ქალბატონი "კუკუშკას" რეგულაციები, "მარად ბერას მეგის" წინასწარმეტყველება და "მოწეულები და პარლამენტში შეფრენილები" - კვირის პალიტრა

ქალბატონი "კუკუშკას" რეგულაციები, "მარად ბერას მეგის" წინასწარმეტყველება და "მოწეულები და პარლამენტში შეფრენილები"

ვინ გაცდის მშვიდ ცხოვრებას და მოსვენებას? ჯერ იყო და "პაპიროსის" მწეველთა უფლებებზე იყო მოთქმა-გოდება, ეს რა გვიყო "კუკუშკა" მაღრაძემ, სად ვნახოთ ჩვენ კატერი ან უსახურავო, უკედლო და უიატაკო შენობები ნიკოტინის საბოლებლადო?! აი, ეგ უპაპიროსობა არ კლავს, მაგრამ ნარკოტიკის გამოყენება კი ყოფილა ცელი სიკვდილისა. რაღაც "თეთრი ხმაური" არის მდუმარედ, ვითომ შერცხვათ ნარკობარიგების დაცვის გამო?

ვერაფრით დავიმახსოვრე ახალი და ძველი ნარკოტიკების სახელები. ზოგი ნაკლებმომაკვდინებელი რომ ყოფილა, ზოგიც ერთობ "ეფექტიანი", ეს კი გავიგე. იმ საზოგადოების დიფერენცირება ძალიან ადვილად შევძელი, რომელიც მსჯელობს ნარკოდანაშაულზე. ერთნი თვლიან, რომ გამსაღებლები (უკაცრავად, ნარკოდილერები!) არიან დამნაშავენი, მეორენი გაიძახიან, რომ მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ მკვლელ ნივთიერებას უშვებენ ორგანიზმში და თუ უნდათ თვითმკვლელობა, ვერაფერი შეაჩერებთ ნარკოტიკზე დამოკიდებულებს, ანუ მსხვერპლნი არიან დამნაშავენიო.

მესამე სეგმენტი თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა მკაცრია/შემწყნარებლურია და ეს იწვევს ნარკოკრიმინალის წახალისებასო. ახლა მე მივმართავ საზოგადოებას, რომ გავმთლიანდეთ თუნდაც იმ საკითხში, რომ ნარკომანიის აყვავებას ხელს უწყობს გამსაღებელიც (უჰ, ისევ შემეშალა, ნარკოდილერი!), მომხმარებელიც და სახელმწიფო პოლიტიკაც! საიდან დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება? სიგარეტის მოხმარება და ჭარბი წონა უფრო ადარდებს გუგულის, ვიდრე ნარკომანია, თორემ ნარკოპოლიტიკაზე უფრო ადრე არ უნდა დაეწყო ვიშვიში?

აშკარად გვიჭირს, სინქრონულ რეჟიმში გავუძლოთ ლგბტ აქტივისტების პროტესტს პარლამენტსა და ქუჩაში (თან 17 მაისი ახლოვდება!), ეკლესიისა და რელიგიური გრძნობების კრიტიკას მედიაში, ფერადკანიანებს სათამაშო მოედნებსა და ტელევიზიების ეთერში, არაბებსა და ირანელებს პლეხანოვზე, ინდოელ სტუდენტებს - "სამედიცინოზე", ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ჭრელაჭრულა მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს - ყველგან და პრეზერვატივებთან იდეოლოგიურ ომს.

თან ეს იმ დროს, როცა პარლამენტსა და ქუჩაში ჯერ კიდევ "ნაციონალები" არიან (თან ადრე თუ ერთი პარტია იყო, ახლა ოთხია) და წაღმა-უკუღმა კიდევ ერთხელ ამღვრევენ წყალს ქვეყნის წინააღმდეგ.

აი, ახლა ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე აჭყვიტინდა ზურნასავით, "ბასიანი" ბერასია, ეგ გაბერა სატკივარმაო! ბერამ განცხადება გააკეთა, არათუ ჩემი, არც ჩემიანებისაა ეს "ბასიანიო". თუ ვინმე გავლენიანის არ არის ეს ნარკობიზნესი საქართველოში, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან რაღა ჩვენ გამოვდექით გენეტიკურად ნარკომოტრფიალეები? ახლა მაინც დაბრუნდა არწასული ბიძინა პოლიტიკაში და დროულად მიხედეთ ახალგაზრდობის მომავალს, თორემ რეპროდუქციული თვალსაზრისით, ჩემნაირი თმაშეთხელებული და სიმელოტეშეპარული თაობა გინდაც აქეთ ყოფილა, გინდათ იქით, ეგ იმდენად საწუხარი აღარაა!

სადღაც წავაწყდი მეგი გოცირიძის მონოლოგს, რომლის ადრესატიც ბერაა. მაგისი წაუკითხველობა ერთი სიამოვნების დაკლებაა და მე ხომ ამ სიამოვნებას ვერ დაგაკლებთ, ჩემო მკითხველებო? "ბერა, დამშვიდდი, შვილო. წინ დიდი ნერვიულობა გელის. მამას შენი თანადგომა დასჭირდება, მატროსოვზე სტაფილოს წვენის შეწოდება, ბროწეულის ოყნები და ნიცშეს კრიტიკის შეგზავნას დიდი ნერვები და ენერგია ესაჭიროება. ვიცი, ადვილი არ იქნება და ამიტომ აქედანვე თანაგიგრძნობ, შვილები მშობლების დანაშაულზე პასუხს არ აგებენ, პასუხს მხოლოდ დამნაშავეები აგებენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე როგორც მშობლები, ისე შვილები. მუდამ შენი მეგი".

საინტერესოა ისიც, რომ ამ განაცხადს ბოლოში წითელი გული დაურთო "მუდამ ბერას მეგიმ" და გავოცდი, ნუთუ ამ ქალს მიშას გარდა ვინმე უყვარს? განა ვინმეს გაუნაწილებს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეწირულ თავის დიდსა და სისხლით აღაჟღაჟებულ გულს? მეგი, მე შენ ვეღარ გცნობ! ეგებ და სულაც სიყვარულად იქეცი, ქალო, და მე ვერა გამიგია რა! თუ "ქართულ ოცნებაში" ამდენი შაქარი და "ნაცმოძრაობის" მოტრფიალეა, განა "ნაცმოძრაობელებს" არ შეიძლება შეუყვარდეთ "ოცნებელები"?!

პ.ს. ჯაფარიძის "გირჩელები" მსჯელობენ, თუ როგორ მოხვდნენ პარლამენტში მომდევნო არჩევნების დროს. ზოგმა თქვა, საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ ჩვენს პროგრესულობაშიო, ნაწილმა თქვა, პოპულიზმი ჭრის კარგად, გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით და გარანტრებული გვექნება ერთი ფრაქციის საკმარისი სკამებიო. ერთმა თქვა, "ვაბშემც" რომ მოვწიოთ და ისე შევფრინდეთ პარლამენტში, უკეთესი და უადვილესი ეს არისო...

იხილეთ ასევე: "ვისურვებდი, აიკრძალოს ბილწსიტყვაობა" - გუგული მაღრაძის პოლიტიკური "ბლიც-რეგულაცია"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს