ბადურაშვილის ბებია, ღარიბაშვილის სიმამრი, სოფო ბედიას ქმარი და "დუმილის ბიჭები" პარლამენტში... - კვირის პალიტრა

ბადურაშვილის ბებია, ღარიბაშვილის სიმამრი, სოფო ბედიას ქმარი და "დუმილის ბიჭები" პარლამენტში...

წინა "პროვოკაციაზე" ვიღაც გიო წამოეგო და კულტურულად, ჭიჭინაძისებურად გამომლანძღა, - თუ არ გინდა ვირტუალურ-ინტელექტუალურ-კრიპტოვალუტური შრომა, თოხს მოჰკიდე ხელი და უბაყუნეო! ამ გიოს რეპლიკას არ დავეძებ, რახან გავიგე, რომ ბიძინასი არ ყოფილა ეს ბიტკოინები, როგორც გამოგონება, თორემ რაღა დამაძინებდა დარდით?! მთავარია, ეგ არ იყოს მდიდარი და თუ გინდათ, მაგისივე თანარაიონელი ვასაძე, რაინდის წოდებიდან სულაც მისი უიმპერატორესობა გახდეს!

ბოღმიანობა თუ შემატყოთ, არ გაგიკვირდეთ, მკითხველებო. მოუსმენ ჩვენს ხელისუფლებას და ან მაგათი ცემა მოგინდება, ან დაიბოღმები, სხვა რა დაგემართება? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ხანიშვილს უთქვამს, გლეხებს უნდა ვასწავლოთ ფაროსანასთან ბრძოლაო და "გაქოცებულმა" დავით ჭიჭინაძემ ისეთი "რეჩი" დაარტყა, კინაღამ გადაასწრო გუგულის სიბრძნის კალეიდოსკოპს: სწავლა რომ უყვარდეს გლეხს, გლეხი არ იქნებოდაო.

ჰო, თავად თუ არ უსწავლია ბატონ დავითს თავგამოდებით და ვერც "გეპეი" დაასრულა, იმიტომ არ იყო ჯერ "აღორძინებული", მერე "ნაცი" და ბოლოს - "ქოცი"?! არ გინდათ ახლა ამ რენეგატის "გაპრავება", სხვა რამეს გულისხმობდაო! თუ სათქმელს სწორად ვერ აყალიბებს, ენის წინ კბილები ღმერთმა რატომ დააყოლა? გაჩუმდეს და იყოს, კუკნოს პარლამენტარის ხელფასი სხვა დანარჩენი "დუმილის ბიჭებივით"!

მაგრამ ვერ ჩუმდებიან, ბატონო, აგერ, ჭიჭინაძის ნათქვამი არ გვქონდა დავიწყებული, პსპ-ს მამა-მფლობელმა ოქრიაშვილმა დაგვმოძღვრა, ათლარიანი წამალი რატომ გგონიათ ძვირი, თქვე დაბალშემოსავლიანებოო! ვატყობ, მასობრივი გუგულიზაცია დაეწყო ჩვენს პარლამენტს! ცალკე თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასისა და პრემია-დანამატის გაერთიანებამ დაგვტოვა სახტად. პრემიასა და დანამატს მაშინ იღებს დასაქმებული, როცა ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეასრულებს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, დღეს და ღამეს გაასწორებენ კალა-ქელები და ბარემ ჯამურად აიღებენ ასაღებს. მაგრამ, ვაითუ, სულ არაფერი გააკეთონ და შეკვრიხონ ფულები! ისე, ერთმა მოცლით მყოფმა დაითვალა და კალაძის ხელფასი (რომელსაც არ მოიხმარს თავადო) თავისი დანამატებიანად წლიურად უგულავასას ჩამორჩება 4 ათასი ლარითო. უჰ, ეს დიდი შეღავათია ვითომ თბილისის ბიუჯეტისთვის?!

ისე, რომ ვუყურებ, ძალიან მოსწონს ქართველ ხალხს შემბრალებლის როლში ყოფნა. გასულ წელს ვიღაც იხოკავდა ღაწვებს, მაია ჩიბურდანიძემ ბანკში სესხი აიღოო, ყიფშიძესა და ჩიხლაძეს უჭირსო, ეს როგორ გადავგვარდით ქართველებიო! ახლა ცალკე თავის მტვრევა დავიწყეთ სოკოლოვის თავშესაფარში ცხოვრების გამო. რატომ დავიწყეთ ადამიანების დაყოფა ცნობადობის მიხედვით? ბანკის ვალის გარეშე ვინ ცხოვრობს?! თავშესაფარში ცხოვრება თუ სირცხვილია, სირცხვილი მხოლოდ სოკოლოვისთვისაა? ერთმა მოსწრებული ენის პატრონმა თქვა, ამ დროში სირცხვილი არის ქვლივიძის მამიდა, უცნობის სიძე, ბადურაშვილის ბებია, ღარიბაშვილის სიმამრი, სოფო ბედიას ქმარი, ურთმელიძის დედა, მინაშვილის სიდედრი, შევარდნაძის სიძე, ბიძინას კურსელი და კიდევ ბევრი ვინმე და რამეო! ძნელია, არ დაეთანხმო ამ ენამოსწრებულს, თუმცა, ამ ჩამონათვალს დიდი გაგრძელება აქვს, თუნდაც გუგული მაღრაძისა და ენძელა მაჭავარიანის პარლამენტარობა ამ დიდებულ ჩამონათვალს არ დააგვირგვინებდა?!

მსოფლიო პიარპოლიტიკის ლაფსუსებზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: ნათლისღებას რამდენი დიიიდად მორწმუნე მართლმადიდებელი პოლიტიკოსი გადახტა წყალში ამფიბიასავით?! ნეტავ ვის სჯერა ამ ერთჯერადი წყალში გადახტომით პოლიტიკოსების განწმენდა-გაკეთილშობილების?! გადავხედე ამ პიარჭყუმპალაობის კადრებს და გეტყვით, რომ "ჩვენი ბიჭი" მიშა, რომელიც უკრაინამ მიისაკუთრა, ყველას სჯობდა! რა გრაციოზული ჩაყვინთვა და რა გრაციოზული ამოყვინთვა ჰქმნა მიშამ! ცალკე ქსენია სობჩაკი წაყინულა კინაღამ გასიპულ წყალში ჩატანტყალების გამო და ყინულის ლოლოდ ქცეული ძლივს ამოუტანიათ ზემოთ! შედარებითი უნარების გამოყენებით დავადგინე, რომ ნომერ პირველი წყალგანწმენდილის ადგილი მიშასია, რომელსაც ოდნავ ჩამორჩებოდა ჟირინოვსკი და პუტინი...

პ.ს. "ნაციონალები" საუბრობდნენ, რომ პუტინის წყალგანწმენდა თაღლითური იყო, წყალი იგი თბებოდა იატაკქვეშეთურად, რას გადაემხო ეს ჩვენი წყალშენკო წამხედურობით ლიპ ყინულში? უნდა მოვიკითხოთ სასწრაფოდ, სხვა თუ არაფერი, უკრაინა აქვს ასაყვავებელიო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს