აი, ის დრო: ბურჭულაძე მხოლოდ რომ მღეროდა, მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა, ქეთი დოლიძე კიდევ "კუკარაჩას" იღებდა - კვირის პალიტრა

აი, ის დრო: ბურჭულაძე მხოლოდ რომ მღეროდა, მარგველაშვილი ფილოსოფოსობდა, ქეთი დოლიძე კიდევ "კუკარაჩას" იღებდა

ეს რა ქნა ბახალამ? აგვახმაურა, გაგვამიჯნინა ერთმანეთისგან მომხმარებელი და რეალიზატორი, ცალკე "ქართველი დივას" ქმარი გაგვახსენა და კიდევ, ქეთი დოლიძის "კუკარაჩაც", მაგრამ ბახალამ "თეთრი ხმაურისთვის" საქმე ქნა?! მამა არ გაუკეთებს საყვარელ ძეს! დავიწყებულიც კი გვქონდა, ხმაური იყო ეგ თუ ყაყანი, რომ უცებ სრული სიცხადით შეგვახსენეს თავი ნარკოპოლიტიკის რეფორმის მსურველებმა!

განსაკუთრებით, მათემატიკური უნარების ხელშემწყობი აღმოჩნდა ბახალას "სუბობაგაჟი" და მოწმის ჩვენებით, საქმეში არსებული "სუბოტექსი" 7.300 ადამიანის დოზა და დაახლოებით 30 ათასი ლარის ღირებულების ყოფილა. აი, ახლა უნდა ვიკითხო ერთი რამ: 1001 აბი რად უნდოდა? დავიჯერო, სოდასავით "სროკ გოდნოსტი ნე აგრანიჩენ"? ან 30 ათასის წამალს ვინ ყიდულობს ერთბაშად? არ გვინდა ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ რასაც თავად ვერ მოიხმარდა, გადაყრიდაო! ყველაზე უკეთეს ვარიანტსაც არ მივიღებ, - ვითომ შვილიშვილებს შეუნახავდაო...

მე არ ვიცნობ "თეთრი ხმაურის" ხალხს, მაგრამ მინდა ვკითხო: სახელმწიფო ბიუჯეტიდან რატომ არ ითხოვენ გრიპის მკურნალობის დაფინანსებას? თუ მარტო ნარკომანიაა ავადმყოფობა და გრიპი კარგად ყოფნა? გასაგებია, რომ სიმწვავე სხვადასხვა აქვს, მაგრამ გრიპს არ ვირჩევთ, როგორც დაავადებას, აი, ნარკომანია კი არჩევითია და დაეკითხეთ გადასახადის გადამხდელებს, რა ურჩევნიათ, მათი გადახდილი თანხები ნარკომანების სამკურნალოდ გაიხარჯოს თუ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე? ვიცი, ამას რომ წაიკითხავენ "ახმაურებული თეთრები", ფაშისტის იარლიყს მომაკერებენ, მაგრამ არ ვარ ფაშისტი, პროვოკატორი ვარ მხოლოდ, რომელსაც მარტო ნარკომანი კი არა, გრიპიანიც ეცოდება!

ვიდრე ბახალაზე თეთრად თუ შავად ვხმაურობდით, ისევ დაიწყო თემიდური თემებით მანიპულირება. მამუკა მდინარაძეს უთქვამს, გამკაცრდება სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წინასწარი შეცნობით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზეო. ვერ გამიგია, ვინ გაუბედავს მურუსიძის სასამართლოს ხელის შეშლას? ახლა კი აღარაა მურუსიძე სისტემის მსხვერპლი!

"თავდემების" (ეს პარტია მეგონა, რომ აღარც არსებობდა!) აღმასრულებელმა მდივანმა, სამუშიამ მკაცრად შესძახა მდინარაძეს: "მამუკა, შენც მინდა მოგმართო და ასევე "ოცნებას". მამუკა, სად იყავი მაშინ, როდესაც ვაპროტესტებდით გირგვლიანის საქმეს და სხვა ბევრ უკანონობას, რომლებსაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა? სად იყვნენ, იმ დროს "ნაციონალი" და ახლა "ოცნებაში" გადმოპორტირებული შენი თანაპარტიელები, რომლებიც გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ცვლილებებში, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო?" ახალი ამბავი მაინც ეთქვა სამუშიას! ახლა აღარ მოგწონთ "ნაციონალური ბუკეტი" "ოცნებაში"? 41 ნომრით რომ შებრძანდით ხელისუფლების ეშელონებში, მაშინ ვერ გააპროტესტეთ "ნაცების" პოლიტიკური ფერისცვალება?

სულ ნეგატივზე ჩემმა მტერმა ილაპარაკოს. კარგი რაღაცებიც ხდება: აი, მაგალითად, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უპოვართათვის საკვები მიურთმევია, ტოჩინოშინი ანუ გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა და კიდევ ათასი რამ, თუმცა, ოპონირება აქაც დაუსრულებლად შეიძლება! თუნდაც იმ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რომ იაპონური ღირსების ქართველისგან "გამოტაცება" ავტომატურად ნიშნავს ქართველებისთვის მეობის დაკარგვას?! აბა, ორი ღირსება როგორ ვატაროთ ერთად? აი, ამ ყველაფერში ბიძინას ხელი ურევია, ეგ ფარული "რესპუბლიკელი", ეგა!

პ.ს. ერთი სიმშვიდეს დანატრებული ქართველი ამბობდა, ის დრო მენატრება, ბურჭულაძე მხოლოდ რომ მღეროდა, ჯაჭვლიანი გედია იყო, კურტანიძე ჭიდაობდა, მარგველაშვილი თავისთვის ფილოსოფოსობდა, ქეთი დოლიძე "კუკარაჩას" იღებდა და ტვინს არა ღუნავდა, თორთლაძე მთაზე მიძვრებოდა, გიორგი თარგამაძე დიქტორი იყო, სტურუა "კავკასიურს" დგამდა, ბახალას "უგადაი მელოძიუ" მიჰყავდა და სააკაშვილი კუთხეში იჯდა პარტიულ სხდომებზე და უბრალოდ, ცხვირს იჩიჩქნიდაო. არასამთავრობო სექტორმა ეს ქართველი პუტინიზმის ფარულ პროპაგანდაში დაადანაშაულა და გაჩუმდა... არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მართალია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს