ვირი და ვირის პატრონი - კვირის პალიტრა

ვირი და ვირის პატრონი

ჩაიარა ნაღვლისა და კუჭის საერთო მდგომარეობის გაუარესების პერიოდმა. გილოცავთ, ქართველებო, რამე თუ თქვენ გადაურჩით გასტრონომიული კალენდრის ყველაზე ძნელ პერიოდს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მერკური შევიდა მზის ბუდეში თუ ლელა კაკულია გახდა მიშა ცაგარელი, მაგრამ ფაქტია, რომ ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ახალ წელსა და შობას არ ექნებოდათ საჭმლის მონელების პრობლემა, რადგან 3 ცალი ხურმის ჩირი, 2 ჩურჩხელა, გოზინაყის "ასკოლკა", ტყლაპი და ეტიკეტშემოგლეჯილი შოკოლადის ფილა უბოძეს საჩუქრად თავისივე ბიუჯეტიდან, "ზედმეტ ადამიანებს". ბარემ ერთი კილოგრამი ხამსა მაინც დაემატებინათ!

ისე, ეტყობა მაინც ახალი წლის ბრალია და რაღაც პოეზია მომეძალა. მურმან ლებანიძე რომ ამბობდა, პირველი სვეტი დავით აღმაშენებელი იყო, მეორე ილია ჭავჭავაძე და ღმერთო, გვაღირსე მესამე სვეტი და ფუძემდებელიო, გვყოლია 2012 წლამდე და ვერ გაგვიგია! მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია ეს: "ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ. ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ".

გააკეთებს, აბა, რას იზამს, ჩვენი ღვთისგულა და მესამე სვეტი! ეჰ, ივანიშვილი იყო, პანტასავით რომ მოგისროლა 2012 წლის ოქტომბერში შენი პარტაქტივიანად, რომელიც სად გაგეფანტა უმწყემსო ცხვრის ფარასავით, ვერ გაგიგია. ზოგი "ევროპული ნაცი" გახდა, ზოგიც გამოგირჩდა და ზოგიც სულაც გავაშაძევდა! ვაშაძეს აშკარად ეტყობა იმერლობა (რაც ავტომატურად ნიშნავს ზრდილობიანობასა და ყურადღებიანობას!) და საშობაოდ ჩამოგვირიგა მისალოცი მესიჯები, იგივე - მტშ და კი მიიღო გრძლად გინება ბევრისგან, თუნდაც იმის გამო, რომ პასუხს ვერავინ უბრუნებდა! ჯანდაბას ესემესა ვაშაძე, ისევ მიშას გულადობისა უნდა ვთქვა: რომ ეგონა, სულ მუდამ პირველი ვიქნებიო, მაშინ დასვეს გაქონილ ნიჩაბზე და ახლა უკრაინაში ასრიალებულს თუ მოუწია კახიშვილის "სანატორიუმში" 20-წლიანმა დასვენებამ, მერე იტრაბახოს: ივანიშვილი თავს იკავებს, საქართველოში ჩამიყვანოს. ეს იმიტომ, რომ [იცის] საკანში ჩუმად არ ვიჯდები და 20 წელი იქ არ გავიხრწნები და ჭორვილელს სეირს ვაჩვენებო... ამით რომ გვაიმედებს ეს ბებიაცხონებული, ორი ათეული წლის მერე ან ვირი იქნება, ან ვირის პატრონი, კიდევ? არ მოინდომოთ ინტერპრეტაციები, მკითხველნო და ბარემ გულწრფელად გეტყვით, "ქოცობა" და ბატონი ბიძინა ვიგულისხმე სახედრებსა და მის პატრონში.

დამადასტურებელ მაგალითებსაც უამრავს მოგიყვანთ, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს! უბრალოდ, ამ სახედრებს სხვადასხვა სახელი ჰქვიათ და ზოგჯერ ჩვენს ბიუჯეტს ხედნიან თავად სახედნავები და სულაც არ რცხვენიათ, რომ ყველაზე დაბალანაზღაურებადი მასწავლებლები გვყავს ქვეყანაში! აი, მასწავლებლებს არ დაუმატოთ ხელფასი და "აგვისტოს 5 დღეზე" 12 მილიონი რომ გადაყარეთ, "ჰეროკრატიაზე" კიდევ - 40 მილიონი, ეგ აგვაშენებს და აგვაღორძინებს! ვიღაც ამბობდა, "აგვისტოს 5 დღის" შემოსავალი 300 ათასს ძლივს ასცდაო. ეგაა "მიშა სინემა პროდაქშენის" ფასი სულ? აი, როგორც კი "ჰეროკრატიისას" დაითვლიან, მერე გეტყვით, რომ სკეტჩები გადავიღოთ, ის აჯობებს... ან სულაც, ზესტაფონის მერიის ყოფილი თანამშრომლების ვიდეოკომენტარები შევუნახოთ შთამომავლობას: კინემატოგრაფიული ღირებულება თუ არ ექნება, იმერული დიალექტის ზესტაფონური კილოკავის გადაგვარების შემთხვევაში ლინგვისტურ კვლევებში მაინც დაგვეხმარება!

პ.ს. ორი ფინანსისტი საუბრობს:

- 1.000 ლარზე მეტია საშუალო ხელფასი საქართველოშიო, საქსტატს უთქვამს.

- არ იქნება ეგ სწორი, ჩემ გარშემო მაგხელა ხელფასი ძალიან ცოტას აქვს. საქსტატის ნათქვამმა ჩემი მატყუარა მეზობელი გამახსენა, ვაშლი 20 თეთრი ღირსო. უთხრეს, ეგ ტყუილი იქნებაო. ტყუილი კია, მაგრამ იაფი ხომააო?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს