სოლოლაკის მაღლობს მივარდნილი ქართველი ჟანა დ'არკი და "მზიურელები"
02-08-2018
სოლოლაკის მაღლობს მივარდნილი ქართველი ჟანა დ'არკი და "მზიურელები"
საქართველოს ეკონომიკასა და ტელემედიის რეანიმაციულ სეგმენტს ვუძღვნი ამ "პროვოკაციას". თუ ვინმეს ტენდენციურად გეჩვენებათ ხოლმე ჩემი ნათქვამ-დაწერილები, გირჩევთ, ნუ წაიკითხავთ. ათასჯერ მითქვამს, ჩემთვის სულერთია მემარჯვენე-მემარცხენე და ცენტრისტი, "ქოცი", "ნაცი" და დანარჩენებიც, რამეთუ მათ შორის, უმეტესად მხოლოდ სახელშია სხვაობა, შინაარსით თითქმის იდენტურობენ ნათელაშვილი, ვაშაძეები, მაღრაძე-ვოლსკები თუ უსუფაშვილი!
მედიაპანთეონში სამუდამოდ შესვენებულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამას წინათ მომაკვდავის უკანასკნელი გაბრძოლებით მოგვახსენა, საღამოს ეთერში ბიძინა ივანიშვილი გვეყოლებაო. ჯერ იყო და ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციისას მიიზიდა "საზმაუმ" პეპლის
ეფექტით მაყურებლები, მერე ეს მაყურებელი კომენტატორებს ერთ ხმაში აგინებდა, მაგრამ ბიძინას ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად დადასტურდა, რომ ტყუილად ვაჭმევთ პურს პირველ არხს. ვერ უშველა ვერაფერმა მაღლაფერვიზიას! წლობით გათიშულ ტელევიზიებს არაერთი ადამიანი მიუბრუნდა, მაგრამ ნეტავ, ისევ გამორთული ტელევიზორისთვის გვეყურებინა და არა იმ საცოდაობისთვის, ინტერვიუ
ბიძინასთან რომ დაარქვეს! ტელეჟურნალისტი გამოსანთლული სახით სვამდა უფხო-უმარილო კითხვებს და ასეთივე პასუხებს ვიღებდით! თურმე, კვირიკაშვილის კაბინეტი უნიათო ყოფილა და ბანკებს აძარცვინებდა საქართველოს მოსახლეობას!

კარგი, ბატონო ბიძინა, ნუთუ თქვენ მიერ მოწონებულმა ახალგაზრდა ბახტაძემ მაინც ვერ გითხრათ აქამდე, ეს "კოსტუმა" პრემიერი ქვეყანას უფსკრულისკენ მიათრევსო? რას აჭმევინეთ ჩვენი ჯიბე და ნერვები ამ უმაქნისებს! არ თქვას ახლა ვინმემ, რომ კვირიკაშვილი არ აპირებდა თავისი გავლენის სფეროების გაფართოებას, ისეთი გულუბრყვილო იყო, მხოლოდ "სპასაწელის" შთაბეჭდილებას ტოვებდაო! ჯერ ჯეჯელავას მეზღაპრეობა არ უნდა ეპატიოს კვირიკაშვილს და მაგის ხელის ბიჭები სულ პანტაპუნტით უნდა გაუშვა ხელისუფლების ყველა სეგმენტიდან!

თურმე, ეს ბატონი თავისი გუნდითა თუ ბანდით, ქართულ ეკონომიკას აფერხებდა, ვერ მართავდა ქვეყანას ხალხის სასიკეთოდ და ამის დანახვას მოუნდა ივანიშვილი ამდენ ხანს? კარგი, გავხდი გულუბრყვილო, დავიჯერე, რომ გვიან გაიგო ბიძინამ და შესვა გაქონილ ნიჩაბზე პრემიერი, მაგრამ, აი, საგანელიძის მსუყე ადგილას დასმა-დაწებება სულ ეკონომიკის აყვავებას ემსახურება? გააჩერეთ მილიონი ადამიანი და ჰკითხეთ, უნდა გაუშვან თუ არა ეგ მარადმწვანე პარაზიტი? დადებითი პასუხი იქნება 999 999 კაცისგან! ახლა მართლა არ ვპროვოკატორობ, საზოგადოების აზრს ვამბობ და თუ გაიგებს გამგები, ხომ კარგი, თუ არა და მამლისა არ იყოს, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ უკვე ბიძინას საქმეა! თუ ბიძინა საკადრო პოლიტიკას არ გადახედავს, ვატყობ მე, ერთ დღეს მივარდება ჩარკვიანის ასული სოლოლაკის მაღლობს და სულ ნაფშვენებად აქცევს მინის სასახლეს... აი, ვისაც ახსოვს ჩერნობილის კატასტროფა, დაახლოებით ეგეთ ეფექტს დადებს უმრავლესობით მოსული ჩარკვიანი! დიახაც, ეგ მოაწყობს "ჩარკვობილს" და ამის მერე, ეს ქართველი ჟანა დ'არკი დიდი პატივით დაიმარხება მთაწმინდის პანთეონზე, ოღონდ მანამდე კულტურის მინისტრის პორტფელს დაიჭერს, რადგან არაფერია ისე მისახედი, როგორც ჩვენი კულტურა! კულტურა თუ არა, გარემოს დაცვა მაინც ჩააბაროს ვინმემ, სვანეთის ეკოლოგიას ისე მიხედავს, როგორც დედა - შვილს! '

პ.ს. რომელიღაც არხზე "მზიურის" შესახებ ყოფილა გადაცემა. გადავრჩი და არ მინახავს. როდის იყო, გამორთული ტელევიზორი ტრანსლირებდა? სამაგიეროდ, "ფეისბუკზე" იყო მეორედ მოსვლის ტოლფასი განხილვა, ეს საბჭოური იდეოლოგია, სოციალისტური ვოკალი და ინსტრუმენტალიზმი, სიბნელე და ფაშიზმი რატომ არ გააპროტესტა გვერდწითელმა და ჯაბუამ "მზიურელობისასო"! გამეცინა, ისეთი ადამიანები დებდნენ კუდს ყავარზე, გვერდწითელზე 10 წლით დიდები რომ არიან და არც ერთი მათგანი არც კრემლზე ავარდნილა პროგრესული იდეების პროპაგანდით, არც "ანდროპოვის ყურებზე". გადაცემას აპროტესტებდა პოლიტპუბერტალური ასაკის ბიჭბუჭობაც, რასაკვირველია! აი, თქვენა, პატარებო, სოც "სეტებში" ჭკუის დარიგებასა და ანალიზის წარმოდგენას, ეგებ თქვენი დედ-მამისა და ბებია-პაპებისთვის გეკითხათ, 30-კაპიკიან თეთრ პურს რომ ურახუნებდით "ჟანგიან ყბაში", რატომ არ ეწინააღმდეგებოდით საბჭოურ იდეოლოგიასო?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ქართველი
05 აგვისტო 2018 20:55
კარგით რა... რა ვერ გაგიგიათ? პროვოკატორის ბლოგია და პროვოკაცია რა თქმა უნდა იქნება. კარგი იუმორია და მწარე სიმართლეც! ანუ, ლოცვს- კურთხევაში ნუ გერევათ :)))) თუ მაინც ვერ გაგიგიათ, აღარ წაიკითხოოთ!!!! :)))
ქამელეონი
03 აგვისტო 2018 18:23
უსახელოს - თუ არ წაგიკითხავს რაზე აკეთებ კომენტარს... ააა, პროვოკატორზე გაქვს ალერგია და თვითონ პროვოკაცია რა შინაარსისა და ხარისხისაა უმნიშვნელოა არა? მიგიხვდი ჩემო "კეთილო" " რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი"... საქმე რომ აქვს და იმ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, სწორედ ეგ გხეთქავთ შურით და ბოღმით შენ და შენისთანებს! არ მითხრა ახლა, მე უკეთ ვიციო, არ გიჩანს შენ საიმისო პირი სხვაზე უკეთ იცოდე რამე, თუ არადა აგერ ხარ და მიდი, შენ დაწერე უფრო მაგარი, ბლოგზე აღარაფერს ვამბობ, თუნდაც კომენტარი... თუმცა რისი დამწერიც ხარ აგერ ა, თვალნათლივ ჩანს; - ორი მარტივი წინადადება ვერ დაგიწერია სწორად და გასაგებად... ჰოდა, ხომ გაგიგია "ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო"!!!
ადმინ - ამჯერად მაინც ნუღარ დამბლოკავთ, არაფერს ვწერ ჩემს ადრესატზე უფრო მეტი სიძულვილის ენით... უბრალოდ, უსამართლობას ვერ ვეგუები, თორემ ზვიადს რა სჭირს ჩემი დასაცავი (არც ვაკადრებ) ორი სიტყვით მოუღებს ბოლოს ნებისმიერ (რბილად ვიტყვი) ოპონენტს!..
Georgia
03 აგვისტო 2018 13:14
რაც ხდება და როგორც, კომენტარიც ისეთივეა ... მარაზმია საერთო ჯამში ყველაფერი ... და ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ ასე გაგრძელდა ...

რედაქტორის რჩევით