წარმოიდგინეთ, გვაქვს დენი, ინტერნეტი, იტყვის რაღაცას ენძელა, ან გუგული და... - კვირის პალიტრა

წარმოიდგინეთ, გვაქვს დენი, ინტერნეტი, იტყვის რაღაცას ენძელა, ან გუგული და...

ესეც ასე, მოუგო ხორვატიამ რუსეთს ფეხბურთში და გაბედნიერებული ქართველები ისეთ ყიჟინას ვცემთ, თითქოს დიდგორი გაგვემეორებინოს. განა სამგლეთი დაიქცა, რუსეთმა რომ წააგო! თანაც, ჩვენებს მაინც მოეგოთ... როგორ მოვიგებთ, როცა ისეთი წყალწაღებულია ჩვენი ფეხბურთი, ხავსსაც რომ ვეღარ ეჭიდება?

არ დასრულდა საქართველოში წარუმატებელი სფეროების დოტაცია. მომაკვდავ ფეხბურთს რად უნდა ამდენი ფულის ფლანგვა? თუ გადასარჩენია, თავად გადაირჩინოს თავი, თუ არადა, ბარემ გადავუხადოთ ქელეხი და გავაცილოთ ოლიმპიურ სასაფლაოზე, ერთბაშად ფიფამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შავები არ ჩაიცვას ქართული ფებურთის გაუჩინარების გამო!

რუსეთ-ხორვატიის მატჩთან დაკავშირებით რაღაც კონსენსუსს კი მივაღწიეთ, მაგრამ ჰესებთან დაკავშირებით საშველი არ დაგვადგა. ჭუბერის სტიქიამ ორ ნაწილად გაგვყო: "ჰესისტებად" და "სტიქიოლოგებად". აი, ისაო, კაშხალი რომ ყოფილიყოო, ჰიდრორეგულაციას შევძლებდით, სულ კოვზ-კოვზად გავატარებდით ნენსკრას წყალს ხეობაში და არ დაიქცეოდა სოფელიო. გენაცვათ, ერთი ეს მითხარით, ერთგან რომ ააგებთ კაშხალს და მის ზემოთ არეგულირებთ წყლის დონეს, კაშხალს ქვემოთ რომ მოსწყდეს ტენით გაჯერებული მიწა და ხეობა ისევ გადაკეტოს, მერე რა ვქნათ? თუ ყოველ კილომეტრში ვაშენოთ კაშხლები, კასკადები და სვანეთი ჰესებად ვაქციოთ? ელემენტარული ჰიდროგრაფიული ცოდნა კმარა იმის გასაგებად, რომ წყლის დაგუბებას მოსდევს ჰაერში ტენიანობის გაზრდა, რაც კლიმატის გარდა სხვა ბევრ რამესაც ცვლის! შევირგოთ ერთი ენგურჰესი, ვაშენოთ პატარა ჰესები და დავიკმაყოფილოთ ეს გაზრდილი ენერგეტიკული მადა, არ სჯობს? 26 600 მდინარე გვქონია საქართველოში და ბარემ ერთ დიდ ენერგოწარმოებად რომ გვაქციონ, არ უნდათ? ეს რომ ვთქვი, სულ პუწინის მონა მეძახეს, - შენ არ გინდა ენერგოდამოუკიდებლობაო. გერმანიასაც აქვს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ სტალინურმა რუსეთის იმპერიამ 25 მილიონი კაცი მოუკლა- მეთქი და აი, მაშინ უნდა გენახათ თქვენ რისხვა: კერასინკისა და ჭრაქის ეპოქაში ჩარჩენილოო! ცოტა ხანს დავდუმდი და ვთქვი მერე, ჰელიოენერგეტიკაზე როგორა ხართ-მეთქი და ეგ არასტაბილური მიწოდების საფუძველიაო!

ადამიანებო, დღე მზემ გვაწოდოს დენი, ღამე - მდინარეებმა, არ შეიძლება?! ქარს რომ მიაქვს თრიალეთის ქედი კიდევ, მანდ ქარის ელექტროსადგურები გაკეთდეს და ეგებ გვეყოს, ეგებ გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები-მეთქი! ვიღაც ჩიტთა უფლებების დამცველი გამომიხტა და - ბნელო, გინდა მაგ საფრთხობელა ქარის სადგურებით მწყერ-ოფოფები დაიხოცოსო? მწყრები და ოფოფები რომ ჰყავს ასეთ "სამოქალაქო სექტორს" ტვინში, ამიტომაც დუმილი ვარჩიე! ერთადერთი გზა დარჩენია საქართველოს, მთიანი ნაწილი წყლით უნდა დავფაროთ, მერე აღარ გვექნება ბუნება, მაგრამ გვექნება "ტოკი"! დენს დამატებული ინტერნეტი, ეს უკვე ნამდვილი ცხონებაა! მივუსხდებით კომპიუტერებს, დავიწყებთ ბრძნული აზრების ფრქვევას "ფეისბუკზე" და ქვეყანაც აშენდება! წარმოიდგინეთ, გვაქვს დენი, ინტერნეტი, იტყვის რაღაცას ენძელა, ან გუგული და ბრძნული სახეებით ექსპერტულ დასკვნებს დავწერთ... ვიანგარიშებთ, ეყოფა თუ არა 10 ლარი 4 ლიტრ ზეთს, დარჩება თუ არა წულუკიანი მინისტრად, გადავასწრებთ თუ არა ჩილეს ადამიანური განვითარების ინდექსით, პუტინი ცოცხალია თუ მისი ორეული მართავს რუსეთს, სულგუნი ღომითაა უფრო გემრიელი თუ მჭადით, ნიგვზიანი ჯონჯოლი სჯობს თუ მაიონეზიანი ბადრიჯანი და ასე შემდეგ! აბა, ეკონომიკური საფუძვლის განმტკიცებისთვის ხომ ვერ მოვიკლავთ თავს?! ჩვენ, მაშინაც კი არსტოკრატები და თავადები ვიყავით, ვიდრე დავიბადებოდით! ფიზიკური შრომა ჩვენი საქმე არაა, ჩვენ ინტელექტით ვშრომობთ მხოლოდ, ვირტუალურ სამყაროში!

პ.ს. ჭუბერის გამგებლისთვის ჯილდოს გაცემის თაობაზე მკვეთრად უარყოფითი აზრი გამოთქვა სამოქალაქო სექტორმა. მათი აზრით, ჭუბერის გამგებელი მცირე ხნით იდგა წყალში, ხოლო ტირიფების უმეტესობა მუდამ წყალშია და ჯერ ისინი უნდა დავაჯილდოოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს