შენ გაიხარე, შენგელაია, ანუ სახოტბო ლექსი ბიძინასთვის - კვირის პალიტრა

შენ გაიხარე, შენგელაია, ანუ სახოტბო ლექსი ბიძინასთვის

შენ გაიხარე, შენგელაია! ისეთ სტრესულ პერიოდში, როცა დროებითი მინისტრთა კაბინეტი გვყავს, შესამცირებელია სამინისტროები და შესაბამისად, სანერვიულო ის გვაქვს, რომელ სამინისტროებს "ჩაამსხვილებენ", რომელ მინისტრს ჩამოსვამენ სავარძლიდან ან შესვამენ საუწყებო ტახტზე, ცოტა ყურადღება გაგვიფანტე და შენი კინოპროდუქცია, მშობლები, ცოლოური, ბოლშევიკური მენტალიტეტი და "რუსთავი 2" გაგვახსენე.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულმა რეორგანიზაციამ, დამერწმუნეთ, "ზემოთ" ძალიან ააღელვა პუბლიკა! როგორია სამინისტროების "ზიმა-ლეტა" კაბინეტებიდან ქუჩაში გასვლა, სადაც მხოლოდ უპერსპექტივობა და "ნაციონალური მოძრაობაა"? "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის იმედად ჩემი მტერი იყოს ("რუსთავი 2" პირობითად, თორემ ნურც "საზმაუსა" და "ობიექტივის" იმედი გექნებათ!), მაგრამ თუ აქვს ახალ პრემიერს რამე კვლევა ჩატარებული, სახლში გასაშვებად განწირული კადრები რას, როგორ და რისთვის აკეთებდნენ? ან რა უნდა აკეთებინოს "მცირე" მთავრობას? რატომღაც მგონია, რომ ახალი სტრუქტურაც არ იქნება საქართველოს წელში გამმართველი, რადგან სამართალი ისევ ურმით დადის და არა - ისეთი ჯიპების სიჩქარით, როგორითაც დაბრძანდებიან ჩვენი მინისტრები!

ეფექტიანი მართვის, ქვეყნის აყვავებისა და დამშვენების დაპირებით მოსული რამდენი ხელისუფალი გახსოვთ, ადამიანებო? რა ააყვავეს, რა განავითარეს, გარდა ვაზელინის მოხმარებისა? სად იპოვეს ამ ოხრადდასარჩენებმა ამდენი ვაზელინი, ნუთუ სადმე საბადოა და მიაგნეს? რომ არ დაბადებულიყო ჩემი ცოდვით სავსე ქიმიკოსი, რობერტ ჩესბურგი და 1872 წელს არ შეექმნა ეს ვითომც უწყინარი პროდუქტი, წარმოგიდგენიათ, როგორ მშრალზე დარჩებოდა არა ერთი, ხელისუფლებიდან მოუცილებელი სახე? სერ რობერტს თურმე იმდენად უყვარდა თავისი წარმოებული პროდუქტი, რომ ყოველდღიურად თითო კოვზს დემონსტრაციულად, სახალხოდ ჭამდა და 96 წელი უცოცხლია... ახლა, როცა ეს პერმანენტულად ვაზელინიანები, ალბათ მალულად კიდეც ჭამენ, კიდეც ისვამენ თავზე უწყინარ ვაზელინს, მაგათი საუკუნით ცხოვრება გვინდა ჩვენ? აბა, წარმოიდგინეთ, "წითელიგენციად" წოდებული შენგელაია და "ჩემი კუკარაჩა", ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში რენეგატულად გადასახლებული სახეები კიდევ ათეულობით წელი, როგორი ასატანია?! დამერწმუნებით, სიცოცხლისუნარიანები კი არიან ეს "ცნობადი" სახეები, მთავარია, ვაზელინი და ფინანსური დოტაციები იყოს, დანარჩენს ყველაფერს უძლებენ: ხალხის ზიზღს, დაცინვასა და გინებასაც!

ვიდრე შენგელაია "რუსთავი 2"-ის ეთერში პამპულად იქცეოდა ან კიდევ ბურთი "ბალელშჩიკების" ნერვებზე თამაშობდა, მანამდე კიდევ მოხდა ისეთი რამეები, რომლითაც გართობა შეიძლება!

ახალქალაქის, ხაშურის, წყალტუბოსა და ფოთის საკრებულოების დადგენილებების თანახმად, 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ დაიშვება, დაავადებული და დეფექტის მქონე ცხოველებისა კი საერთოდ იკრძალება. ეს დადგენილებები 25 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით მიუღიათ პოპულაციური კონტროლის მიზნით! აი, უსაქმურები!

თხა-ცხვარი როდის დაიწყებს მაკეობას, სულ საკრებულოს დადგენილებებს დაუწყებენ ცქერას ან გლეხები, ან თავად ცხოველები! ვინმემ რომ უთხრას ამ დოყლაპიებს, რომ იმერული ცხვარი წელიწადში ორჯერ მაკეობს და ნუ შემოიღებენ ისეთ რეგულაციებს, გუგულის თვალების ჭირიმე, რომლითაც გლეხი ვალდებული იქნება, აბოტებულ ვერძებს მურუსიძის გამოსახულებიანი პრეზერვატივი წამოაცვან ერთ ადგილზე! ამ უაზრო დადგენილებების შემოქმედნი ერთი რომელიმე პარტიის წევრები რომ იყვნენ, კიდევ მექნებოდა იმედი, მაგრამ "ქოცებ" გვერდს უმშვენებენ და ბიუჯეტიდან გვარიან ხელფასებს ინიშნავენ ალიანსელები, ევროპული და მიშას "ნაციონალები", თვით ლეიბორისტები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც კი... ჰოდა, ჩვენ რომ თვითმმართველობები გვყავს, არ მოუშალოს ღმერთმა ეგეთები ჩვენს მტრებს!

თვითმმართველობებში კი აქვთ სამიოდე წელი გარანტირებული სკამები ხალხს, ახლა საპრეზიდენტო მარათონი დაიწყება მალე და ვინ მიასწრებს სოლოლაკის კარზე, ეგ მალე გაირკვევა...

ისე, რომელიმე შემცირებული სამინისტროს პირველი პირი რომ შეარჩიონ, არ იქნება ურიგო, განსაკუთრებით განათლების მინისტრი იქნება კანდიდატად ზედგამოჭრილი, რადგან უკვე გვაქვს გამოცდილი ამ პორტფელის მფლობელი მარგველაშვილის დაწინაურება, რომელმაც ნათესავების ციხიდან გამომრეკავის ფუნქცია უფრო შეითავსა, ვიდრე მხედართმთავრისა თუ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის...

ჰოდა, ჩხენკელი პრეზიდენტად! ოღონდაც, განათლების სისტემას მოაცილეთ ეგ კაცი და გახდეს პრეზიდენტი, ჯანდაბას!

პ.ს. "ქართული ოცნების" დაბალი რგოლის წარმომადგენლობას დაევალა, რომ მომავალი საარჩევნო პერიოდისთვის დაისწავლონ "ხალხური" ლექსი, რომელსაც თემატურად წაიკითხავენ ყრილობებზე, სხდომებსა და საწესჩვეულებო სუფრებზე:

"ბიძინა ივანიშვილო, ჩვენო მზეო და მთვარეო,

დღეს ხომ გვინათებ და გვშველი,

ღამითაც გაგვახარეო.

ახლა შეცვალე მთავრობა, მოგვიცუნცულე ბახტაძე,

კვირიკა გამოიჭირე ქვეყნის ქონების გახვრაზე"...

პ.პ.ს. შესაძლოა, ამ ლექსის რამდენიმე ვერსია იქნას წარმოდგენილი, გააჩნია, საკრებულოები როგორ დაამტკიცებენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს