გიგის კრახი, "ნორჩი ბიძინელები" და ანეკდოტი "ლეიბორისტებისთვის" - კვირის პალიტრა

გიგის კრახი, "ნორჩი ბიძინელები" და ანეკდოტი "ლეიბორისტებისთვის"

გიგიმ არჩევნებში წააგო. წააგებდა, აბა, რა იქნებოდა? მაგას ხონელები და ვანელები მოკლე მახსოვრობის ხალხი ეგონა, იოლად დასაბოლებელ-მოსატყუებელი.

ვთქვი კარგა ხნის წინ, ჭიჭინაძე სიმღერ-სიმღერით მოუგებს, ნუ ეცდება პოპულისტური საქციელით რწყილის გამტყავებელთა მოტყუებას, თავად დარჩება მოტყუებული-მეთქი და ჩანს, არ კითხულობს გიგი ჩემს პროვოკაციებს, თორემ შემარცხვენელ აგროაქციებს მაინც აღარ მოაწყობდა ხონ!

რა კარტოფილის თესვა და ხვნა აუტყდა გიგის, არ ვიცი ან ვინ ურჩია, თბილისის მერობაში გამომწნილ "ნაციონალს" თუ "ნეონაციონალს" ვანისა და ხონის მაჟორიტარად ეყარა კენჭი იმ დროს, როცა ბებრის კბილივით მოფამფალებულმა "ქართულმა ოცნებამ" იმერეთის გუბერნატორი გაიმეტა მთავარ კოზირად? ისე, გუბაზ სანიკიძე რომ გაეშვათ #41-ად, ისიც კი მოუგებდა გიგის, დამერწმუნეთ, რადგან ორმოცდაერთიანელობა ნიშნავს "ბიძინელობას", ბიძინა ჯერ კიდევ გამარჯვების საწინდარია! თანაც, კი ხედავთ, მეორედმოსვლა გადაწყვიტა კაცმა იმ დროს, როცა ნინია კაკაბაძის მიერ კინაღამ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა. რა სასაცილოები იყვნენ ჭაღარაშერთული პარლამენტარები, "ნორჩ ბიძინელებს" რომ დაუპირისპირდნენ, - აქაოდა, ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, ეს საეჭვო წარსულის მქონე ბიჭბუჭობა ცდილობს "ქართული ოცნების" სრულად დაპატრონებასო. მოვიდა ბიძინა, ცივი წყალი გადაავლო ცალკე "ქოცებს", ცალკე "ნაცებს"! კი არიან ახლა ბიძინას სახელით მოსული გათავხედებული პარლამენტარები გასუსულები თავიანთ სავარძლებზე, რადგან ბიძინამ თუ მოინდომა, სკამსაც საშვილიშვილოდ დაკარგავენ და იქნებ ის ცოდვებიც კი ამოიქექოს, არაერთს რომ ჩაუდენია სიყმაწვილიდან დღემდე!

აი, "ნაცებს" საშინლად ეწყინათ, ეტკინათ და გაუცრუვდათ იმედი, რადგან მიშას ნაცვლად ბიძინა მოვიდა! გასაგებია, რომ ბიძინა პარტიული წესრიგის გამო გამოვიდა ასპარეზზე, მაგრამ "ქოცების" აზრზე მოსვლა სწორედ "ნაცების" დამწვარზე ნავთის დასხმაა! კიდევ ერთსაც დავამატებ, ბიძინას ოდნავ გააქტიურებაც კი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი არჩევანის გამარჯვებას ნიშნავს. როცა საპრეზიდენტო კანდიდატის კანდიდატურებს წარუდგენენ ბიძინას, რომელსაც მწვანე აენთება სოლოლაკის "მინის კოლბიდან", ის გახდება აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტი და 5 წელი იქნება ავლაბრის რეზიდენციაში უზრუნველად და უშფოთველად, როგორც ახლა მარგველაშვილია! ნეტავი მას, ვისაც ბიძინა საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგენინებს "ქოცებს", უტყუარი გამარჯვება ექნება ხელთ და ბარემ, არჩევნებისთვისაც არ დაგვეხარჯა ამდენი საბიულეტენე ქაღალდი და გაგვეფორმებინა პრეზიდენტად იღბლიან "ქოცთაგან" რომელიმე.

ბიძინას და "ნაცებს" ცოტა ხნით თავს დავანებებ, ერთ კურიოზულ სიტუაციაზე მინდა გითხრათ. "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე ზოგჯერ პატივს დამდებს ხოლმე ვინმე "მსქროლავი ტროლი", რომელიც ჭკუას მარიგებს, როგორ ვწერო. დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი საწერისა მე ვიცი, მაგრამ ეს ბატონი "ტროლი" იმდენად გადაკიდებულია ჩემს ნაწერებს, თუ სადმე "ნაციონალების" საწინააღმდეგოდ დაწერილი ნახა რამე, ეგრევე მე მაბრალებს. სრულიად შემთხვევით თვალი ვკიდე გიორგი გაჩეჩილაძის ბლოგზე მის კომენტარს: პროვოკატორო, არ გივარგა წერის მანერა, თან ანეკდოტი არ ახლავს ამ მინისტატიას, ანეკდოტი ვალად გაქვს და აბა, შენ იცი, არ დაივიწყო, მეორე კვირაში ორი უნდა წარმოგვიდგინოო. ანეკდოტია ეს უკვე, აბა, რა ჯანდაბაა? გიორგი გაჩეჩილაძეს პროვოკატორისგან რომ ვერ არჩევ, კომენტირებას რომ დაანებო თავი, ის დროა ან სულაც, "ნიკი" შეცვალე, მამაცხონებულო, დაირქვი თუნდაც "ტროლური მსქროლი" და წერე ის, რაც გინდა! მართალია, შენი ტროლობის არავის ეშინია, მაგრამ ახალი სახელი აახალგაზრდავებს თავად კომენტატორს და თუ სინტაქსურმა წყობამ არ გაგთქვა, ეგებ კი ვიფიქრო, რომ ჩემს პროვოკაციებს კიდევ ერთი კრიტიკული მკითხველი შეემატა.

პ.ს. ქართული პოლიტიკური სპექტრიდან "ლეიბორისტებს" ძალიან უხდება ეს ანეკდოტი: ღამის ბარში ქალს ეკითხება კაცი, - ქალბატონო, თქვენ დაწვებით ჩემთან მილიონ დოლარად? - დიახ, რასაკვირველია! - ერთ დოლარად? - თქვენ ვინ გგონივართ? - ვინც ხართ, უკვე ვიცი, მთავარია, ახლა ფასზე მოვრიგდეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს