ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ხეები მიქრიან გზადაგზა - კვირის პალიტრა

ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ხეები მიქრიან გზადაგზა

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე კიდევ ერთხელ გამახსენდა ზურაბიშვილის ფრთიანი გამოთქმა, ქაჯების წასვლა-წამოსვლის შესახებ. მეგონა, რომ მოწიწებით მივიდოდნენ ჩვენი ხელისუფალნი ცოდნის ტაძარში, მაგრამ რა მოწიწება?! პრეზენტაბელურად მივიდნენ, მუქი ფერის ჯიპებით. ამ ჯიპკრუიზის მერე გამახსენდა "პიჯაკა" პრემიერის ორჯერადი დაპირება, ციმციმებიანი შავი ჯიპებიდან გადმოსვლის დროაო, მაგრამ ვერ მოგვართვეს! არც გამკვირვებია, პოლიტიკოსების ნათქვამი ბევრი გაგვიგონია, ასრულებული კი - ძალიან ცოტა! რომ იცოდეთ, უთქმელადაც აკეთებს რაღაცებს პრემიერი: საქმემან მისმან გამოაჩინოს და არა - სიტყვებმა! მუჰთარლის "ტრანსპორტირებაც" მაგის ანგარიშზეა. ალიევს "პოდნოსით" მიართმევდა მუჰთარლი ბატონს ვინმე, მაღალი ეშელონების ნებართვის გარეშე?! თუ თავად არაფერი იცის კვირიკაშვილმა, მისი კაბინეტიდან იქნება ვინმე ისეთი, ვინც თავის თავზე აიღებს ამ ფეოდალური ხანის არმაღან-ფეშქაშ-მუქაფა-საჩუქრობანას! არ გინდათ "ქოცური" "გაპრავება" - მიშამ გარეჯა რომ ჩაუჯიბა აზერბაიჯანს, აბა, ის იყო კარგიო?!

"ნი რიბა, ნი მიასაო", რომ ამბობენ ხოლმე რუსულად, ეგ მინდოდა მეთქვა კვირიკაშვილზე, მაგრამ სასწრაფოდ ენას დავაჭირე კბილი! არ მინდა თავის მართლებამ მომიწიოს ტენდენციურ მკითხველთან, რომ რუსეთუმე არ ვარ და იტალიურ ელფერს მივცემ ჩემს ნათქვამს: კვირიკაშვილი არც მაკარონია, არც ვერმიშელი!

"ქართული მარშისთვის" კი ცალკე გავაჟღერებ შეფასების ეროვნულ ვერსიას: არც ღვინოა და არც ძმარი. კარგა ხნის წინ ტანზე იხევდნენ სამოსს მესკამია "ქოცები", კომბლე ღარიბაშვილის დიდებისთვის, მაგრამ ახლა ახსოვს ვინმეს სიმამრიჩი?! არ ახსოვთ შარშანწინდელი თოვლივით, რადგან სკამი უპირველესია! ასე რომ, სოლოლაკური ნიავი თუ დაატყდა სმერჩივით კვირიკაშვილს, მერე მაგასაც ადვილად დაივიწყებენ...

კრიმინალი, ეკონომიკის დაცემა, ხალხის მასობრივი მიგრაცია და უპერსპექტივობა გულს გვიჭამს. მთავრობის მეთაური კვირიკაშვილია და რას აკეთებს?! როცა მთავრობის ქმედება უეფექტოა, პარლამენტმა და პრეზიდენტმა პასუხი უნდა მოითხოვოს, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო მარადმწვანე პარლამენტარებს, რომლებიც პოლიტიკურ ქურქებს ისე იცვლიან, როგორც გველი - კანს. ან მარგველაშვილმა რა ქნას, ახლო ნათესავებს ვერ უპატრონა ჯერ! ჰოდა, დამშეულ-დანევროზებული ადამიანებიდან ზოგი ძალადობს, ზოგიც ქურდობს და ზოგიც კიდევ მარიხუანით აპირებს მკურნალობას! შევარდნაძის დროს დაწყებული ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძლივს გვეღირსა, უკვე საფრთხის ქვეშაა: რაინ-ვესტფალიის ხელმძღვანელობას პეტიცია გაუგზავნია გერმანიის ფედერალური ხელისუფლებისთვის, ქართველებს აუკრძალეთ გერმანიაში შემოსვლა, მეტი აღარ შეგვიძლია, ძალიან შეგვაწუხეს ქართველმა ემიგრანტებმაო. აი, აქაც ვადანაშაულებ ხელისუფლებას, სამი მილიონი კაცისთვის საქმე ვერ მიგიციათ და თავს გვჭრის მერე ზოგი ემიგრანტი ყაჩაღობა-ქურდობით დასავლეთ ევროპაში! მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რომ გემეტებათ კარგი ბიუჯეტი და მაინც არაა მაგათი საშველი (ისევ დეპოშია მაგისი ლოკომოტივი), რატომ ვერ ხვდებით, რომ მიშას დროს დაწყებული მედიის მოთვინიერება ახლა აღარ გამოგივათ? იმ დროს ჯერ კიდევ იყო ყველაზე პოპულარული საინფორმაციო ბერკეტი ტელევიზია, რომლითაც ათაყვანებდნენ ამომრჩევლებს და ახლა თქვენ იმავეს ცდილობთ საბრალო "საზმაუთი"?! იმ "საზმაუთი", რომელსაც "ვარდისფერმა ინტელიგენციამ" ფეკალია უწოდა?! ბუნებრივია, მე ამ შეფასებას ვემიჯნები, მაგრამ ეს პირველი არხი რანაირადაა პირველი?! ბოლოდან პირველია?! შესაძლოა, რადგან "ფიფლმეტრები" უბნობენ მის დაბალ ყურებადობაზე და მგონი, ბიძინას მოთხრილ ხეებს მეტი მნახველი ჰყავს ონლაინში, ვიდრე მთელი საზმაუს საეთერო ბადეს!

პ.ს. ერთი ლეიბორისტი ამბობდა, მინდოდა, "ფეხი დამადგით" გამერემიქსებინა, მაგრამ უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეც და დავითობაც ჩავლილია უკვე, ამიტომ ისევ გალაკტიონის ერთი ლექსის ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთო: ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ბიძო თხრის, ხეები მიქრიან გზადაგზა, ხეთა რიგს, ხეთა ჯარს ურეკს რგავს, ხეები გადააქვს, გადააქვს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს