ივანიშვილი შუშის აკვარიუმიდან, სააკაშვილი თვითმფრინავიდან, შევარდნაძე, ეჰ, შევარდნაძე... - კვირის პალიტრა

ივანიშვილი შუშის აკვარიუმიდან, სააკაშვილი თვითმფრინავიდან, შევარდნაძე, ეჰ, შევარდნაძე...

ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ ჩემთვის სულერთია მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრისტი, "ნაცი", "ქოცი", "ნანაცარი", "ნაქოცარი", პრემიერი და დაბალი რგოლის ჩინოვნიკი. რომელიც დააშავებს, ყველაზე დავწერ და პროვოკაციის ქარცეცხლში გავატარებ-მეთქი, მაგრამ არ ესმით პოლიტიკურად ანგაჟირებულებს.

წითელხალათიანი ონლაინასინეთები "ქოცობას" მაბრალებენ, ლურჯხალათიანების ნაწილისთვის "ევროპეისკი ნაცი" ვარ, ნაწილისთვის - წმინდა წყლის მიშისტი. ერთმა ლურჯხალათიანმა სულაც ნამუსზე ამაგდო, სად გაქვს გადამალული სახელმწიფოებრივი სიამაყე, რომ იძახი, ჯიპებიდან ჩამოვიდნენ ჩინოვნიკები, ვირზე ამხედრდნენ თუ "ჯოხის ცხენზეო"?! ელაპარაკე ახლა ამნაირებს! დანიასა და ბრიტანეთში ისეთი სახელმწიფო მოხელეები დაბრძანდებიან ველოსიპედებით, ჩვენ კარგა ხანს რომ არ დაგვესიზმრება. ველოსიპედი ვახსენე თუ არა, წითელხალათიანი ზაირა კოორდინატორი შემომიხტა დიდაქტიკური "რეჩით": ვინც ველოსიპედით დადიოდა, ვერ შეიფერეთ და კი დაგულაობს უკრაინასა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის ახლა ჩვენი მეორე დავით აღმაშენებელიო!

რამდენადაა ეს ჩვენი ნაპრეზიდენტალი (რომელსაც "რუსთავი 2" ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ეძახის) დავით აღმაშენებელი, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველიერის კვირის დასაწყისში სიმბოლურად კი გასკვანჩეს რესტორან "სულგუნში"! მერე დიდი ამბავი დაიწყო უსაქმური ხალხისგან, მიხეილმა დაკავების დროს ჩაიფსა თუ არაო? ერთნი "სულგუნის" სველ სკამს ატრიალებდნენ "ფეისბუკზე", მეორენი მშრალს და კი შევიქციეთ თავი ცოტა ხანს! ისე, საინტერესოა, ეს ჩვენი ყოფილი რა სახსრებით დაბრძანდება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთამდე? ბებია მაგას აღარ ჰყავს ცოცხალი, პენსია რომ ჩაახუტოს და ამხელა კაცი ნუთუ ცოლისა და დედის ხარჯზე აპირებს ცხოვრებას?

ცოტა რომ დააგვიანებს ხოლმე სააკაშვილი ახალი სანახაობის "პრეზენტაციას", ეგრევე იწყება უმარილო იდეების გენერირება. მაგალითი გნებავთ? ახლავე გეტყვით: ქართველი პოეტების ნაწილი აპირებს სამეგრელო-იმერეთის საზღვარზე პოეზიის ქალაქის აშენებას. გალაკტიონს ჰქონდა ეს იდეა თავის დროზე, სამტრედიას დაერქვას "გალაკტიონიო" და ბარემ კარლოვიჩს ვუთხრათ, კალაკტიონ-გალაქტიონი დავაარსოთ და იქ მოვიყრით ხოლმე თავს პოეზიის რაინდები და ბანოვანნი, რათა ხელოვნებით გადავარჩინოთ ჩვენი სულიერებაო. ნამდვილად კარგი სანახაობა იქნება: ისედაც გვაკლია ცირკი და ბალაგანი, ბარემ სამტრედიასთან ახლოსაა უზარმაზარი გასართობი ცენტრი პარლამენტის სახით და ცალკე გურიიდან მოგვაწვდიან ფიცხელ სკეტჩებს.

აი, დაახლოებით იმგვარს, ჩოხატაურიდან ქართველმა ჟირინოვსკიმ რომ ისროლა კარგა ხნის წინ: "აი, აქედან, ჩოხატაურიდან, პოლიტიკის აკადემიიდან, ვიწვევ პირდაპირ ტელედებატებში კრწანისიდან ედუარდ შევარდნაძეს, თვითმფრინავიდან მიხეილ სააკაშვილს და შუშის აკვარიუმიდან ივანიშვილს. გამცენ პასუხი, რატომ იყო საქართველო ამხელა და რატომ გახდა ამხელა (ხელით ჯერ დიდი სიგრძე გამოსახა, მერე - პატარა)". აი, ასეთ ამბებს რომ მოისმენ, მერე გავიწყდება 2015-2016 წლებში ხეების დასარგავად 19 ათასით მეტი ორმო რომ ამოათხრევინა თბილისის მერიამ, რის გამოც 26 227 ლარი გაიფლანგა თურმე! ან თუნდაც ბინათმშენებლობისთვის გაცემული ათასობით კვადრატული მეტრი ვის ახსოვს მანამდე, სანამ მასზე ცაში აყუდებულ ბეტონის "კუბოებს" არ ააშენებენ? ან კიდევ ბოლო ერთ წელში საქართველოდან გაქცეული 800 ათასი კაცი ვის ახსოვს?!

პ.ს. ერთი ჭკვიანი კაცი ევროპის გამკაცრებული ტონის გამო ირონიით წერდა: კაცო, კრიმინალები არ უნდა იყოს და არც ვაჩერებთ, ვყრით ქვეყნიდან. საზღვარგარეთმა კიდევ, აჰ, არ იყაჩაღონო! აბა, რა ქნას პატიოსანმა ბანდიტმა, გაქრეს? პროვოკაციულად ვუპასუხებ ამ ბატონს: რატომ უნდა გაქრნენ, რა პრობლემაა ბანდიტების თანამდებობებზე დანიშვნა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს