ინტერნეტმორწმუნეები, "კრიპტოვალუტჩიკები" და ბიძინა - კვირის პალიტრა

ინტერნეტმორწმუნეები, "კრიპტოვალუტჩიკები" და ბიძინა

ჩვეულებისამებრ, 1-ლი იანვარი გავიმეორეთ 14 იანვარსაც. გამეორება რომ ცოდნის დედაა, მოგეხსენებათ, მაგრამ რისი ცოდნა განვიმტკიცეთ 14 იანვარს? დიასახლისებმა - ხაჭაპურის ცხობისა და საცივის მომზადების და კაცებმა კიდევ - სმა-ჭამის!

"ახალი" ქართველი დიასახლისები უკვე ხაჭაპურსაც აღარ აცხობენ, საცივსა და ნამცხვრებსაც უკვეთენ, მერე შეკვეთილს მოიტანენ სუფრამდე, ღრმად ამოიხრებენ, რადგან ქანცი გასძვრათ ქართველი "მუჟიკების" გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას!

ამას დაუმატეთ ჭურჭლის რეცხვა და "ფეირით" ხელის კანის დაზიანება. ოოო, რა უსამართლოა ეს ცხოვრება! ამიტომაც, თითო ფემინისტი ყველა ოჯახში, დიასახლისების უფლებათა დაცვისათვის!

კარგი ლოზუნგი გამომივიდა, მაგრამ ადრე, რამდენიმე წლის წინ, ვიდრე "ოდნოკლასნიკებიდან" "ფეისბუკზე" "გადმოცხოვრდებოდა" მთელი ქვეყანა, მხოლოდ სუფრებზე ვიყავით პატიოსანი, პატრიოტი, ერთგული და მშრომელი ერი, ახლა სუფრას დაემატა ონლაინპატრიოტობა, ინტერნეტერთგულება და ვირტუალური შრომა. ცალკე თემაა ინტერნეტმორწმუნეობა.

ონლაინში იმდენი გმირი და პატრიოტია თავმოყრილი, სულ მინდა ჩავეკითხო ზოგიერთ ბატონს: 2008 წლის ომში მოკლეს თუ გააუპატიურეს მათი ყოვლადუპატრიოტესობა? აი, ცოლ-ქმრის საერთო ფეისბუკანგარიშებმა უნდა შეგვინარჩუნოს ოჯახის სიწმინდე და "ჩათში ნუ მაწუხეეეებთ" პოსტებმა წაიღეს ტვინი, დიდ დიღომში გაფენილი სარეცხივით! ვირტუალურ შრომაზე ცალკე მაქვს საფიქრალი, "ფერმებში" უკვე "ბაღ-ბოსტნებსა" და ქათმებს თავი დაანებეს და ბიტკოინ-კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე გადავიდა ინტელექტუალური სამყარო! აბა, თოხსა და ბარს როგორ იკადრებენ? ტვინი იმუშავებს, კრიპტოვალუტით გამდიდრდებიან და მერე მიადგებიან გლეხს, კრიპტოვალუტას მოგცემთ და ყველი მოგვაბიტკოინეო. ამას წინათ ერთი ჭკვიანი კაცი წერდა, გამოცდილმა თაღლითმა სოფელში კუს შესყიდვა დაიწყოო.

თავიდან ერთ დოლარად ყიდულობდა კუს. ვისაც ფეხზე დგომა შეეძლო, შეესივნენ კუებს და სად გაასწრებდნენ საწყლები? მერე ცოტა რომ დარჩა, 10 დოლარს გადავიხდიო, უთქვამს კუთა შემსყიდველს. უკვე აკვნის ბალღები და საპყარი მოხუცებიც კი გაქცეულან სიწუწკით ტყე-ღრისა და ნაკადულებისკენ. ბოლოს აღარ დარჩენილა არც ერთი კუ და თაღლითმაც ფასი ასწია: 20 დოლარს გადავიხდიო! თან დაუმატებია, სხვა სოფლადაც გადავალ, ეგებ იქაც იყოს კუები, მანამდე თუ რამეს დაიჭერთ, აგერ არის ჩემი სანდო კაცი, იმას მიჰგვარეთ და შეიძენსო! თაღლითი წავიდა თუ არა, რწმუნებულმა მთელ სოფელს განუცხადა, ეს დოყლაპია კუთა მსყიდველი 20 დოლარს იხდის, მოდი, მე მოგყიდით 10 დოლარად და მოგება პირისპირ გრჩებათო! დაყიდეს წუწკებმა სახლები, აიღეს კრედიტები და იყიდეს! ოღონდაც მერე ვეღარავის მიჰყიდეს... აი, ის კი აღარ ვიცი, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა თუ მოიგეს გრანტი კუთა მჭერელ ბრიყვთა ცნობიერების ასამაღლებლად... ასე არ მოუვიდეთ ამ კრიპტოვალუტჩიკებს საბოლოოდ, ამას ვფიქრობ, კარგა ხანია!

საფიქრალი სხვაც ბევრი მაქვს. "რუსთავი 2"-ის პათოსი მაშინებს ამ ბოლო დროს. მართალია, ბევრი "რუსთავიორელი" "გაიმედელდა", მაგრამ ვინც იქ დარჩა, რაღაც სადომაზოხისტური სიამოვნებით აცხადებს - ის დაჭრეს, ეს მოკლეს, მავანი გააუპატიურეს და ვიღაც კიდევ შიმშილით მოკვდაო! ტელეკოლეგებო, ამდენი ნეგატივის ფრქვევა კაის არ დაგმართებთ, ზოგჯერ სასიამოვნო მასალებზეც იმუშავეთ... კრიტიკას კი არ მოეშვათ, თორემ რამდენი ტელევიზიაა უკვე მაამებლობაზე გადასული, არც მაგათით გვექნება ხეირი, დამერწმუნეთ! ღმერთმა უშველოს ცუკერბერგს, რომ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული გზა გაგვიჩინა, დაგვასაქმა და უნარები გამოგვამჟღავნებინა!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, კრიპტოვალუტა და გლდანი-გორის თავისუფალი ეკონომიკური ზონები შენიაო?! ისინი მაინც ნუ მეკითხებით მაგას, ადრე სიამოვნებით რომ მღეროდით, - "ეს ქვეყანა ვანოსიაო"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს