ტყემალი ვაშლის ნაცვლად - კვირის პალიტრა

ტყემალი ვაშლის ნაცვლად

საქართველოში საატესტატო გამოცდები დასრულდა. და დასრულდა იმ შედეგებით, რაც გასულ წლებში გვქონდა. მოსწავლეებს სწავლისთვის კვლავ ნაკლები მოტივაცია აქვთ, მასწავლებლების უმეტესობას კი პროგრესირებას ურჩევნია, ყოველ არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას დაუმტკიცონ ელექტორატული ერთგულება, რათა გარანტირებულად აიღონ ხელფასი. არც ვაშლის ჭამამ უშველა ქართულ განათლებას, არც ჯაშის პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობამ, არც შაშკინის მიერ დირექტორების სისხლის დალევამ. მშობლებიც უპრეტენზიოდ ეგუებიან შვილების წარუმატებლობას, რადგან თვლიან, რომ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი!

განათლების ძველი მინისტრების გაკრიტიკებისგან თავი არასდროს შემიკავებია, მაგრამ ამ ახალი მინისტრისა მართლა გამიკვირდება, თუ არაფერს ეტყვის იმ სკოლების დოყლაპია დირექტორებს, რომელთა მოსწავლეთა უმეტესობა ჩაიჭრა! თქვენ წარმოიდგინეთ და არის ისეთი სკოლებიც, სადაც მოსწავლეთა 100 პროცენტი უატესტატოდ არაერთხელ დარჩენილი, მაგრამ ხელფასს აუმღვრეველი სიმშვიდით, ყოველთვე იღებენ დირექტორიდან დაწყებული, დამლაგებლით დასრულებული! "დაჟე" პრემია-დანამატებიც აქვთ საახალწლოდ და სააღდგომოდ შეკვრეხილი, გემრიელად. აი, მეტი სადარდელი არა აქვთ ახლა მაგათ, მოსწავლეების უატესტატობა იდარდონ, როცა სკოლაში "მოღვაწეობით" წნევა და კლიმაქსი დამართნიათ! უბრალოდ, ამის აღიარება უჭირთ, თორემ კლიმაქსიანი მასწავლებლები არანაკლებ საშიშები არიან, ვიდრე უცოდინარი და ზარმაცი პედაგოგები!

ჰოდა, განათლების მინისტრო, ჩაგვეჭრა მთელი განათლების სისტემა და პატარა ხანში "მიგაჯეჯელავებენ" ან სულაც "მიგაშაშკინებენ" და არ თქვა მერე, პროვოკატორო, რად არ გამაფრთხილეო! უმაღლესი განათლება უპატრონოა, პროფესიულიც და ზოგად განათლებას სანამ არ მიხედავს ვინმე, მუდამ უპატრონო ობოლივით იქნება ხან ბოლონიის, ხანაც ფინურის სახელს ამოფარებული ჩვენი განათლება! მართალია, ბედნიერებისთვის ჩვენ "ბასიანის" ღამის ეკონომიკაც გვეყოფა "ციტრამონის ეფექტით", ზოგჯერ "თეთრად ახმაურებული" არასამთავრობო სექტორი, მაგრამ სრულყოფილი ნეტარება მხოლოდ მიშას დაბრუნების მერე გვეღირსება! ორგზის სამშობლოებიდან (საქართველო, უკრაინა) გაძევებული ნაპრეზიდენტალი როდის დაგვიბრუნდება, მხოლოდ ეშმაკმა უწყის, მაგრამ როცა დაბრუნდება, საქართველო თუ არა, მეგი გოცირიძე მაინც გაიმართება წელში! აბა, ბიძინამ გააბრწყინა საქართველო? თვით მისი ყოვლადუგირჩესობა ზურაბ ჯაფარიძესაც კი დაანებებინა თავი ამ "კოლბის ბინადარმა" მარიხუანას მოხმარებას. _ აქტიურად მოვიხმარდი მარიხუანას 16 წლიდან 35 წლამდე, ყოველ საღამოს ვეწეოდიო, განაცხადა პროფესიით ექიმმა "კაი პლანის დამთესველმა". გამოდის, რომ 2011 წელს დაანება თავი "თეთრების" მიერ პანაცეად გამოცხადებულ მარიხუანას, გირჩთა ბელადმა! აუჰ, ეს რა ქენი გუდუნა კი არა, ბიძინა!

რატომღაც მგონია, რომ ნარკოპოლიტიკაზე საუბრით "გირჩი" და "თეთრი ხმაური" ქულების დაწერას უფრო ცდილობს, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში პოზიტივების შემოტანას. რამდენს უნდა ეყოს ეს "პატიოსან-ნარკომანული" ელექტორატი? ცნობიერება უნდა შევცვალოთო და ფაშისტურ-დრაკონული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოსო, ცალ-ცალკე ორივე მხარე ამბობს. რომ გაერთიანდეთ, ბატონებო, დაირქვათ "თეთრად ახმაურებული გირჩები", ეფექტი მეტი ექნება! თან ხმებს არ წაართმევთ ერთმანეთს, უფრო ხისტად შეუტევთ "კონსერვატორულ" მიდგომებს და სოფელი თუ არ აშენდება, მარიხუანა ხომ მოშენდება?! მაგრამ, როგორც გვახასიათებს, არც აქ გვექნება დიდი ერთიანობა ქართველებს. ახლახან წავიკითხე გულსაკლავი ინფორმაცია, ბექა წიქარიშვილი საზღვარგარეთ მიდისო... 18-წლიანი წყვეტის შემდეგ, ვუბრუნდები ეგეოსის ზღვის სამშობლოს, ადგილებს, სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ვღელავ, დღემდე ჩემი სიზმრების ნაწილია ეს ქვეყანა და არ ვიცი, როგორ დამხვდება. მიმაქვს დიდი ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართო, უბრძანებია ბექას და დავრჩენილვართ "გირჩის" ამარა, ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესების საკითხში...

პ.ს. მიშა დასავლეთ ევროპიდან მოძღვრავს თავის მრევლს, რომ 5-კაციან გუნდებად უნდა დაიყონ, რათა კისერი მოუგრიხონ 41-კაციან "ქოცურ" გუნდებს. ჯერ სტრატეგია არ გადაწყვეტილა, ღორის დინგისებურ-სოლისებურად უნდა დაეტაკონ ბიძინისტებს თუ უბრალოდ, "ფეისბუკპოსტებით" მოიფხანონ გული მხოლოდ... ისე, ამ ბოლოს, მგონი, "რუსთავი 2"-ც კი დასცინის მიშას, ნუთუ წმინდა აღარაფერი დარჩათ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს