კაშია, მიშა და 39 ქალი - კვირის პალიტრა

კაშია, მიშა და 39 ქალი

დიდი ადამიანები თავისი სიცოცხლითაც ადგებიან თავის სამშობლოს და სიკვდილითაც. ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ ცოტა დააშოშმინა "ფეისბუკომის" სარდალ-ოფიცრები, ჯარისკაცები, ვაიმართლმადიდებელნი, მარშისტები, კაშიისტები, ანტიკაშიისტები და ათასი ვაიპატრიოტი და მორალისტი.

ისე, გადავიკითხე მცირე ინფორმაცია ამ კაშიაზე და ცოლშვილიანი კაცი ყოფილა, საზღვარგარეთ დაფასებული, - არ მინდა, ძალადობა და ამნაირი რამეები არსებობდეს ქვეყანაზეო და ისეთი დღე დააწიეს საწყალს, დაუსვენებლად რომ ეთამაშა ოცი მატჩი, მაინც არ ექნებოდა ასეთი გასაჭირი. ვიღაც ბიწაძე გამოვარდა, - რას ერჩით "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" და "ქართული მარში" კაშიას, ბაგრატის ტაძრის ეზოში იმნაირი ამბებია, მონაგონია სოდომი და გომორაო! მეც "მიგულავია" იქ, ბიჭებთან ერთადო... ლექსიკა უფრო ნატა ფერაძისეული ჰქონდა იმ ყმაწვილს, მაგრამ ზრდილობის ნორმებიდან გამომდინარე, შევამსუბუქ-გავაკულტურულე მისი ლექსიკური დინამიკა! ვფიქრობ, კაშიას სამკლავურს იმდენი ვინმე ამოეფარა მომავალი გრანტის დათრევის სურვილით, მგონი, ფეხბურთს მიაყოლონ რაგბი და წყალბურთიც (ნეტავ წყალბურთს თამაშობენ კიდევ, საქართველოში?!).

ნაარჩევნებს, მოგეხსენებათ, ინფლაცია ჩვეულებრივი მოვლენაა. ხალხში გაფანტული წინასაარჩევნო "ფარა" უკან ხომ უნდა დაიბრუნონ? ზოგადად, ფულს ბრუნვა უყვარს და ეს ჩვენი ხელისუფლებაც და საბანკო სექტორიც იბრუნებს ბუმერანგივით, კაპიტალს! აბა, ესაა ცხოვრება?! მიშას დროს ამხელა ნიშნულზე არ გაქცეულა დაქცეული ლარი! მგონი, კოლხური თეთრის მერე ქართული ფულის სახეებიდან ლარს რომ ჰქონდა "კრეპკი" ვალუტის კურსი, ისეთი არც ერთს, სხვას... აბა, კუპონი იყო ფული? უი, უკაცრავად, ბატონი რომან გოცირიძე გამახსენდა, კუპონად წოდებული, მგონი, მიშასეულია ეგ კაცი. ჯობია, დროზე შევწყვიტო ფინანსური ზღაპრების მოყოლა, თანაც, საერთო-სახალხო ლოცვის აღვლენით ლარმა ოდნავ მოიმაგრა წელი და ე მანდ, თვალი არ ეცეს!

ვიღაც წერდა, სამინისტროების მაღალჩინოსნები ისევ იწერენ დანამატებსო და სამშობლოს ბედი ფეხებზე ჰკიდიათო! მართლაც, რამხელა სხვაობაა ჩვენს ახლანდელ ხელისუფლებასა და ადრინდელს შორის! ჯერ მარტო მიშას წინასწარმეტყველებანი ნახეთ: - მე პირველი მსოფლიო პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ყირიმს დაკარგავდა და დამცინეს ამის გამო - სააკაშვილი გიჟია, რაღაც დეპრესიაში არისო. აი, ხედავთ, რაოდენ დიდი ნიჭის პატრონი ვერ შევიგუეთ და ვერ შევიფერეთ? გინდათ, სხვა მაგალითი მოგიყვანოთ კიდევ? 2013 წელს, მიშა პრეზიდენტმა 39 ქალბატონი დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით (ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათაშვილი...) და უნიათო მარგველაშვილმა მხოლოდ ერთი! რატომ? იმიტომ, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა დასვა ეგ პრეზიდენტად და ყველა ორდენი გადაანახვინა თავისიანებისთვის, მააშ!

ისე, რა კარგი იქნება, მიშას ახალი ნათქვამიც რომ ახდეს: მალე სოჭი აღარ იქნება სოჩა! უბრალოდ, ის არ ვიცი, უკრაინას დარჩება თუ საქართველოსო... გაბჭობილია კაცი, ორი სამშობლო აქვს და რომელს მიჰკერძოს, აღარ იცის, თორემ ცოტა ხანში რომ მაგადანი საქართველოს პროვინცია იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ! ჩვენ გვყავს სწორუპოვარი, ოლიგარქებთან მებრძოლი მიშა, რომელიც ამ ბოლო დროს, რატომღაც, ინტერესებს მიღმა მიგვრჩა!

პ.ს. 2013 წელს მიშამ მოითხოვა თამარ მეფის ორდენის კავალრობის კანდიდატების შეკრება. დაპატიჟეს 39 ქალბატონი. რომელიღაც არ მივიდა და ბრძანა, - 39-ე ორდენი ნებისმიერ ქალს გადაეცით, მაინც ყველას დავკიდეთ და იმასაც ეკიდოსო...