ირემი მიშა და მოტყუებული მიშისტები - კვირის პალიტრა

ირემი მიშა და მოტყუებული მიშისტები

"მთავარმა" ოპოზიციურმა ძალამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა 10 ივნისის აქციით, რომ მომაკვდავი პარტიაა.

მართალია, ამის აღიარება არ სურთ მიშისტებს, მაგრამ თავადვე ხვდებიან, რომ მაცოცხლებელი ორი ფაქტორი ნელ-ნელა სცილდება "კოლექტიურ მეგი და რომან გოცირიძეებს". ერთი და გადამწყვეტი ფაქტორი მისი აღმატებულება ნაპრეზიდენტალი მიშას "თლა გაევროპელებაა" (გეოგრაფიულ ლოკაციას ვგულისხმობ, თორემ მაგის დასავლურ-ევროპული ღირებულებები არსად გაიშვას) და მეორე კიდევ - ფინანსური ნაკადების შემცირება. დამერწმუნეთ, უფულობაც არაფერი იქნებოდა, ოღონდ კი მიშა მოვლინებოდათ საქართველოს საზღვრებს შიგნით, თუნდაც "მატროსოვზე" ჩაეყუდებინათ, მთავარია, ახლოს იქნებოდა და ეს ცოტას არ ნიშნავს ზაირა ან მაყვალა კოორდინატორისათვის!

რით აღარ ატყუა მიშამ თავისი "მრევლი", ხან ხუთეულები შექმენითო, ხანაც ბიძინას თავის ზებრიან-პინგვინიანად ჭორვილაში გავყრი სულ ბილიკ-ბილიკ ძუნძულითო, ხანაც სარფის საზღვარს მოვადექი და ბიძინა გარბის უკვე აეროპორტის გზაზეო... არ გამოდგა არც ერთი მართალი! ან რა სიმართლე, ერთი გასაცოდავებული პოლიტიკური გვამია, რომლის დამარხვას ეს ივანიშვილი, უბრალოდ, აგვიანებს! ერთ მშვენიერ დღეს რომ ბრძანოს დიდმა ჭორვილელმა, პროკურატურამ ყური გამოიფერთხოს, სამზეოზე არსებული დანაშაულების გამო "ვირის აბანოსთვის" გაამზადეთ ნებისმიერი "მსუქანი ნაციო", გგონიათ, კახიშვილის ციხეები დაიტევს 9 წლის განმავლობაში კრიმინალებად ქცეულ "ნაციონალებს" თუ "ნანაციონალარებს"? მაგათი დადანაშაულება და ყველა თითს "პაბეგში" მყოფი მიშასკენ გაიშვერს! ნაწილმა კი დაიწყო უკვე ეს პროცესი, მაგრამ თუ გინდათ მიშისტების პოლიტპანთეონის ხილვა, მაშინ ეგ ბიძინამ უნდა უბრძანოს წულუკიანს, რომელიც თავის მხრივ დაანებებს თავს შოთაძის "გაპრავებას" და საქმეს მიხედავს.

უცნაურია, რომ წულუკიანის "კარში" ამ ბოლოს ვიღაც თავცარიელმა გრიგალაშვილმა ისეთი პენალტი დაარტყა, მართალი გითხრათ, ყურებამდე გამეხა სიცილით პირი: თურმე, იუსტიციის მინისტრი არ უნდა დაქორწინებულიყო თავის ხელქვეითზე! აი, უსაქმურების ქვეყანა რომ ვართ, თორემ, ვინ ვისზე დაქორწინდება, მაგას აქვს მნიშვნელობა? სადღაც წავიკითხე, ვიღაც შინაბერა თავის "ლუსტრაზე" დაქორწინებულა და სულაც არ გაჰკვირვებია მის თანამემამულეებს, არჩევანი თავისუფალია, გინდა ხელქვეითზე დაქორწინდი, გინდა ყანწზე ან სულაც ჯონჯოლის ხეზე, ნეტავ ვისი რა საქმეა?! ისე, ეს წულუკიანი სამიზნედ გაიხადეს ცალკე პოლიტიკოსებმა, ცალკე - არასამთავრობოებმა. სადღაც უთქვამს იუსტიციის მინისტრს, როგორ უნდა ჩაიწეროს დოკუმენტაციაში იმ ადამიანზე მდედრობითი, რომელიც დაბადებით მამრობითია, ხოლო მამრობითი მასზე, ვინც მდედრის ორგანოებით დაიბადაო? ამ შანსს ხომ არ დაკარგავდნენ "პრადვინუტი" არასამთავრობოები, - აი, ეგ ბნელი და გაუნათლებელი, ადამიანთა უფლებათა ფეხქვეშ გამთელავიო! - ახმაურდნენ მაშინვე. მგონი, წულუკიანი იმიტომ გახდა კრიტიკის საგანი, რომ ბიძინას ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატურააო. თეას სამი კლასის განათლებაც რომ არ ჰქონდეს, ბიძინას რჩეული თუა, ცოცხალ-მკვდარ პოლიტსახეებთან შედარებით საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩეველთა მინიმუმ 70%-იან მხარდაჭერას მაინც მოიპოვებს. კიდევ უარესსაც გეტყვით, წულუკიანი კი არა, თვით ზებრის მხარდამჭერებსაც ბლომად მოითვლით პარლამენტ-მინისტრთა კაბინეტში, რამეთუ ბიძინა არის დამსახლებელი და მაცოცხლებელი იმ პოლიტიკური "ბნელიტის", ჩვენ რომ თავს გვაყვედრის არჩევნების დასრულებიდან არჩევნების დაწყებამდე!

მკითხველს მოეხსენება, მუნიციპალიტეტების დონეზე არსებულ არჩევით სალაყბოებს ანუ საკრებულოებს ფრიად დიდი იაღლიშები მოსდით, - ისეთ ნორმატიულ აქტებს აქვეყნებენ, რომელიც ზოოლოგიის ნაზავია სექსოლოგიასა და იურისპრუდენციასთან. ამიტომ, ისეთ პოსტსკრიპტუმს შემოგთავაზებთ, სადაც ზოოსამყაროს არაერთი წარმომადგენელია, ოღონდაც, ვისაც სიმბოლური სახეების გაგება უჭირს, წინასწარ ვიტყვი, რომ ირემი მიშაა, დანარჩენი პერსონაჟები თავად ამოიცანით:

პ.ს. ირემი მირბის ტყეში. ნახავს, კურდღელი ზის და ემზადება, რომ ნარკოტიკი გაიკეთოს.

- კურდღელო, რატომ იკლავ თავს, არ გირჩევნია, რომ ჩემთან ერთად ირბინო და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრო?! კურდღელს ჭკუაში დაუჯდება მოწოდება, გადააგდებს წამალს და გაეკიდება. მირბიან და დაინახავენ, ვეფხვმა გაამზადა მარიხუანა მოსაწევად და ეს-ესაა, უნდა მოუკიდოს. კურდღელი ეძახის: - ვეფხვო, არ გინდა ეგ მოსაწევი, გადააგდე. ჩვენთან ერთად ირბინე, მე ირემმა სწორ გზაზე მომაქცია და ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ!

ვეფხვსაც მოეწონება იდეა და დათანხმდება. დარბიან ასე აღმა-დაღმა და შემოიერთებენ ლომს, მაიმუნს, ანტილოპას, ზებრას (ოღონდ ბიძინას ზებრა არ გეგონოთ) და ბევრნი ერთად დაძუნძულებენ ტყეში (ანუ აქციებისთვის ხელსაყრელ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე). გადაეყრებიან დათვს, რომელიც მაგარ "ლომკაშია", ნარკოტიკი უნდა გაიკეთოს და მასაც დასძახეს:

- დათვო, გადააგდე წამალი, ის გკლავს შენ, ხედავ, ჩვენ რამდენი მოგვაქცია ირემმა სწორ გზაზე, მოდი, ჩვენთან ერთად ირბინე და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრე!

დათვი პასუხობს:

- დავაი, დაახვიეთ აქედან ყველამ, რა იცის ამ ირემმა, მოსწევს და მთელ ტყეს დაარბენინებს მერე წინ და უკან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს