"რუსთავიორელი" ნიკა, სასჯელაღმსრულებელი შაშკინი და ვაშლებიანი ჯეჯელავა
"რუსთავიორელი" ნიკა, სასჯელაღმსრულებელი შაშკინი და ვაშლებიანი ჯეჯელავა
მიხეილ სააკაშვილზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ სატირალი სიტუაციაა ქვეყნის შიგნით და აღარ მინდა მიხეილის უკრაინულ "მარგალიტებზე" ყურადღების გამახვილება. სულაც აღარ მიკვირს მიშას ბაქიბუქი, როცა ვუყურებ, როგორ აცხადებენ ახალი მერები, კაი ფეხზე მოვედი, ავაყვავეთ სპორტი, ეკონომიკა, განათლება და კულტურაო. რაღაც ცოტა ადრე მოუვიდათ ამყვავებლის პოზიციაში თავის წარმოდგენა ბიძინას ნომრით გაჯეჯილებულებს, მაგრამ არა უშავს, სამიოდე თვეში მადლიანი გაზაფხული მაინც ააყვავებს ბუნებას, მერები თუ ვერ ააყვავებენ მუნიციპალიტეტებს!

სასაცილოა, როცა სახელმწიფო მოხელეები თვლიან, რომ სახელმწიფო
თავად არიან (პატარა ლუდოვიკოები ესენი!). არა, რამდენჯერ უნდა მივაძახო ამ ოხრებს, რომ ერთხელ ნეხვიც აყვავდება და თუ პოლიტიკურმა ორომტრიალმა რომელიმე სკამზე წამოასკუპა, მალევე გადმოასკუპებს უკან; მართალია, გამაძღარსა და კმაყოფილს, მაგრამ კარიერული კისრისტეხა ისეთი მწარეა...

მაინც რატომ გვემართება ამდენი უბედურება? უბრალო მიზეზია: არ ვიცით ბევრი რამ.
და რატომ არ ვიცით? მხოლოდ იმიტომ, რომ არც არავის უნდა, რომ გვასწავლოს და თავად ხომ არ მივაკლავთ თავს სწავლა-განათლებას?
ჩვენს ნაცვლად ისწავლიან საზღვარგარეთ, ჩამობრძანდებიან ახლანდელი პოლიტელიტის განსწავლული შვილები, შეავსებენ პარლამენტისა და მთავრობის სკამებს, "დაგვაბოლებენ" კარგად, მერე თავიანთ სიმპათიებს დასვამენ სადღაც-სადღაც, პატარ-პატარა თანამდებობებზე, რომ კიდევ ერთხელ დაგვამადლონ თავიანთი ხელფასები და პრემია-დანამატები.

რაც თავი მახსოვს, სულ იწყებენ რეფორმას განათლების სფეროში, მაგრამ დასრულებული არაფერი მინახავს. ექსპერიმენტებმა ცარიელი ტაქსებივით ჩაიარა _ შედეგი არის ნული, სამაგიეროდ, დაგვრჩა მოგონებებად "რუსთავიორელი" ნიკა, სასჯელაღმსრულებელი შაშკინი და ვაშლებიანი ჯეჯელავა! რამდენი მილიონი გავისროლეთ ჰაერში, დავითვალეთ? ვინმეს ვაგებინეთ პასუხი? არა! პასუხისმგებლობა კი არა, სასწავლებლად ვგზავნით განათლების მინისტრებს (ეს სიტყვის მასალად, თორემ მაგათი ნასწავლი არაფერი მინახავს). ამასობაში ქუთაისის სკოლაში მასწავლებელი ბრჭყალავს მოსწავლეს, სადღაც კიდევ უარესები ხდება! განათლების პოლიტიკა ადამიანური რესურსების შეფასებით უნდა დაიწყოს, მაგრამ ვინაა შემფასებელი? წელი არ გავა ისე, არჩევნები არ ჰქონდეს ბატონ მთავრობას ჩასატარებელი და ვინ მისცემს გარანტირებულ ხმებს ამ უნიათოებს, თუ არა დაბალი კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის მქონე, ტაშისმკვრელი მასწავლებლები?! რას ვაკლავ მეც თავს ახლა განათლების სისტემის კრიტიკას? ბიკენტიას საქაბაბის წინ გამოტანილი ნაძვის ხე უფრო აღელვებს ხალხს (აქაოდა, ქუთაისის მერიამ ნაძვის ხეც ვერ დადგაო) და ქეთათო ჩარკვიანის მელომესაკუთრეობა (ჯონდი ბაღათურიას ადამიანობის ზღვარსაც კი ჩამოსცდა "მეფის" ქვრივის ამბიცია, მარტო ჩემს "ჩანელზე" უნდა იყოს ირაკლის სიმღერებიო). ამასობაში კი კვირიკაშვილს უცნობმა და მისმა სიძემ კარტელებზე დაუწყეს ლაპარაკი, ხუთი ტენდერი მოგვიგია, მეექვსე კი ვერა, თოფაძე რით ვერ ამოივსო, ეგ საწყაული აღუვსებელიო! თავმომწონე პრემიერი ამის გაგონებისთანავე უნდა გადამდგარიყო, მაგრამ კვირიკაშვილი ჯეჯელავას ვაშლების დარიგებისას არ გადამდგარა და ან ახლა რატომ წავა, თუ არ დაუბერა იმერულმა სუსხმა სოლოლაკიდან?

პ.ს. ქუთაისის მერს ეუბნებიან: ქუთაისში, ბიკენტიას საქაბაბესთან რომ ნაძვის ხე დადგეს და მთავარ ნაძვის ხედ შეატყუეს "ფეისბუკის" მომხმარებლებს, ამაზე რას იტყვიო? აი, ეგ ისე მკიდია, როგორც ნაძვის ხეს სათამაშოებიო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
emigranti
22 დეკემბერი 2017 22:57
რაა ასეტი იმაში რომ ვაშლები დაარიგა სკოლაში??? ტავის ტვინიტაც არ იქნებოდა მაგ საკიტხი გადაწყვეტილი ვიგაცამ დაავალა ასე მგონია საბერძნეთში ფორტოხალი დაარიგენ და ზოგიერთმა ოჯახებმა გადაყარეს იმიტომ რომ ეს ფორტოხალი ბერძნული არ იყო ესეიგი შემოტანილი იყო. ყველაფერია მოსალოდნელი.
ედიკა
21 დეკემბერი 2017 17:05
ბლოგში გამოთქმული აზრი ,ეკუთვნის ბლოგერს, ბლოგერი კი ეტყობა სუფთა ნაცია, სიტყვა უნიათომ გაშიფრა. ნაცებს სურთ ეგ სიტყვა დაამკვიდრონ ამ ხელისუფლების მიმართ, ამიტომ მისი, მიუკერძო-აზრისა, ოდნავ არ მჯერა.
ლევანი
21 დეკემბერი 2017 16:38
ვაშააა, დაგვიბრუნდა ძველი პროვოკატორი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები