რას გვასწავლიდა ბატონი ბიძინა, ანუ ქუცნა და კაპოტა ივანიშვილის "ბუტკაში" - კვირის პალიტრა

რას გვასწავლიდა ბატონი ბიძინა, ანუ ქუცნა და კაპოტა ივანიშვილის "ბუტკაში"

რას ვიფიქრებდი, თუ ისევ ქუცნაშვილსა და მეჭიაურზე მომიწევდა დაწერა?! ქუცნას სამი რაიონის მაჟორიტარობას კი არა, დუშეთიდან ცხვრის ყაზბეგში არეკას არ ვანდობდი. არც მეჭიაურს ვანდობდი თიანეთს. მომავალი არჩევნებისთვის ბატონმა ბიძინამ შეყაროს ორივე "ბუტკაში" და ორივეს მოუსპოს კარიერა!

უცნაურად მეჩვენება წინა "პროვოკაციაზე" ერთი ინკოგნიტოს მიერ დაწერილი კომენტარი, - "ქოცი" ხარ და ბიძინა გაფინანსებსო. გინება დასჯადია, წყევლა მე არ მეხერხება და "ფეისბუკზე" მოარული ხატების წინაშე დავიფიცო, რომ არც "ქოცი" ვარ, არც "ნაცი" და მით უფრო - არც "ლეიბორისტი"? ბიძინას დაფინანსებაზე არც მიოცნებია, რადგან ეგ კაცი ჩემნაირებს არ სწყალობს, რადგან არც ხელოვანი ვარ, არც პოლიტიკოსი და გაგიკვირდებათ და - არც ეგზოტიკური ხე!

წელს არჩევნების შედეგების გაყალბებაზე წარმოუდგენლად ცოტა ილაპარაკეს. ცოტა იწუწუნეს ამომრჩევლის დაბალ კულტურაზე, საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების გაყალბებასა და სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე (ეს ყველაფერი დიდი ხანია გვესმის და დაზეპირებული გვაქვს), ბოლოს თავი დაგვაყვედრეს კანდიდატებმა, - ჩემი ღირსი არ ხართო და მომდევნო არჩევნებამდე მოსვენების რეჟიმში გადავიდნენ სხვადასხვანაირი ფორმით: ზოგმა მცოცავი თუ როტაციული შიმშილობა დაიწყო, ზოგი სიდედრისა და ბებიის ჭერს შეეფარა, ზოგი საღათას ძილს მიეცა! ვის გჯერათ, რომ თუ ამ წაგებულებს ავირჩევდით, ეგენი დღედაღამ არ მოისვენებდნენ და ჩვენი კეთილდღეობისთვის იღვწოდნენ? თუ ამის დაჯერება შეგიძლიათ, მაშინ ისევ 2012 წელში ჩარჩენილხართ და ეგაა!

საბედნიეროდ, ახალი სანერვიულო და ორთქლის გამოსაშვები თემა მოგვეცა! ფეხბურთელმა, გვარად კაშიამ, ლგბტ თემს თანაგრძნობა სამკლავურის გაკეთებით გამოუცხადა, რის გამოც ღვთის ცეცხლი დაანთეს "მარშელებმა"! იმდენჯერ ახსენეს ეგ ფეხბურთელი, თვით ყველაზე არასპორტულმა ადამიანმა, ანუ - მეც, გავიგე მისი გვარი და ისიც კი, რომ ფეხბურთის ნაკრები გვყოლია! აქამდე ვიცოდი, რომ ფეხბურთის ფედერაცია გვყავდა კარგა გვარიანი ხარჯითა და სამარცხვინო წაგებებით, სხვა არ მახსენდებოდა ფეხბურთის ხსენებისას მე, საბრალოს!

უცნაურია და რატომ არ დაუკავშირეს ბიძინას სახელს ეს სამკლავური? ფანტაზია არ ეყოთ ანტიბიძინისტებს? გამოსულიყო ვინმე "ქოცთაგანი" და ეთქვა ქუცნაშვილის მსგავსად, - ამას გვასწავლიდა ბატონი ბიძინაო! ისე, ძალიან მაინტერესებდა ივანიშვილის რეაქცია დონ ქუცნას წამოსროლილ ლენინურ ფრაზაზე... ესიამოვნებოდა? არა! აღშფოთდებოდა? არა, განა ევროკავშირია?!. უფრო მოსალოდნელია, რომ ეფიქრა, თავის დროზე ქუცნა და კაპოტა?

პარლამენტში კი არა, "ბუტკაში" უნდა შემეყარა პინგვინთანო, მაგრამ ან პინგვინმა რა დააშავა, ან ქართველმა ხალხმა? რა ვიფიქრო, აღარ ვიცი, არადა, მოგეხსენებათ, გვიანი შემოდგომა ფიქრების აღსაძვრელად საუკეთესო დროა. მეც გამოვიყენე ეს დრო იოლი ფიქრისთვის და ფილმები დავაკავშირე ქართულ სინამდვილეს:

"რონ კლარკის ისტორია" - ბიძინა ასწავლის ქუცნაშვილს;

"ჩლუნგი და ჩლუნგზე ჩლუნგი" - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა;

"ბნელი რაინდი" - ლევან ვასაძე;

"უბრალოება" - თამაზ მეჭიაურის სუფრა კაპოტზე;

"ოდისევსი და პენელოპე" - მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი;

"ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება" - გია ვოლსკი;

"მეცამეტე რაიონი" - ქუთაისის ავტოქარხნის დასახლება;

"გიჟები სტადიონზე" - "ქართული მარშის" წევრები ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან;

"სტოკჰოლმის სინდრომი" - გრიშა ონიანისა და ბადრი შუბლაძის დამოკიდებულება;

"რელიგიის დაბადება" - გირჩი;

"გლადიატორი" - ჯაბა ჯიშკარიანი;

"კეთილი, ცუდი, ბოროტი" - კახი კახიშვილი, საქართველოს ჯანდაცვა, შსს;

"ჭირვეულის მორჯულება - "ევროპული საქართველო",

"ზოგი ჭირი მარგებელია" - "რესპუბლიკური პარტია".

პ.ს. ბიძინა ესაუბრება თავის გარემოცვას: ჩემი დაკვირვებით, ქართველი პოლიტიკოსები რასაც ლაპარაკობენ, ხშირად ტყუილია?! - ხშირად? იშვიათად სიმართლეს ლაპარაკობენ? - კი, ერთმანეთზე რასაც ლაპარაკობენ, ის სიმართლეა!