მისი უსაქსოვჩხირესობა პრეზიდენტი, კეკლუცობის აკრძალვა და დისკრიმინირებული კონდოლიზა
29-03-2018
მისი უსაქსოვჩხირესობა პრეზიდენტი, კეკლუცობის აკრძალვა და დისკრიმინირებული კონდოლიზა
სამწუხარო რეალობა თქვა ამას წინათ ტრაქტოროსანმა გიორგი მარგველაშვილმა - ტრაგედიამ გაგვაერთიანა ქართველებიო. ეს რომ ბრძანა მისმა ყოვლად უსაქსოვჩხირესობამ, იმავე დღეს წულუკიანის ღიმილიანი ფოტო გააბურთავეს მიშისტებმა: დახეთ, ჯერ გმირი ქართველი არ დაუმარხავთ და უკვე ყურებამდე აქვს პირი სიცილით გახეულიო. ვიღაცამ განმარტა: იუსტიციის მინისტრი ნაცნობს მიესალმა და თან გაუღიმა, ეს ხომ ჩვეულებრივი ჟესტია და მეტი არაფერიო! ჩვეულებრივი როგორაა, როცა ჩვენ მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როცა გვიჭირს? ჰოდა, არავითარი ღიმილი, ქალბატონო წულუკიანო, მხოლოდ ცრემლის
ღვარღვარი და მუშტი-კრივი საკრებულოებში!

ზუგდიდის, ბორჯომისა და თელავის საკრებულოებში ზედიზედ იჩხუბეს, ოღონდაც კახელებმა სწორედ რომ საქმიანად იჩხუბეს: საძოვრები ხალხის პრობლემაა! აი, ბორჯომისა და ზუგდიდის საკრებულოებში ტემპერატურის აწევა მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასებს ეხება და თუ უნდათ, ერთმანეთი სულაც ისე დაუბეგვავთ, როგორც საკატლეტე ხორცი! ხალხის ბედი მაგათ არ
აწუხებთ და გვერდების ტკივილმა მაინც შეაწუხოს მათი ფრიად მგრძნობიარე გვამები!

ზოგადად, პოლიტიკოსებს უფრო მგრძნობიარე ფსიქიკა და ფიზიონომია ჰქონიათ, სანდრო ბრეგაძის მაგალითმა ეგ დაადასტურა, მაგრამ ამ შერჩევითმა მისამართლ-მოსამართლეებმა დაგვაღონა! გაბუნიას გინება დიდი ფასი უჯდებათ მარშელებს, აი, პრემიერის მიერ კეთილების მოკითხვა და საკრებულოებში უწმაწური სიტყვების გადამისამართებანი - არც არაფერი ღირს! "ქართული მარში" რუსული პროექტიაო, გაიძახის მედასავლეთეთა ნაწილი, ვითომც ამ აკორკოტებული დემარშისტების გარდა არავინ გვყავდეს რუსეთუმე ქვეყანაში!

ახალი მიგნება თუ აღმოჩენა კიდევ: ვიღაც ფემინისტმა დაწერა, ქალთა უფლებებს რუსოფილები არღვევენო. ამაზე რუსოფობებმა ისეთი ტაში დასცხეს, ბრეჟნევს რომ არ უნახავს და არ სმენია კრემლის კედლებში! ქალთა უფლებების ამჟამინდელი მოთხოვნის შესახებ მართლა ვერაფერი გავიგე. ძალადობა ყოველთვის დასჯადი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ამას დევდარიანი ჩაიდენს, უგრეხელიძე თუ ბელტიყლაპიაშვილი,
მაგრამ "შე ბნელოო", ვიღაც მაიამ მომაძახა, ახლა ჩვენ გვინდა კვოტები საჯარო სამსახურებსა და პარლამენტშიო! - მაღაროსა და აგროსექტორში არა-მეთქი? - ამოვიკნავლე და პასუხი ისეთი მივიღე, ცალი ყბა საღამომდე მქონდა ჩამოვარდნილი: დედაშენი, შენი ცოლი, ცოლისდა, სიდედრი და ყველა შენიანი მდედრი ამუშავე, თუ კაია, მაღაროშიო!

ფიქრით კი ვიფიქრე, ამ ქალს თავისი თბილი მომავალი ადარდებს, თორემ სხვა თანამოსქესეების ბედი არ აჯავრებს-მეთქი, მაგრამ გამოდავებას რა აზრი ჰქონდა?! სქესი კი არა, თავად ნიჭმა და შესაძლებლობებმა უნდა შექმნას ადამიანის კარიერა, თორემ როდის იყო, ქალკაცობით ირჩეოდა დიდი მხატვარი, პოეტი, სპორტსმენი ან პოლიტიკოსი?! ისე, კონდოლიზა რაისი თავის დროზე, ბალღობისას, კანის ფერის გამო არ შეუშვიათ ექსკურსიაზე თეთრ სახლში, მაგრამ მერე ზოგს მაინც ემახსოვრება, რამხელა თანამდებობის პირი გახდა! ბალღი კონდოლიზას რასობრივი დისკრიმინაცია დემოკრატიულ დასავლეთში მაშინ მომხდარა, როცა ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი "არაკვოტურად" გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი! ახლაც არაერთი ქალია წარმატებული ჩვენში და კიდევ მეტი იქნება, როცა მოინდომებენ და წინ წადგამენ ნაბიჯებს!

ვერ გამიგია, რაში სდებთ ბრალს ქართველ კაცებსო, ერთმა ოჯახური ვალდებულებებით დატვირთულმა ქალმა იკითხა და ამ კითხვას კითხვები მიაყოლეს: ქალო, "ნასკს" ურეცხავ ქმარს?! სადილსაც შენ ამზადებ სახლში? ქმრის თეფშსაც რეცხავ, შე უბადრუკო? და იქვე დადეს დასკვნა: ასეთი ქალები აყოყოჩებენ კაცებს! ასეთი ქალები ზრდიან მოძალადე ვაჟებს! სასწრაფოდ გრანტი, რათა ასეთ დედაკაცებს ჩავუტაროთ ტრენინგი, რომ მიხვდეს, რამდენად შევიწროებულია!

პ.ს. ქართველი მამაკაცების ნაწილი მოითხოვს, რომ ქალებმა კეკლუცობა შეწყვიტონ, რათა ამ დროს ფლუიდებით ანუ "ფსიქიკური დენით" ზემოქმედების ქვეშ არ მოექცნენ და უნებლიეთ არ გახდნენ კრიმინალები, მამა აბრამის ბატკნებივით უცოდველი კაცები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
m
30 მარტი 2018 20:58
ფუი!
!!!
30 მარტი 2018 18:11
ავოეეეეეეეეეეეეეეე
ქართველი
30 მარტი 2018 04:17
ძალისნ მაგარია :)) ვიხალისე :))) ხოლო ვინც იუმორს ვერ იტანს ან ვერ ხვდება---- ააბი გლუკოზა და ... :)))

რედაქტორის რჩევით