ნიკანორი, "გასპაჟა" ბურჯანაძე და შალიკო, ანუ ვის უნდა ავლაბრის რეზიდენციაში მეფური ცხოვრება და მთქნარება?! - კვირის პალიტრა

ნიკანორი, "გასპაჟა" ბურჯანაძე და შალიკო, ანუ ვის უნდა ავლაბრის რეზიდენციაში მეფური ცხოვრება და მთქნარება?!

პოზიტივი პოზიტივს ემატება! ჯერ გუგულის კალკულაციით 4 ბოთლი ზეთის ყიდვამ გაგვახარა, ორი წლის მერე 20 ლარით პენსიის მატების პერსპექტივამ გადაგვრია სიხარულით და ახლა ვანსა და ხონში მაჟორიტარობას გიგი უგულავა რომ აპირებს, ეს მთლად სიამოვნების პიკია!

ამას წინათ, "ფეისბუკზე" ერთი "ქოცი" გახარებული გაჰკიოდა, "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტები გარბიანო. ვუპასუხე: - თხამ ერთხელ მკვდარი მგელი ნახა და სიხარულით რომ დაკუნტრუშებდა, სხვებმა უთხრეს, განა სამგლეთი დაიქცა, ნუ გიხარიაო. იმ უნიათომ ვერ გაიგო ალეგორია და ეგრევე მომახალა, მგლების დამცველო, შენ შევარდნაძის დროში ხარ ჩარჩენილი, რა უნდა გელაპარაკოო. ეჰ, ჩემო უიღბლობავ, ბარემ სტალინის პერიოდში ჩავრჩენილიყავი! ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბარემ ანტიკვარიატის სფეროში "ჩამრიცხავდნენ" და არა - ნეოფაშისტურში!

ისე, რა სასაცილოა ჩვენი ყოფა! იაპონიაში სუპერრობოტები დაუმზადებიათ, გაერთიანებულ სამეფოში ბედნიერების სამინისტრო შექმნილა, დანიაში ისევ იმატებს სოციალური პაკეტების ხარისხი და ნორვეგიაში კიდევ ფულის ხარჯვას ვერ ახერხებენო! და რა ხდება ჩვენთან? ისევ თოხით აპირებენ სოფლის მეურნეობის აყვავებას, ორიოდე ლარით კვებავენ უმწეოებს, "ქოცებისთვის" ახალ-ახალ შტატებს ხსნიან სასაცილო დანიშნულებითა და კომედიური ხელფასებით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საკამათო არ გველევა. მაგალითად, ტრანსგენდერები უნდა გაიძუყნონ თუ არა, მაკა რაზმაძე უნდა წასულიყო ტელევიზიიდან თუ არა, პენსიონერი მასწავლებლები უნდა დასვან თუ არა სახლში და კიდევ ათასი "თუ არა"!

ძალიან საინტერესოა საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილეთა ნუსხაც. აი, შალვა ხომ გაჰყვირის, რომ ის არის მხსნელი საქართველოსი, ცალკე "გასპაჟა" ბურჯანაძემ გვაყარა ქატო თვალებში, - მე თუ არა, სხვა ვინ გიშველით თქვე კუბაღლინჯოიანი პურით გამოზრდილებოო! ვფიქრობ, პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი 10-ს მაინც ასცდება. ვის აწყენს ავლაბრის რეზიდენციაში მეფური ცხოვრება და მთქნარება?! ვფიქრობ, ნიკანორ მელიასაც უღრღნის გულს ეგ პოსტი! რატომაც არა! დახვეწილი და გამოცდილი კაცია, სხვა თუ არაფერი, გვარი დიპლომატიური აქვს (მომეძალა იგავ-არაკების პერსონაჟების ხასიათების მიხედვით ამოცნობის სურვილი!) და ვატყობ, კარგადაც გამოუვა კალაძის კრიტიკით წინასაარჩევნო კამპანია! რკინის ლოგიკა იყო მის განცხადებაში, კალაძე რომ იღებს ვიდეოსელფებს, მივიდეს, ნახოს, ხალხი ნგრევად სახლებში რომ ცხოვრობსო! მერე გამახსენდა, ეს ნგრევადი სახლები ადრეც მოფამფალებულ-დაბზარული იყო და "ნაციონალური მოძრაობაც" არ აკლავდა თავს საბინაო-კომუნალური პრობლემების მოგვარებას! მართალია, არ აკლავდა, მაგრამ ახლა უკვე სუიციდს აპირებს თვით დიდი გიგი უგულავა!

- დღეს ყველაფერი მინდა დავიწყო თავიდან. არ მიყვარს ფუჭი დაპირება, რასაც დაგპირდებით, თავს მოვიკლავ და ყველაფერს გავაკეთებ, - ამის შესახებ "ევროპულმა ნაცმა" სახალხოდ განაცხადა! თავმოკლულმა კი არა, ცოცხალმა რა გაუკეთეთ თბილისს, ის ჩამოთვალეთ და მერე წადით ვანისა და ხონის ასაღორძინებლად, ბატონო გიგი! ნუ გვაცინებთ თქვენი მორალისტობით, თითქოს პოლიტპატიმრობისას ბოღმა და შურისძიება არ გაიკარეთ სიახლოვეს, არ დაყავით ხალხი "შენიანებად" და "სხვისიანებად" (ბიძინასებად) და საქართველოს ნათელი მომავლისთვის იბრძოლებთ! ისე, გიგის ვინმემ გადაეცით, პიარკამპანია, სჯობს ვანის შესასვლელიდან დაიწყოს წვერიანი ანეკდოტით, როგორ ატყავებდა ვანელი რწყილს და ხონელი მისტიროდა, ე, ბჯო, ქონს ნუ აყოლებო... ვიცი, რომ წამგებიანი იქნება პიარტექნოლოგიურად, მაგრამ მაინც წაგებული აქვს ეგ არჩევნები და ბარემ თავი არ გაიცხელოს ახალი ზღაპრებისა და ანეკდოტების მოსაგონებლად, რომლითაც ხალხის დაბოლებას ეცდება...

პ.ს. ნინო ბურჯანაძეს ეკითხებიან: - რომ აგირჩიონ საქართველოს პრეზიდენტად, როგორ გვიშველიო? ნინომ პრინციპულად უპასუხა კითხვას: - თქვენ არა, მაგრამ ჩემს თავს ვუშველი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიო!