ვინ გამოადგება საქართველოს პრეზიდენტად? - "უდიპლომო" იურისტი, "პარიჟანკა ქოცქალა" თუ "გასპაჟა" ბურჯანაძე?
08-03-2018
ვინ გამოადგება საქართველოს პრეზიდენტად? - "უდიპლომო" იურისტი, "პარიჟანკა ქოცქალა" თუ "გასპაჟა" ბურჯანაძე?
ძლივს ეღირსათ იმედგაცრუებულ "ნაცებს" მიშას იმედიანი შემოძახება ამსტერდამიდან - ისევ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს შენება, ხომ ხედავთ, რას დაამსგავსა ბიძინამ საქართველო, გაუყიდველ ოპოზიციას გაქვთ დრო, გაერთიანდეთ და ერთიანი კანდიდატურით ძირს დასცეთ არაფორმალური მმართველობაო! გაყიდულებში ალბათ "ევროპული ნაცები", ვაშაძისტები და "გირჩები" იგულისხმა, გაუყიდველებში ირიცხებიან მეგი გოცირიძე და მსგავსნი მორწმუნენი მიშასი, რომლებიც "ფეისბუკზე" რატომღაც გაორებულ-გასამებული სახელებით არიან დარეგისტრირებულნი და აქვთ თავიანთ "სამიშეთში" ნეტარება: ალილუიას დასძახიან მიშას, გუნდრუკს უკმევენ რომან გოცირიძეს და ჯვარზე აკრავენ
მორიგეობით ბიძინას, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილს და ალაგ-ალაგ პუტინსაც...


ამ ნეტარებაში რომ იყვნენ, უცებ ვიღაცამ დაიძახა, პრეზიდენტობის კანდიდატად "ოცნება" წულუკიანს ასახელებსო! აი, დაიწყო კბილთა ღრჭენა და პოლიტკური კრუნჩხვები: ეგ ქალი იმნაირია, არ გაგვახარებს არც ჩვენ და არც ჩვენი მიშას დამზოგველი იქნებაო. ზოგმა ისიც კი გაიხსენა, მაგას რომ
დიპლომში იურისტი არ ეწერა, გახსოვთო? სხვებმა მიაძახეს, - გაჩერდით ახლა, ეგ ისეთი დაუღალავი და მოუსვენარია, აუცილებლად კიდევ გაადიდებს თავის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და ჩარჩოში ჩასმულს ისე აგვაფარებს სახეზე, როგორც ერთ დღეს ააფარა რომელიღაც გადაცემაში ჩვენს სახელოვან კვესიტაძესო! მაშინ სიმაღლე მაინც დავუწუნოთ ან ხორვატიის პრეზიდენტისგან განსხვავებით, მკერდის გარშემოწერილობაო! ვიდრე ამაზე მსჯელობდნენ, ამასობაში მეორე ჭორი გამოვიდა: "პარიჟანკა" "ქოცქალა" სალომეს უპირებენ მგონი დასახელებასო. აი, "ქოცქალობაც" ზედმეტი მოუვიდათ, ვერც პარამეტრებს დაუწუნებენ და ალბათ დიპლომის წარმოდგენასაც არ მოითხოვენ უბადრუკებაში ჩავარდნილი მესამე პრეზიდენტის "წამებული რაინდები და ბანოვანები", მთაწმინდელების არჩეულ პარლამენტარს.

სალომე თუ დაასახელა "ოცნებამ" თავის კანდიდატად, ჩათვალეთ, რომ პირწმინდად მოუგებს მსოფლიო რანგის დიპლომატი "ქადჟებს".

აი, კომბლე ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მეოცნებეებს როგორ აქვთ საქმე? ისევ "ლაბორანტის" სკამს უნდა შერჩეს მათი იმედი და სასოება? ნუთუ ასე დაივიწყა ბიძინამ ირაკლის ერთგულება და სიყვარული? ალბათ დაივიწყა, რადგან პრემიერყოფილი ახლა გიგანტი ხეების გურიაში გადატანის საკითხითაა დაკავებული და სულაც არ აინტერესებს, სად იქნება "ჩარგული" ირაკლი (გვარს არა აქვს მნიშვნელობა, ღარიბაშვილი, ალასანია თუ ოქრუაშვილი...).
თავად ბიძინა უნდა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტიო, თქვა ხუხაშვილმა. ვიღაცამ ისიც კი თქვა, რატომ ბიძინა და არა - ენძელა ან თუნდაც გუგულიო?! რომ წარმოვიდგინე საომარი სიტუაცია, გუგული სამხედრო ფორმაში გამოწკვართული, სახეზე კომფულაჟით თუ რაღაც ჯანდაბა ჰქვია სახის საომარ მოხატულობას, კი მივხვდი, რამდენად პოზიტიური იქნება ეს არჩევანი - მტრები სიცილით მაინც დაიხოცებიან, ტყვიით თუ არა! გეფიცებით, არ დავცინი, უბრალოდ, წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია და თუ არ გაგეღიმებათ, ამ თვეში ჰონორარზე უარს ვიტყვი და გადავრიცხავ "გირჩის" ფონდში, რათა გასაბერი ეკლესია შეიძინონ ან სულაც, მარიხუანას დასათესი ქოთნები...

დღეს რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებზე ვსაუბრობ, თქვენი ნებართვით, "გასპაჟა" ბურჯანაძეზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. რომელიღაც რუსული საინფორმაციო არხისთვის უთქვამს, ჩემზე გაბედული და გამოცდილი ვინ ჰყავთ საქართველოში, რომ აირჩიონო? გაბედულების რა გითხრათ, ქალბატონო ნინო და გამოცდილება კი გაქვთ. სულ პოლიტელიტაში ტრიალებდით, ხან ედუარდის კარზე იყავით დაფასებული პრინცესა და ხანაც მიშას კარის სეფე-ქალი, მაგრამ თქვენი გაბედულება მხოლოდ მაშინ ვლინდებოდა, როცა ოჯახური ბედნიერება და უზრუნველობა დგებოდა საფრთხის ქვეშ!

პ.ს. წულუკიანს ეკითხებიან, პრეზიდენტად რომ აგირჩიონ, რას იზამო? ჯერ ამირჩიონ და მერე ჩემი დიპლომის ასლებს დავაბეჭდვინებ, ყველა მსურველზე თითო ეგზემპლარადო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Shoda
14 მარტი 2018 13:38
მე კი გავაკეთე კომენტარი, მაგრამ ვინ გამოაქვეყნა? როდის იყო რომ თქვენ გქონოდათ იმის ვაჟკაცობა, რომ სიმართლე გეთქვათ? ერთ ძველ იტალიურ ფილმში, ერთ-ერთი გმირი ამბობს: ყველაზე მეტად ლაჩრებს ვერ ვიტან და მაინც იმათ გვერდით მიწევს ყოფნაო,
რას იზამ? სამწუხაროდ ლაჩრებს და ჩარჩებს რა დალევს ქვეყნად! ნუ იტყვით გვლანძღავსო, რადგან ეს სიცრუე იქნება!
დარეხვილი
13 მარტი 2018 12:23
პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად ელგებედეს წევრი უნდა იყოს, ევროპას გაუხარდება!
უდიპლომო დიპლომი )))
13 მარტი 2018 03:21
დიპლომი კი აქვს მაგას, ადმინისტრაციული საქმიანობის კუთხით ოღონდ. ანუ, სისხლის სამართლის კუთხით არაა.

რედაქტორის რჩევით