ჯეჯელავას ეკითხებიან, რაც დაურიგებელი დაგრჩა, იმ ვაშლს რას უპირებო? ანუ ვინ დაატრიალა მინისტრთა პორტფელები - კვირის პალიტრა

ჯეჯელავას ეკითხებიან, რაც დაურიგებელი დაგრჩა, იმ ვაშლს რას უპირებო? ანუ ვინ დაატრიალა მინისტრთა პორტფელები

ტრიალებს და ბრუნავს წუთისოფელი! აი, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენში - მინისტრთა პორტფელები. მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ პორტფელები კვირიკაშვილმა დაატრიალა! ჯეჯელავა თავის ვაშლებიან-წვეტიან აზრებიანად რომ მოსაცილებელი იყო, ახლა გაიგო "სპასატელმა" გიორგიმ? ცალკე შსს-ს პირველი პირის თემაა საეჭვოდ საინტერესო.

ჩვენი ვაშლმინისტრა მალე აღარ გვემახსოვრება, რადგან საქართველოში ვის ადარდებს გუშინდელი? ლარის კურსისა და სხვა გაჭირვებათა შემხედვარე, როგორ უნდა გავაანალიზოთ, რა გააფუჭა ჯეჯელავამ? არც ის გვახსოვს, როგორ აუვარდათ თავში პოლიციის სისტემის ხალხს, რადგან ახლა ადგილობრივ თვითმმართველობებში დიდი აურზაურია. "ძველებს" ადგილების შენარჩუნება უნდათ, "ახლებს" ვითომ პერსპექტიული, 450-ლარიანი სამსახურების "მოჩანგვლა". ვფიქრობთ საკუთარი თავის გადარჩენაზე და არა ქვეყნის მომავალზე! აი, ახლა დგას ვაზელინის გასაღების დიდი პერიოდი. არც ეს ვაზელინი გამოილია, საშველი რომ დაგვადგეს საბოლოოდ!

სკეპტიკურად ვუყურებ ახალი მინისტრების მოსვლასაც და "დაკარუსელებასაც". ჯერ არ შესულან კაბინეტში ჩხენკელი და გახარია და უკვე "ცუდი" მინისტრები მგონია, არა იმიტომ, რომ ჩხენკელი ოკეანის გადაღმა სწავლობდა და გახარია - რუსეთში! მხოლოდ იმიტომ, რომ სისტემაა გასაწმენდი ყველგან და ეყოფათ ძალა, სისტემის მოსაწესრიგებლად? ყველა მინისტრი, ვინც კი დაგვინიშნეს, კარგი მენეჯერიაო, გვეუბნებოდნენ. მენეჯერობა რომ არ ეყო არც ეკონომიკას, არც შსს-ს, მით უფრო - განათლებას, კი ვხედავთ! სამინისტროებს სათავეში იმ სფეროს პოლიტიკის გამტარებელი უნდა ჩაუდგეს, რომელიც საჭიროა, მაგრამ საქართველოში არ მოიშალა ნათესაობა, პირადი სიმპათიები და "წაპარუკების" მახინჯი ტრადიცია!

მაინც ვფიქრობ, რომ უკეთესობისკენ დაიძრა ჩვენში საარჩევნო კულტურა. თიანეთმა და ოზურგეთმა ეს მშვენივრად აჩვენა. ცალკე ქუცნაშვილს დაემხო თავზე უძლეველობის მოლოდინი, ცალკე სიორიძემ დაინახა, რომ გურიაში ვერ იქნება დავით აღმაშენებელი შეთავსებით, უკუნითი უკუნისამდე... ისიც პროგრესია, რომ "ქართული მარშის" წევრების ისტერიკამაც მოიკლო, სამინისტროების რაოდენობაც შემცირდა და სრულ გაბრწყინებამდე ორიოდე ნაბიჯიღა დაგვრჩა!

პ.ს. ჯეჯელავას ეკითხებიან: - რაც დაურიგებელი დაგრჩა, იმ ვაშლს რას უპირებო? - შევჭამო! - რასაც ვერ შეჭამო? - რასაც ვერ შევჭამ, იმას დავკბეჩო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს