პუტინის "ხელის გოგო", ბახალას სიყვარული და სატელეფონო ტარიფები ჯოჯოხეთში - კვირის პალიტრა

პუტინის "ხელის გოგო", ბახალას სიყვარული და სატელეფონო ტარიფები ჯოჯოხეთში

მსოფლიო მასშტაბით დაიწყეს რუსი დიპლომატების დაპანღურება. გასაოცარია, რომ ამ მასობრივ საპროტესტო აქციას თვით პუტინის "ხელის გოგოს", მერკელის გერმანიაც შეუერთდა და რა დააკავებდა საქართველოს მთავრობას, რომ ფეხის ხმას არ აჰყოლოდა? საკითხავი ისაა, რა მოჰყვება ამ ანტირუსულ თუ ანტიპუტინისტურ პროტესტს, ტრასფორმირებული ცივი ომი თუ რუსული "ბატინკების" გადაბრაგუნება ალაგ-ალაგ? ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ ამ კონტექსტში და დავასრულებ: რუსი დიპლომატის გაძევების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" "თავმდებარე" ("შუმნი ნაციონალები"), "ქვემდებარე" ("ევროპული ნაციონალები"), "შუამდებარე" ("გირჩი") და "გვერდმდებარე" (ვაშაძის "პლატფორმა") ნაწილები ისევ წამოაძახებენ "ქართულ ოცნებას", რუსული პროექტი ხართო?

ყველა ყვავს რომ თავისი ბახალა უყვარს, ძველისძველი სიბრძნეა, მაგრამ "თეთრ ხმაურს" რატომ უყვარს ასე ბარიგობაში (თანამედროვე ტერმინოლოგიით - ნარკოდილერი) დადანაშაულებული ბახალა, ესაა საკითხავი. ამდენი სუბოტექსის შემომტანს რა აქცია და პროტესტი დაიხსნის?

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში "დატაბლეტებული" საკაიფო საშუალებები სულ მსახიობებს, პოლიტიკაში ცხვირწარგულებსა და მუსიკოსებს შემოაქვთ. მეც ვეჭვობ, რომ მხოლოდ "პოპტიპებს" შემოაქვთ ეს ათასი უბედურება, თორემ ტყაჩირსა და საპრასიაში მწვანილის კვლებზე გადაღუნულ ადამიანებს სანეტარო კაიფი მარტო ბოსტნეულის სარფიანად გაყიდვისას ეწვევათ ხოლმე და სულ არ იციან მარიხუანა-სუბოტექსი და ჰაშიში, არც ამ ყველაფრის მარკეტინგი!

ჩვენი გაქუცული სახელმწიფო რომ დასალაგებელია, არავისთვის ახალი ამბავი არაა, მაგრამ რას ვაკეთებთ მის დასალაგებლად? შრომისუნარიანი ხალხი ქვეყნიდან დასავლეთ ევროპისკენ უკანმოუხედავად გარბის, უფლებადამცველები თურმე ფარულად უფრო მეტად არღვევდნენ (უფრო მოდურად თუ ვიტყვით - ავიწროებდნენ) საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, ვიდრე აღიარებული მოძალადეები, ცალკე ციყვებზე ატყდა ამბავი, "ნეტავ სად არის ის ციყვი, ალბათ იმ ტორტზე ზის", წამოგვიმღერეს და კიდევ ახალი ამბავი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე, რუსთავსა თუ სამეგრელოში! აი, ისეთი სიტუაცია გვაქვს, ქვევრში ღვინის დადუღების პროცესი რომ იწყება! იმედია, დაღვინდება ეს ქვეყანა და ეგრევე ძმარს არ მივიღებთ მაჭრისგან! თანაც, ვხედავთ, რომ ქვეყანაში არასასურველი ინგრედიენტების მოცილებასაც იწყებენ. ალავიძე გადადგაო, იხუვლა ერმა. ვითომ მაგისი მიჩოხვა იქნება ტენდენციური ტენდერებისა და რეგიონების დაცლის საწინააღმდეგო პანაცეა! პრემიერმა კვირიკაშვილმა კი თქვა, აიო, ეს მინისტრი დიდი რუდუნებით ითხოვდა გაშვებას და მე არ ვშვრებოდი, მაგრამ ბოლოს მაინც ხათრი ვერ გავუტეხეო! კაი, რა, ბიძია გიორგი, ყველგან შენი "სპასატელობა" არ უნდა დაგვახალო ტყვიასავით. ეგ ალავიძე ვითომ ძალიან გადაიღალა მინისტის პორტფელის ტარებით და იმიტომ მიდის, თუ ახლა იგრძნო ვალდებულებების სიმძიმე? ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს კი ვთხოვ, ნუ დაიწყებთ ხოლმე ერთი მინისტრის გაგდება-გადაყენებით ოცნების კოშკების შენებას. ალავიძე კი არა, თვით შარლ დე გოლი გადადგა თავის დროზე. დე გოლი რა სახსენებელია, მიშაც კი გადადგა პრეზიდენტობიდან! კაცი ლეგენდა, კაცი აღმაშენებელი, კაცი ოლიგარქების კბილის ჭია, კაცი ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიის უქრობელი შუქურა და ცენტრალური ევროპის ნელსონ მანდელა!

მკითხველო, ორიოდე სიტყვით მონატრებულ მიშას მოთქმას წინასააღდგომოდ შევაწევ. ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, "ღრუზიას" არ დაგაფასეს, კიევში მიგიწვიესო, ჰქმენ სულგრძელობა ყველაზე და დასთმე შენ ჩვენთვის ესო, - იგალობებს გოცირიძე, ორჯონიკიძე და მათი მსგავსი ნაცდედაკაცებობა, თუმცა, ვანი-ხონის მაჟორიტარულზე ნეტავ ვინ უგალობებს სულთათანას უგულავას პოლიტიკურ ჩასვენებას? სავარაუდოდ, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ვანი-ხონის მომავალი მაჟორტარი ჭიჭინაძე იზამს ამ საარაკო საქმეს, მე თქვენ გეტყვით და, ვოკალური მონაცემები არ შეუწყობს ხელს თუN41-ობა?

პ.ს. ჯოჯოხეთში ლუციფერს მიადგნენ "ქოცი", "ლეიბორისტი" და "ნაცი" თხოვნით, რომ დაერეკათ ახლობლებთან საქართველოში. "ქოცს" წუთში 100 დოლარი მოსთხოვა, ბიძინასგან ბევრი ფული გაქვს მიღებულიო. "ლეიბორისტს" მხოლოდ 10 ცენტი, მეტი მაინც არ გექნებაო და "ნაცს" კი უფასოდ დაარეკვინა, თანამშრომლობის გათვალისწინებით, კორპორაციული სერვისი, ულიმიტო და უფასო ზარები გაქვს დამსახურებულიო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს