დემოკრატიის იმიჯი ნინია და "ახალი" შემვიწროებელი სენაკისა და ხაშურის მერები - კვირის პალიტრა

დემოკრატიის იმიჯი ნინია და "ახალი" შემვიწროებელი სენაკისა და ხაშურის მერები

ხალხს კიდევ ერთხელ მოუშალეს ნერვები საზმაუს ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო. ეგაო, ოპოზიციის კანდიდატურაა და ყველა ვარიანტში უნდა დამტკიცებულიყოო. "დლია იმიჯა ი დემოკრატიი" ყოფილა საჭირო ნინიას არჩევა... მდაა, საქმე ისევ ცუდად აქვს ამ საწყალობელ პირველ არხს! თუ ოპოზიციური ძალის სასურველი უნდა არჩეულიყო, აერჩიათ არა ისეთი, ვინც პუბლიკას განარისხებდა, არამედ საქმის მცოდნე, ნეიტრალური ადამიანი!

ფაქტი ჯიუტია და ბორდი ვერ ცვლის ჯიბის ტელევიზიად დაბადებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს! არც მახსენდება, ამ არხს მაინცდამაინც საზოგადოების მაჯაზე ჰქონოდა ხელი დადებული. ჩანს, რომ ისევ აწყობს ვიღაცას მისი ურეიტინგობა და მაჩანჩალობა. ისე, ამ მაჩანჩალობის სტატუსს ამდენი მილიონი რად უნდა, ბიუჯეტიდან რომ ვყრით გამხმარი ფოთლებივით?! თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზმაუ ხალხის გამოთაყვანების საშუალებად გამოადგება, ეგ დრო წასულია! უკვე რამდენი ხანია, ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება სხვა საშუალებებით და ნუ გექნებათ ამ წყალწაღებული არხის იმედი, რომ მიზანს მიგაღწევინებთ, დაინტერესებულო "პოლიტიკოსებო"!

საზოგადოებრივი მაუწყებელი ნინიას ბაღად იქცაო, - იხუმრეს. ნინიას ბაღისოდენობა თუ შეძლო მაღლაფერვიზიამ, კიდევ არა გვიშავს, მაგრამ ვერც იბაღებს და ვერც ისკვერებს. აგერ მე და აგერ თქვენ, გაგახსენებთ ჩემს ნიჰილისტურ მოსაზრებას მალე!

შევიწროების თემატიკა ისევ პოპულარულია. მგონია, რომ მთელი საქართველო დავყოთ ორ კატეგორიად: შემვიწროებლებად და შევიწროებულებად. არც იქნება ტყუილი. შევიწროებაში მხოლოდ სექსუალურ ასპექტს არ ვგულისხმობ, ნებისმიერ მოცემულობას განვიხილავ.

ხაშურს მტკვარმაც კი გვერდი აუარაო, - ქირქილებენ ხოლმე ბორჯომელები და თქვენ წარმოიდგინეთ, ბორჯომში ხელფასის გამო ათასჯერ სახელგატეხილი ადგილობრივი ხელისუფლების მდგომარეობას გადაასწრო ხაშურის მერზე გავრცელებულმა ამბებმა. აქაოდა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანაში 6 ადამიანი იჯდაო, მათ შორის მხოლოდ ერთი - 40 წლამდე ასაკის ქალბატონი და ისიც მუხლებზე დაისვა მერმაო. ეს თუ მართალია, შემვიწროებელ მერზე მეტად, დანარჩენ კაცებს უნდა მიუსაჯო ჩიქილის თავზე დაფარება და ხაშურის ბაზარში ყველიერის ყაენივით ატარ-ჩატარება! 4 კაცი თუ უყურებდა ამ ყველაფერს და რეაგირება არ ჰქონდათ, მაგათი კაცობაც შემირცხვენია! ახლა ამ საქმეზე მოხსენდათ თურმე მაღალი თანამდებობის პირებს და პროკურატურაც დაიწყებს საკითხის მოკვლევას, ოღონდ ჯერ დევდარიანის წვივ-ბარკალ-ტერფის ტრფიალისა უნდა გაიგონ და მერე კიდევ უგრეხელიძის ციყვიანი ტორტისა!

სექსუალური შევიწროების თემა დავხუროთ და სხვა რამე მინდა გითხრათ: სენაკის მუნიციპალიტეტიდან მომწვდა ხმა, კულტურის სამსახური რეორგანიზაციამ საყოველთაოდ აღიარებული პოეტისა და მოქალაქის, ვასილ ბესელიას სახლში დასმა გამოიწვიაო. არც ვიცი, ვინაა სენაკის მერი კუპრეიშვილი, მაგრამ რაც ნამუსზე შეგდებისა უწერეს "ფეისბუკზე", მგონია, დაფიქრდეს და დანიშნოს ბესელია ისევ თანამდებობაზე, თუ არა, ეს თემა ისე არ ჩაივლის და მონაგონი იქნება ნინია კაკაბაძე, დევდარიანი და ხაშურის მერის "ჭუკლი, ჭუკლი, პატარა გოგო"! ამის გარდა, მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "რეორგანიზებული" ნატალია ბარათელის საკითხიც წაეწევა აღმართში "ქართულ ოცნებას" და მერე არ თქვათ, ბატონებო, პროვოკატორმა არ გაგვაფრთხლაო! ვიდრე დროა, პროფესიონალები დააფასეთ, თორემ პურის გამომცხობიც აღარ დაგრჩებათ ქვეყანაში, ამომრჩეველს რომ თავი დაანებოთ! მართალია, ამ

"პროვოკაციის" კითხვისას ბევრი თქვენგანი სააღდგომო სუფრის სიმძიმით იქნებით უხასიათოდ, მაგრამ კუჭის სიმძიმის დრო მალე გაივლის და კარგი ადამიანური რესურსების შევიწროება-გაყრა სამსახურებიდან, ხეირს არ დაგვაყრის!

პს. კაკაბაძეს უთქვამს, თუ წელსაც გარდამოვიდა ცეცხლი იერუსალიმში, მაშინ ლურჯ ფურცლებზე წითელი პასტით 41-ჯერ ხუთგზის გადავწერ ხელით "ქრისტე აღდგა მკვდრეთით" და დავარიგებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პირებზე, პარლამენტარებსა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებზე სიმბოლურადო. დაველოდოთ ნინიას ხელნაწერებს, ოღონდ, სხვისი დაწერილი არ შეატყუოს ადრესატებს ისე, როგორც პატრიარქთან ვიზიტის ფოტომასალის შესაღება სცადა "ფეისბუკპუბლიკისთვის"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს