მანტიაშემოხეული, ანუ პრემიერს კეთილების მოხსენებისას, ვინმე რომ არ უნდა გამორჩეს... - კვირის პალიტრა

მანტიაშემოხეული, ანუ პრემიერს კეთილების მოხსენებისას, ვინმე რომ არ უნდა გამორჩეს...

იმდენი თემა დაგროვდა, უკვე არჩევანის გაკეთება მიჭირს, ვის "გავუხარო" გული, წლის ფინალური პროვოკაციით?

"ნაციონალურ მოძრაობას" მძიმე დღეები უდგას და რაღა კბილის გაკვრა უნდათ, ისედაც მიწასთან გასწორებულ მიშისტურ და ნეომიშისტურ ძალებს?

ლეიბორისტების უმამათავრესმა (და არა მარტო უმთავრესმა) ნათელაშვილმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მოგვახარა, მაგრამ არც ეგ გახლავთ "საჩემო" თემა, უფრო კომედიურ-კლოუნისტურ ჟანრში "ჭიდაობს" ბატონი შალვა და არა - საპროვოკაციოში! თანაც, ყოფილმა თანაგუნდელმა ისეთი რამ დაწერა, გაცინებაც ვერ შევძელი: თმას რომ იღებავს და ფულს აპროცენტებს, რა პრეზიდენტობა უნდა, მაგ ათასჯერ გაყიდულსო?!

ვერც "პატრიოტთა ალიანსს" ვუპოვე საპროვოკაციო წერტილები, რადგან თვით ადა მარშანიაა (თარხან მოურავი, ინაშვილი და კვიციანი არ გეგონოთ, არ შეცდეთ!) მთავარი ზღუდე და ციხე-კოშკი ამ პოლიტიკური ძალისა და მინდა ახლა მე, წინასაახალწლოდ ადაზე წერა?! ბუნებრივია, არ მინდა!

სამაგიეროდ, "ქოცები" დამრჩნენ მსუყე ლუკმად. ლარის კურსიც ციმციმებს მოსახლეობის ნერვებისა და ფინანსური მდგომარეობის მოსაშლელად, ამასთანავე, დენის სამომხმარებლო ტარიფიც იზრდება. უბრალოდ, ჯერ კიდევ ხერხდება "ქოცებისკენ" მიმართული სიბრაზის გადამისამართება "ნაციონალებისადმი". "აბა, ნაციონალები ჯობდნენ?" ლოგიკით კიდევ ერთხელ გვახსენებენ 41-იანელები, რას გადავურჩით 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს!

გემახსოვრებათ, მელიას შეკითხვებით გაღიზიანებულმა დინჯმა კვირიკაშვილმა აკადემიურობის მანტია რომ შემოიხია და ისეთი ლექსიკა დაატრიალა პარლამენტში, სახტად დატოვა ამდენი რამის გადამტან-გამგონე ქართველი ხალხი. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, გინების პარალელურად, ერთი კარგი მუშტიც მოეცხო თავიდან თმის ბეწვჩამოუგდებელი მელიასთვისო, ღაღადებდნენ "მწარე ქოცები". აი, "ნაციონალები" კი ფიქრობდნენ, მივაღწიეთ მიზანს, კვირიკაშვილის გინებამ მეორე სიცოცხლე მოგვანიჭაო, მაგრამ ისევ ცოცხალ-მკვდრებად დარჩნენ და მაგის მეტი სადარდებელი არაფერი მოგეცეთ, წინასაახალწლოდ, მკითხველებო!

"რუსთავი 2"-ის კვესიტაძეს უბრძანებია, კვირიკაშვილის ლექსიკა მოისმინა ბავშვმა და დაზაფრულიაო. "პირველი არხისა" და "იმედის" მედიაპოლიტიკაც ამას ითვალისწინებდა ალბათ, რომ არ გაისმა ტელეეთერში პრემიერის გინება... ჰოდა, დააბრალეთ "რუსთავი 2"-ს ბავშვების დაზაფვრა, სწორედ ეს "მიშავიზია" ტირაჟირებდა კვირიკაშვილის "ტყ"-ძირიანი ზმნების კორიანტელს! ერთმა ჭკვიანმა კი თქვა, მუდმივად კუდაბზეკილ თხებს გაუკვირდათ ცხვრის გადახტომისას გამოჩენილი კლოაკის დაბოლოებაო, მაგრამ ეს ცალკე დიდაქტიკური პროზაა და არ გვჭირდება პროვოკაციაში ამაზე დეტალურად საუბარი!

სამინისტროების საქმიანობასა და ეფექტიანობაზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ სულ ჯეჯელავას ვაშლები და ხეჩიკაშვილის კომპანიები მიტრიალებდა გონებაში, ამიტომ ისევ ყველაზე პოპულარულ კახიშვილზე ვიტყვი ორ სიტყვას! წარმოგიდგენიათ, რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს, როცა "ციხეების კაცია" ყველაზე ეფექტიანი მინისტრი? ამიტომაც, დროულად დავიწყოთ კახიშვილის კლონირებაზე ოცნება, თორემ ნაქებ გახარიას მისივე ხელქვეითების ნამოქმედარი არ ახარებს უკვე და მის მომავალზე ვერ გეტყვით ვერაფერს!

პ.ს. წინასაახალწლო პერიოდში, როგორც ყური მოვკარი, პრემიერ კვირიკაშვილის ადმინისტრაცია მელიასგან ოფიციალურად მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიასა და საოჯახო ალბომს, გასაგები მიზეზით: პრემიერს არ უნდა გამორჩეს კეთილების მოხსენებისას, რომელიმე...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს