ქართული დემოკრატიის "ამორძალები" - მიშასდროინდელი ანა, ბაია და... "პარტიზანი" ნატა - კვირის პალიტრა

ქართული დემოკრატიის "ამორძალები" - მიშასდროინდელი ანა, ბაია და... "პარტიზანი" ნატა

მინისტრმა გახარიამ თავისი დიპლომატიური და სწორი სვლებით ისე გაგვახარა, ჩვენი წილი "საფეისბუკეთი" ისე აკაშკაშდა, 90-იან წლებში რომ წარმოგვედგინა ივერიის გაბრწყინება!

არანორმალურად მიმაჩნია ის, რასაც დავეჩვიეთ: პოლიციელმა, მეხანძრემ, ექიმმა ან მასწავლებელმა საქმე თუ გააკეთა, მაშინვე გმირის იარლიყს მივაკრავთ. გმირი გავხადეთ ვიღაც მწყემსი თუ ძროხის მწველავი მთაში, ვიღაც კიდევ უეკლო მაყვლის გამშენებელი თუ გენმოდიფიცირებული ბადრიჯნის მომყვანი, რადგან ისინი რაღაცას აკეთებენ!

ქართველი საზოგადოების დაყოფა გასულ კვირაში ისევ მნიშვნელოვნად თვალში საცემი იყო. ლგბტ და ანტილგბტ სეგმენტს შორის შუაშისტები გავიჭყლიტეთ. ვთქვი, რომ ორივე მხარეს ბრბოს ფსიქოლოგია აქვთ-მეთქი და კიდევ არაერთხელ ვიტყვი.

ფაშისტებად მონათლული ნაციონალისტური, მარშისტული თუ ეროვნულობას ამოფარებული სახეები 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს თანაუგრძნობდნენ, ლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებულნი კი აპროტესტებდნენ სტალინურ ჯარში მონაწილეთა დაფასებას. აქვე ერთი რიტორიკული კითხვა ისმის: ქართველი ფაშისტები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს დადებითად აფასებდნენ და თანაუგრძნობდნენ, ხოლო ჩვენებური ლიბერალები 9 აპრილის ძეგლსაც კი საროკავად იყენებენ და არის თუ არა ეს პარადოქსი?

თუმცა, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც თავდაცვის მინისტრს ვარდიკო ერქვა, ამ დროს ლუდის მკეთებელი თუ ჩამომსხმელი გვარად თოფაძეა, გუგული მაღრაძე სიმსუქნეზე ლაპარაკობს, სასჯელაღსრულების მინისტრი ისევ ნომერ პირველ მისაღებ სახელმწიფო მოხელედ რჩება, განათლების მინისტრებად ხან კანალიზატორებს ვნიშნავთ, ხანაც სისხლის მსმელებს, ზოგჯერ მევაშლეებს და ახლა ვინ გვყავს მაგ პოსტზე, არც ვიცი...

ჩვენ, შუაშისტებს, რომლებიც არც "მარშს" თანავუგრძნობთ და არც "ვითომლიბერალებს", კარგად გვესმის, რომ კორკოტა-ბრეგაძის მსგავსებს ჰგონიათ, რომ სამშობლოს მხსნელები არიან, ხოლო "ბასიანელ-ხმაურიანელებს" კი სჯერათ, რომ ტოლერანტულ ცნობიერებას გვიმაღლებენ "ვეფხისტყაოსნის" პატრონებსა და ყველა ერის შემწყნარებელ ქართველებს...

შუაშისტებად არ ვთვლი მე იმ ადამიანებს, რომლებიც კომპრომისებსა და ოქროს შუალედებს ეძებენ ლგბტ და ანტილგბტ პუბლიკას შორის. ორივე ნაწილს სათანადოდ ვაფასებთ შუაშისტები, ყველას თავის სახელს ვარქმევთ, მაგრამ ძალიან ცოტა ვართ ჯერ და ვფიქრობ, მალე მიხვდებიან "ბასიანელებიც" და მარშელთა მიმდევრებიც, რომ მათი იდეური ხელმძღვანელები გავლენის შესანარჩუნებლად ან მისაღებად უფრო იბრძვიან, ვიდრე ქვეყნისთვის! ჭკვიანი ადამიანები სხვისი გამოცდილებით სწავლობენ, ბრიყვები - საკუთარზეო და აჰა, ხო გვიჩვენა ბოლო 25 წლის ისტორიამ, რამდენი სიბრიყვე ჩავიდინეთ და მაინც ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ?

ზვიად დევდარიანი გვეგონა ლიბერალიზმის და დემოკრატიის მამა, თუმცა, მხოლოდ ტერფ-წვივ-ბარკალთა ტრფიალი ყოფილა. ერთ ყურმოკრულსაც ვიტყვი, 9 აპრილის მემორიალზე შემხტარ-მოცეკვავე ანა სუბელიანი მიშას დროინდელი ჩინოვნიკი ყოფილა, ისევე, როგორც ბაიად წოდებული ბაბუცა პატარაია. თუ ეს ასეა, სად იყვნენ დემოკრატიის ეს შუქურები, რად არ გვინათებდნენ "ვარდების რევოლუციით" ჩამობნელებულ საქართველოს? იმას კი ვერ ვიკითხავ, რას აკეთებდნენ დღეს გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ნელსონ მანდელები 2012 წლამდე, რადგან ერთხელ ამ კითხვაზე ისეთი პასუხი მივიღეთ ნატა ფერაძისგან, "+18" ლოგოთი რომ უნდა გაშვებულიყო ეთერში!

ანეკდოტამდე ერთს დავწერ კიდევ: ბატონ "ქართულ ოცნებას" ვთხოვ, არც კახიშვილი, არც გუგულის მიმჯირყვნელი გახარია არ წარადგინონ საპრეზიდენტო კანდიდატურად, ეგ არაფრის მაქნისი თანამდებობა არ მემეტება მაგ ხალხისთვის. არ უნდა გაჭირდეს, წესით, მარგველაშვილის მსგავსი კადრის მოძიება. ავლაბრის რეზიდენციაში ვინც უნდა დავსვათ, დამერწმუნეთ, ქვეყანაში ამით არაფერი შეიცვლება. დიდი-დიდი, ციხეში შეყრილი ნათესაობა შეიწყალოს ხოლმე და მსუბუქი მრეწველობის რომელიმე დარგის ცოდნის გარდა კიდევ ზოგჯერ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით მოგვაწონოს თავი... პ.ს. გაერთიანებული სამეფოს პრინცის ქორწილს უყურებს ცოლ-ქმარი ბედნიერი სახით. ბედნიერების საფუძველი ის იყო, ცოლი ფიქრობდა, რაოდენ გაუმართლა, რომ მისი ქმარი რომან გოცირიძე არ არის, ხოლო ქმარიც ნეტარებდა იმით, რომ ცოლად ენძელა მაჭავარიანი არ ერგო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს