოლზე" და ისიც "გაბოკუჩავებული" დამხვდა. წაიკითხეთ ტექსტი, სტილი დაცულია სრულად:

"ჯერ გაუტოლდით მიშას საქმით, გმირობით, ტალანტით, ცოდნით და მერე იტრაბახეთ, "ქოცუნიებო"! მიშა არის ადამიანი ლეგენდა, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, რომელმაც ყველაფერ პირადულზე წინ დააყენა საკუთარი ქვეყანა, რომელიც იბრძოდა თავგანწირვით ერისთვის და ქვეყნისთვის, მიუხედავად ათასი ხელის შემშლელი პირობებისა და ასევე შექმნა ქართული ჯარი, მოსპო კრიმინალი, ააყვავა ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, კიდევ უამრავი კეთილი საქმე გააკეთა, რომელთა ჩამოთვლა ახლა შეუძლებელია, რადგან შესაძლოა, გამომრჩეს რაიმე... მაგრამ ამ უუნარო და დაბრმავებული გონების მქონე მაშინდელი ოპოზიციის დაუნახავი სიბეცის გამო ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. თქვე უუნაროებო, მიშას ჩრდილიც კი გჯობიათ, მის დასაჩრდილად ყველაფერი იკადრეთ და ვერ გადაფარეთ მისი საქმენი საგმირონი. მიშა მაინც მიშაა და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ერისა და ქვეყნის გადასარჩენად".

ვერ გაიგეს ამ მამაცხონებულებმა, რომ ყოველი არჩევნების წინ ტყუილად აქვთ ნაპრეზიდენტალის ჩამომიშავების იმედი! ჩამოვიდეს, თუ ჩამომსვლელია, მაგრამ ჯერ უკრაინაში აქვს პოლიტიკური გაზაფხული "მოსატყვანი" და მერე თავადაც "ჩამოიტყვანება" საქართველოში თქვენი გურუ, მიშისტებო!

პ.ს. საკმაოდ დიდი "პოსტსკრიპტუმის" წაკითხვა მოგიწევთ, მაგრამ თემატურად უხდება არჩევნებს ეს მოდელირებული 20 ანდაზა:

1. კაცი ამომრჩევლად არ ვარგოდა და დამკვირვებლად გარბოდაო.

2. "ნაციონალს" რა უნდა და "გაქოციონალებაო".

3. ხმის ქურდი ბიუჯეტის ქურდს დასცინოდაო.

4. "ნაცი" "ქოცთან" რომ ამუშაო, ისიც "გაქოცდებაო".

5. კომისიას დამკვირვებელი ეჯავრებოდა და ცხვირში პიტნასავით ეტენებოდაო.

6. ქურდს ქუდი და კომისიის თავმჯდომარეს შემაჯამებელი ოქმი ეწვისო.

7. საარჩევნო ყუთს რომ გადაატრიალებენ, გამარჯვებული მერე გამოჩნდებაო.

8. კომისიის წევრს თუ ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს დამკვირვებელიო.

9. კარგი საუბნო კომისია ცესკოს გულის ვარდიაო.

10. კარგი მერი ქალაქის გულის ვარდიაო.

11. თავად მშობელძაღლი პარტია სხვის ძაღლისშვილობას ახსენებდაო.

12. ვისაც 41-ნომრიანი მაისური აცვია, ყველა "ოცნება" არ არისო.

13. უგულავა მიშას ჭირია, ორივესი კი ბიძინაო.

14. კარგი ამომრჩეველი კოორდინატორის ხმაზე არ ხტისო.

15. ბიულეტენი ასჯერ წაიკითხე და ერთხელ მოხაზეო.

16. "ნაციონალს" მიშა ესიზმრებოდა და ბიძინა ელანდებოდაო.

17. "ქოცი" ჯერ საკრებულოში არ შესულიყო და უკვე თავმჯდომარეობაზე ოცნებობდაო.

18. ზოგის "ქოცობა" არ ჭრის და ზოგის "ნაცობა" - კიო.

19. საარჩევნო ყუთი თითო ბიულეტენით გაივსებაო.

20. "ოცნებას" პირში უძრახე, "ნაცებს" - პირს უკანაო.