ედუარდი ვარდით განიდევნა, მიშა - ცოცხით და... ამ ხელისუფლებას მარიხუანათი მოეღება ბოლო?! - კვირის პალიტრა

ედუარდი ვარდით განიდევნა, მიშა - ცოცხით და... ამ ხელისუფლებას მარიხუანათი მოეღება ბოლო?!

დილა "ქოცების" ყიჟინით იწყება, მიშა დაიჭირესო და საღამოს კიდევ "ნაციონალები" ცას ურტყამენ თავს სიხარულით - გამოუშვესო. ამ უკრაინელებმა უნიათობის რეკორდი მოხსნეს - ვერ გაარკვიეს, დასაჭერია თუ გასაშვები, იქ იტოვებენ თუ აქ გვიგზავნიან! ჩვენ ვერ შევიფერეთ მისი უგანსაკუთრებულესობა და ჰყავდეთ უკრაინელებს! სადარდებლად აქ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები, დენის ტარიფის ზრდა და კიდევ ჭიათურაში საქორწინო კაბების საჩუქრად გადაცემაც გვეყოფა.

ქართველი ერის დეპოპულაცია რომ დაიწყო გასული საუკუნის ბოლოს, მას მერე აღარ შეჩერებულა ეს გულსაკლავი პროცესი. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ქორწინებათა რიცხვი იკლებს, განქორწინებათა რაოდენობა კი იმატებს. განქორწინების რიცხვი ბოლო 9 წელიწადში გაოთხმაგებულია თურმე. ერის გადაბერება რომ საშიშია და დემოგრაფიული პოლიტიკით უნდა ვებრძოლოთ, ყველა დამეთანხმებით. ამ პოლიტიკას სახელმწიფო მაინცდამაინც დიდი ინტერესით არ ატარებს, თუმცა არც ის ინოვაციური ხერხი მოგვეწონა, ახლახან იმერეთში რომ მიმართეს: ერთ დიზაინერს ამოურჩევია შობადობის კლებით "ლიდერი" ჭიათურა და 70 საქორწინო კაბა უჩუქებია მუნიციპალიტეტისთვის: ვისაც მოეწონება და მოერგება, ეს ჩემი მოკრძალებული საჩუქარი ჰქონდეთ მომავალ პატარძლებსო, უთქვამს კერძო სექტორის წარმომადგენელს.

აი, ამის მერე დაიწყო ამბები სოციალურ ქსელში და ზოგმა სააგენტომაც დაიწყო ინფორმაციის წაღმა-უკუღმა გამოქვეყნება. ზოგი იძახდა, ეგ კაბები არ გაიყიდა და ამიტომ გაიმეტა გასაჩუქებლადო, მაგრამ არ იციან, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ! თანაც, ისეთები იგდებდნენ აბუჩად ამ ფაქტს, 70 კაბა კი არა, 70 ცხვირსახოციც არ ექნებათ გაჩუქებული! ზოგმა იქედნურად ისიც იკითხა, სასიძოებს არ უნდათ ჩაცმაო?! ბოდიში, ბატონო, შვილებსა და შვილიშვილებს ჩაგვიცმევენ კიდევ!

ჭიათურულ "პაკაზს" მალე დაივიწყებენ, მაგრამ საინტერესო ისაა, როდის დაივიწყებენ ბატონი და ქალბატონი ადვოკატები იმ სიტყვებს, ასე უხვად და უშურველად რომ დაურიგეს ერთმანეთს. ასოციაციაო, ასე ეძახიან იმ გაერთიანებას ადვოკატები, რომლის პრეზიდენტსაც ირჩევდნენ! ასოციაცია კი არა, დისოციაციაა ეგ, ბატონო ხატიაშვილო.

თქვენ შეძელით, რომ ასოციაცია გექციათ დისოციაციად, მაგრამ ახლა მაგისი განმკითხავიც აღარ იქნება, რადგან შარშანწინდელი თოვლივით დაგივიწყებენ ახალი პრეზიდენტის "აღსაყდრებისთანავე"! რომელ ეთიკის ნორმას აკმაყოფილებს ასეთი შეძახილი: "დავით ლანჩავა, ჩემი შეფასებით, უნდა მოკვეთილი იყოს ადვოკატთა კორპუსიდან!" - ამას ამბობს ხატიაშვილი და უკვე მზარავს იმის წარმოდგენაც კი, ოდესმე ამნაირი მიდგომის ადვოკატის დასაცავი რომ გავხდე... ისე, არჩევნების შედეგები მუდამ გვაინტერესებს და ამდენი არჩევნების მნახველს მაინც მომიწია გაკვირვებამ, ზოგმა "ადუკანტმა" 1,2 ან 3 ხმა მიიღო! ვაი, სირცხვილო, ამხელა ასოციაცია-დისოციაციის პრეზიდენტობა გინდა და საკუთარი თავის გარდა, არავინ გიჭერს მხარს!

წყალს წაუღია ყველა არჩევნები თავის შედეგებიანად, იმ წყალს, დენს რომ გამოიმუშავებს! მთავრობამ უკვე გვითხრა, დენი უნდა გაძვირდეს ახალი წლიდანო! გასაჭირი მაჩვენეთ და გაქცევას გაჩვენებთო, ნათქვამია! ახლავე ჩემს სტრატეგიას გაგაცნობთ დენის ტარიფთან დაკავშირებით, ენერგომამები რომ არ გაამდიდროთ. რახან მოსალოდნელია დენის გაძვირება 2 თეთრით, რაც ამჟამინდელი ფასის დაახლოებით 15%-ია, ამიტომ ვაპირებ ენერგიის დაზოგვას ამდენივე პროცენტით! ჰოოდა, ენერგობარონებო, ჯიბე გაიგანიერეთ, ჯიბე!

არ შემიძლია, უყურადღებოდ დავტოვო "კრიშის" გიჟად მონათლული ნაპრეზიდენტალი. აი, ისაო, ეგ კარლსონ კიტრენკოო არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დევნილი და უკრაინის პრეზიდენტის პირადი პოლიტპატიმარიო, ქეთუსია იგნატოვას უბრძანებია. სადღაც ეს წავიკითხე: "მე მას მხარს ვუჭერ და ასე ვთქვათ, ერთპიროვნულად მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მე აბსოლუტურად გვერდში ვუდგავარ იმ დიდ იდეას, რომლის გამოც იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი და რომლის გამოც არის პოლიტდევნილი საქართველოდან და რომლის გამოც დღეს არის პოლიტპატიმარი უკრაინაში!"

ალბათ ყველას ციხეში რომ გვტენიდა, მაგ იდეას უდგას გვერდით ეს ქალბატონი, სხვა იდეა არც მახსენდება "პარლამენტური ჩაის სმის" დიდოსტატისგან!

პ.ს. რიგითი უპარტიო ამბობს: ვუყურებ და ვხვდები, რომ მცენარეებს დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში! ედუარდი ვარდით განიდევნა, მიშა - ცოცხით და ამ ხელისუფლებას მარიხუანათი მოეღება ბოლოო...