"შტაბკვარწირა" ვაშაძე, "ნანაცარი" ბაქრაძე, "კრემლის აგენტი" ზურაბიშვილი, ანუ ააწყვე პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

"შტაბკვარწირა" ვაშაძე, "ნანაცარი" ბაქრაძე, "კრემლის აგენტი" ზურაბიშვილი, ანუ ააწყვე პრეზიდენტი

რბილ სკამებზე შემომსხდარ ხალხს არ ანაღვლებთ ლარის კურსი და საწვავის ფასი. აბა, ფორტუნაგაღიმებულებს რა შეაწუხებთ, რატომ შეხედავენ ელექტროტაბლოებზე გამოსახულ ციფრებს? სამი მილიონი კაცი ვერ უნდა შეინახოს სახელმწიფომ? ან ლარის კურსი ვერ უნდა დაარეგულირონ? ზაფხულში, როცა საქართველოში შემოსულ მილიონობით ტურისტს ვითვლით, დოლარი და ევრო შემოაქვთ, მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არ არის. "ქოცობა" ამბობს, აქაოდა, რეგიონში სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი, რუსული რუბლი და თურქული ლირაც გაუფასურდაო! ჩამოთვლისას არ გამოგრჩეთ რომელიმე, განსაკუთრებით რუსული რუბლის კურსის ვარდნის გამოცხადებისას ისიამოვნეთ! ვითომ ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ რუსეთს კარგი ცხოვრება არ უნახავს, ეგ მუდმივ გაჭირვებას არის შეჩვეული. მაგათი გაჭირვება და იმპერიალიზმია ჩვენი უბედურების საფუძველი, თორემ გამაძღარი რომ იყოს, მაშინ ნაკლებად გადმოგვაყრიდა სამხედრო "ბათინკებს" თავზე! რუსეთი ცალსახად, მტერია, მაგრამ ამაზე წარამარა საუბრით პოლიტიკური ქულების დაწერა რომ უნდათ სათავისოდ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც რუსეთის ძუძუ აქვს ნაწოვი, ძალიან მაკვირვებს. "შტაბკვარწირად" წოდებულ ვაშაძეს, რომელიც მტკივნეულ დროს "ტანცების" გამართვას სთხოვდა რუსეთის ხელისუფლებას, ახლა ეროვნულობისა და რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგის მანტია მოუხურავს და მთავარსარდლის კონსტიტუციური ვალდებულებით აპირებს ჩრდილოეთის დათვთან ჭიდილს! მგონია, რომ ეს კაცი მხოლოდ იმიტომ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ "ნაციონალებს" უკეთესი არავინ ჰყავთ და "მთავარ ოპოზიციურ" ძალას მთავრის სტატუსი რომ არ "აეხეს", ვინმე ხომ უნდა ეჯანჯღარებინათ საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით ნიკოფსიითგან დარუბანდამდე?

არა მგონია, ვაშაძეს და "ნანაცარ" ბაქრაძეს რამე შანსი ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. დააკვირდებოდით, უსუფაშვილ-ზურაბიშვილს გახელებით აქებენ ან აძაგებენ. ვისაც ყველაზე მეტად ესხმიან თავს, მას აქვს ყველაზე მეტი შანსი ამ არაფრის მაქნის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ ორი კანდიდატის განსხვავება ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა, რეზიდენცია სად ექნებათ.

მართალია, დიმიტრი ხუნდაძე და ორიოდე "ოცნებელი" ამბობს, თავისი კანდიდატურა უნდა ჰყავდეს ჩვენს პარტიასო, მაგრამ ხუნდაძეს ისევე დაეკითხებიან აზრს ამ საკითხზე, როგორც მე - ჩინეთის დიდი კედლის რესტავრაციაზე!

არაფრის მაქნისი მარგველაშვილი ისე არავის უკეთებს საქმეს, როგორც "ქართულ ოცნებას". თავის დროზე, ამ ფუნქციას ასრულებდნენ "რესპუბლიკელები" (ათასჯერ მაინც ვთქვი, დაიტოვეთ ხელისუფლებაში ორიოდე "რესპი" ხელის შესაწმენდად ანუ განტევების ვაცად-მეთქი). ახლა თითქმის ყველა ხელმოცარულობა მარგველაშვილს უნდა დაჰბრალდეს, ვითომც მისი იმპიჩმენტი არ შეეძლო ჩვენს პარლამენტს პირველივე "გარეკვისთანავე"! ვატყობ, რომ შემდგომი, ვისაც ყველაფრის გაფუჭება დაჰბრალდება, სალომე ზურაბიშვილი იქნება, რომელმაც დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო საარჩევნო კამპანია, და ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობას გაუსვა ხაზი! ისე, ნიკოლაძე უაღრესად ევროპულად მოაზროვნე იყო...

სალომეზე ათასმა თქვა, ეგაო კრემლის აგენტიაო... ვიკითხავ მოკრძალებულად, საიდან იციან, აგენტები ვინ არიან? აგენტამომცნობობა ისწავლება სადმე, მემკვიდრეობითი ზენაარი ნიჭია თუ თავად აგენტებმა იციან თანამშრომლების შესახებ ყველაზე უკეთ?

ისე, მე თუ მკითხავთ, ძალიან მომგებიანი იქნება "ოცნებისთვის" სალომეს კანდიდატურა. დავიჯერებთ თუ არა, ოფიციალურად ვერავინ წაუყენებს ბრალს "ორმოცდაერთიანელებს" შემდგომში, თქვენ აგვარჩევინეთო. ხარჯი მინიმალური იქნება, თანაც, მხედართმთავრის შუასაუკუნოვან ფორმატში წარმოვიდგინე სალომე (დავით უსუფაშვილიც) და პროვოკაციულმა ღიმილმა დამიარა სახეზე! რადგან ახლა არავინაა ჩვენი მოსაწონი კანდიდატი, ეგებ აგვეწყო პრეზიდენტის საუკეთესო კანდიდატურა? საფრანგეთიდან ჩამოვიტანდით დიპლომატიურ ნაწილებს, რუსეთიდან - ულვაშიან-კაგებეჩნიკურს, ადგილობრივ "მეორადებშიც" ვიპოვით საპოვნელს, არ იდარდოთ, მთლად იმპორტის იმედზე ვერ ვიქნებით ამ გაჭირვების დროს! მაგალითად, ვასაძის ჩოხას რა აქვს დასაწუნი? არაფერი ისე არ უხდება პატარა სახელმწიფოს პირველ პირს, როგორც ეროვნული სამოსი ან ლეიბორისტული კლოუნობა!

პ.ს. ქსენოფობია და უგუნური პოლიტიკაა, აბა, რაა დიდგორობა! 1121 წლის 12 აგვისტოს ნახევარ მილიონამდე ტურისტი და ინვესტორი ამოგვიწყვეტია ბნელი და გაუნათლებელი აღმაშენებლის მეთაურობით!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს