დევდარიანის "ტრფობა წამებული", "გასადისიდენტებელი" თაკო და პარლამენტიდან გამოსაყრელი ენძელა და გუგული... - კვირის პალიტრა

დევდარიანის "ტრფობა წამებული", "გასადისიდენტებელი" თაკო და პარლამენტიდან გამოსაყრელი ენძელა და გუგული...

გასულ კვირაში ორი საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი: გუდაურის ბაგირგზისა და ზვიად დევდარიანის თემები. ბუნებრივია, ამ საკითხებზე ალტერნატიული აზრები იფრქვეოდა. ერთნი თავგამოდებით იწუნებდნენ საქართველოს ყველანაირ ინფრასტრუქტურას და ქართველების ბედივით უკუღმა დატრიალებული "კანატკების" გამო მოითხოვდნენ ბიძინას გადადგომას, კვირიკაშვილისა და მისი კაბინეტის პასუხისმგებლობის დაყენებას, ასევე შიგადაშიგ გაისმა შევარდნაძის გადადგომის, თაკო ჩარკვიანის დისიდენტად აღიარებისა და გუგული მაღრაძის (ასევე, ენძელა მაჭავარიანისა და ადა მარშანიას) პარლამენტიდან გამოძევების მოთხოვნები.

"კანატკათმცოდნეობის" ამდენი სპეციალისტი თუ ჰყავდა საქართველოს, ნამდვილად არ ვიცოდი. თვით ის დედაკაცებიც კი გამოთქვამდნენ კომპეტენტურ მოსაზრებას, ტყემლის შეკაზმვა რით ხდება, ომბალოთი თუ პიტნით, რომ არ იციან! სამაგიეროდ, სამუხრუჭე სისტემა, დენის მიწოდება და რეგულაცია, ბაგირების ხარისხი, მომსახურე პერსონალის შეფასების კრიტერიუმები ისე ჩამოარაკრაკეს, თითქოს ჭიათურის ბაგირგზების "მამის", ფანცულაიას მარჯვენა ხელი, ტვინის მარცხენა ნახევარსფერო და გულის მარჯვენა პარკუჭი იყვნენ ოდესღაც!

გუდაურში დაშავებული პოლონელი ტურისტი ამბობდა თურმე, მეორედ ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოშიო. არ იქნება და ნუ იქნებაო, უთქვამს კინაღამ კისერმოტეხილ რუსს და საავადმყოფოდან ეგრევე გუდაურში მოუცოცხავს! ამის მერე დაიწყეს სხვა ნოტებზე სიმღერა "კანატკათმცოდნეებმა", ამაზე უარესებიც ხდება უფრო მოწესრიგებულ ქვეყნებში და ჩვენთან საბაგიროდან პანტასავით გადმოსროლილი 11 ტურისტის გამო ლამის სახელმწიფო ეშაფოტზე აიყვანესო... ისე, შორიდან ვაკვირდებოდი ჟურნალისტების საუბრის მანერასაც და თუ არ მომეჩვენა, ვიტყვი მოკრძალებით, ზოგს გულიც კი სწყდებოდა - ამ 11-დან ერთი მაინც დაჟეჟილიყო წესიერადო! ნაწილობრივ საკითხის კომპესირება შეძლო "ქართული ოცნების" "სიბრძნის კრიალოსანმა" მაღრაძემ, მთავრობამ ხალხს ფული გაუჩინა და ამიტომ დადიან მთაში დასასვენებლადო! ვიღაცამ აუხსნას, რომ ის პოლონურად და რუსულად მოსაუბრე ხალხი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, შესაბამისად, ვერც ვერაფერს გაუჩენდა ჩვენი მთავრობა!

18 მარტი, მოგეხსენებათ, პუტინის "არჩევანის გაფორმების" დღე იყო რუსეთში. მეგონა, რომ ბატონი ვოვას თემა იქნებოდა წინა პლანზე, მეთქი დაწერენ PUTIN VS ZHIRINOVSKI, მაგრამ რა პუტინი, რა ჟირინოვსკი, თურმე "საზმაუს" ბორდის წევრად გამზადებული ლომჯარიას კანდიდატი დევდარიანი უფრო დამაქცევარი ყოფილა, ვიდრე პუტინი, ეკატერინე მეორე და თვით ივანე მრისხანეც კი!

აი, ეგ ევროპულ-დასავლეთური შუქურა დევდრიანი ყოფილა სექსისტი და მოძალადეო. მტკიცებულებებიც ბევრი მოჰყვა დევდარიანის წინააღმდეგ გამართულ კამპანიას. თუ არ ვცდები, ათამდე ქალი ბრალს სდებს ამ "ქართველ სოროსს", ფეხის თითთა გამოჩენისა და საწოლში შეგორების მოთხოვნაში, თან იქვე დასძენენ, თუ არა დევდარიანის სურვილის დაკმაყოფილება, ისე "სიდაში" ვერ იმუშავებდი, ვერც გრანტებს წამოიღებდი მისგანო... უკვე ამუშავდა ლოგიკა! ანუ, ვისაც დევდარიანთან შრომითი ურთიერთობა ჰქონდა, ეს ავტომატურად მასთან სქესობრივ ურთიერთობასაც ნიშნავს? არაო, ერთმა ფრიად გონიერმა ადამიანმა ბრძანა, დევდარიანის თემა უფრო ღრმაა, ის გრანტებთან იქნება კავშირში და არამც და არამც სექსთანო! ისე, ამ "შევიწროებულ" ქალებს რაღა ახლა გაახსენდათ ზვიადის ტემპერამენტი, დეპოში შესული საზმაუს ბორდის წევრის მანდატი კინაღამ ჯიბეში რომ ედო? ბატონმა დევდარიანმაც სასწრაფოდ უარი განაცხადა "ბორდელობაზე" და ესეც გასაოცარია - თუ ცილს გწამებენ, ამ ქალბატონებს სამართლებრივად მოსთხოვე პასუხი, თუ მართლა "დიანას წვივ-ბარკლებით" იყო გატაცებული, მაშინ თავად აგოს პასუხი. ნაკლებად მჯერა, "თეთრი ბაირაღების" დევდარიანის ნათესავი იყოს ზვიადი, მაგრამ ქალთა ამგვარი ტრფობა თუ ძალადობა და შევიწროებაა, მაშინ რად იდგნენ აქტივისტი ქალები ამ დევდარიანთან ერთად აქციებზე? გამოდის, რომ აქციებზე ნაცარს აყრიდნენ თვალებში საზოგადოებას და კაბინეტებში კი - ქათინაურებს და ლიბიდოს ნაპერწკლებს?

პ.ს. რუსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, პუტინმა გააყალბა არჩევნები, თორემ პირველი ადგილი მას ეკუთვნოდა. ამასთანავე, რუსეთში არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების "გაპრავების" გამო, ამერიკის ელჩის გათავისუფლებას მალე მოითხოვს, კაპიტოლიუმის წინ...