ლარი ჯანდაბაში, ტარიფები იმის იქით, გუგულ-ენძელები პარლამენტში, ანუ რას ვთხოვ ქვეყნის მთავარ სანტას? - კვირის პალიტრა

ლარი ჯანდაბაში, ტარიფები იმის იქით, გუგულ-ენძელები პარლამენტში, ანუ რას ვთხოვ ქვეყნის მთავარ სანტას?

საახალწლოდ ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და მამაპაპურად დავთვერი, მაგრამ არ ვდარდობ. ჩემმა მტერმაც არ უყუროს ფხიზელი თვალით ამ ცხოვრებას, "საზმაუს", "იმედს", "კავკასიას" და "რუსთავი 2"-ის ეთერს.

მინდა ვიკითხო (სამწუხროდ, უმისამართოდ), რას ცვლის ის, რომ "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის თანახმად, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო (პრემია) აღარ გაიცემა? სამაგიეროდ, მაღალი თანამდებობის პირების მოადგილეებსა და უფრო დაბალი თანამდებობის პირებზე მაინც გაიცემა წლის განმავლობაში სახელფასო დანამატის თანამდებობრივი სარგოს 20%, ხოლო ფულადი ჯილდოს მაქსიმალური ოდენობა - წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%. მივხვდი, რატომ გაბერეს კიდევ ერთხელ მოადგილეებისა და სპეციალისტების საშტატო ერთეულები. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მინიშნულ-მონიშნული ხალხი კარგად ფლობს გაყოფის ხელოვნებას! არავინ დაიწყოს ახლა მტკიცება, "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსები ისეთი უნიათოები და უნიჭოები არიან, რომ მათთვის მოადგილეები, უამრავი მრჩეველი და კონსულტანტი აუცილებელიაო! თუ არაფერი იციან და არ შეუძლიათ, გაეშვათ გუგავა თანამდებობაზე და საერთაშორისო დიპლომატიიდან კანალიზაციის მილის გასკდომამდე ყველა პრობლემას მოაგვარებდა!

წინა კვირაშიც გამოვიყენე სიტყვა უნიათო და ვიღაც "მწარე ქოცი" დამესხა თავს: აი, აწ უკვე გაშიფრულო "ნაციონალო", შენი ადგილი უკრაინაშია და ილოცე მიშაზეო! გინების ხასიათზე დავდექი უცებ, მაგრამ ჩემი "აღზრდილობა" ამის უფლებას არ მაძლევდა და მრავალმნიშვნელოვნად ჩავიღიმე მხოლოდ. მოგეხსენებათ, ამერიკა კრიზისიდან ღიმილით გამოვიდა და ეგებ, ჩვენც გვიშველოს სიცილმა, თანაც, ჩვენ რომ გვაქვს სასაცილოდ საქმე, ისე ვის აქვს? ლარი მიწასთან გასწორდა, კომუნალური მომსახურების ტარიფები იზრდება, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ გუგულ-ენძელები ისევ პარლამენტში ბრძანდებიან! მართალია, ბუნებას ვერ ვიცავთ, მაგრამ ეს ორი "სახეობა" ხომ გადაგვირჩება?

ქვეყნის მთავარ სანტას მინდა ვთხოვო, რომ 2018 წელში კახი კახიშვილის მსგავსი მინისტრები მოგვიძებნოს, თორემ ტოტალური პრემიერ-მინისტრობა და ზვიად რატიანი დაგვემართება მთელ ქვეყანას! კიდევ ვთხოვ სანტა-ბიძინას: ლარის კურსის სიმტკიცეს, საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდას, ტარიფების კლებას, სამუშაო ადგილებს, გარემოს დაცვასა და ყველაფერ იმას, რასაც დაგვპირდა 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე...

"ნაციონალები" ცოცხალი თავით სანტას არაფერს სთხოვენ. დიდი-დიდი, მიშას კარგად ყოფნა ისურვონ, მათთვის ერთადერთი ნეტარება ეგაა.

"ლეიბორისტებისთვის" გუგავა ყველა სურვილს აასრულებს. ერთი ის მაინტერესებს, წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე შალვას ხმებს თუ "უჩალიჩებს"? "გირჩის" ხალხს საერთოდ არ უნდა არაფერი, ერთხელ მოსწევენ მარიხუანას და ეგაა სულ (აქვე კითხვა, გასულ ახალ წელს რომ დათესეს მარიხუანა, მისი მოსავალი მარტო გასაბერი ეკლესიის მრევლს ეყო თუ თავად ჯაფარიძესაც?), აი, "ჩვენთვითონ" პაატა დავითაიას უთქვამს, მე სანტასი არაფერი მინდა, მე თვითონ ავისრულებ სურვილებსო! გოგი თოფაძე, ხაჩიკაშვილი კიდევ უცნობის განაცნობებული სიძის კომპანიის ტენდერებიდან სრულიად "მოქესტვას" ითხოვენ და ბოლოს, გულმოწყალე ქოც-ჰუმანისტები ოთო აბესაძის გათავისუფლებას! თვალი გადავავლე ფეისბუკ-საზოგადოებას, სადაც ერთადერთი მოთხოვნაა: მიმოწერა კოპირებული ტექსტების, "ატკრიტკებისა" და გიფების გარეშე!

პ.ს. ლუსტრაველ-რუსთაველზე პატარებისთვის სანტასთან ერთად ფოტოს გადაღება ფასიანი იყო. მიშისტების თქმით, ეს ბიზნესიც ბიძინასია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს