"მიშდვიჟენიების ასკოლკები", მომარშო ელემენტები და "ნანაცარი" "ქოცები" - კვირის პალიტრა

"მიშდვიჟენიების ასკოლკები", მომარშო ელემენტები და "ნანაცარი" "ქოცები"

საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი რაღაც უღიმღამოდ მიმდინარეობს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაასხა ცივი წყალი კონკურენტებს, ჩემზე უკეთესს ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნებაო"?! თანაც დასძინა, ჩემი გამოცდილება ესაჭიროება ქვეყანას დიპლომატიის სფეროშიო! ვერც შეედავები, მართლა გვესაჭიროება კარგი დიპლომატია! ბარემ დავამატებ აქვე, არ გვინდა თავის მოტყუება, რომ "ქართული ოცნების" მომრევები არიან "ლეიბორისტები", "მიშდვიჟენიების ასკოლკები", ზვიადისტები, იმისტები ან ამისტები, რომელთა ნაწილს თურმე "გუგლიც" ვერ პოულობს და საარჩევნო ბიულეტენზე როგორ მივაგნებთ ჩვენ?

ერთი მოცლით მყოფი, ვაშაძის ქუთაისურ ვოიაჟს ასე დასცინოდა: მაგ საწყალს იმდენი ამომრჩეველი მაინც დახვედროდა, რამდენიც ულვაშის ღერი აქვსო. არ შემიძლია ახლა შედარებითი არითმეტიკის დეტალებზე ყურადღების შეჩერება, რადგან უკეთესი მესიჯი მაქვს გასაქილიკებელი: "შტაბკვარწირა" ვაშაძემ ისეთი რამ თქვა ტყიბულელებთან, გაოცების ჟრუანტელმა დამიარა: როგორც ჩვენ გადავაბარეთ მშვიდობიანად ხელისუფლება 2012 წელს "ქოცებს", კეთილი ინებონ და ასეთივე ფორმით გადმოგვაბარონო! ვიიშ, ჩემო ბატონო, სხვა არაფერი გნებავთ? მაგალითად, მიშას სპორტული აღნაგობა ან ტრიუფელის სუფი? სულ მაგ ჭკუაზეა ახლა "ქართული ოცნება", რომ სავარძლები გაგითავისუფლონ, თანაც, რაც მე "ნანაცარი" "ქოცები" ვიცი, რა პირით უნდა გამოაგლიჯოთ მაგათ სავარძლები? დაგავიწყდათ, ისინი თქვენი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ძმები რომ იყვნენ?

კარგა ხანია, არაფერი ისმოდა "მარშელებისგან". რომ მეგონა, მაგ არაფრის მაქნისი პოპულისტების კრებულის მზე ჩაესვენა-მეთქი, უცებ ისევ ფეხბურთელ კაშიას სამკლავურზე ატეხეს ამბავი. ვიღაც ქეთევანად წოდებული ქეთი გინებით იკლებდა "ფეისბუკს", ეგ კაშიას სამკლავური შვილებს "გვიპიდარასტებსო". გგონიათ, ცოტა ეთანხმებოდა? დამთანხმებელთა რიგში იყვნენ ანტილიბერალური რაინდი ქუთაისიდან, მანანა ქართლელი კასპიდან, შემომხედეთ ლამაზი ვარ - მათხოჯიდან და მართლმადიდებელთა მახვილი - მარნეულიდან! ამათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, ის მაინტერესებს, ამ მომარშო ელემენტებს ან წიგნი არა აქვთ წაკითხული, ან ოჯახის წევრები არ ჰყავთ, ან სულაც ხელი არ მიუწვდებათ დამამშვიდებლებზე? თანაც, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე ფასი განახევრდაო და მარშელობაზე მეტი ქრონიკული დაავადება არც მე ვიცი! თუმცა, მარიხუანაზე დამოკიდებულებაც არაა ნაკლები სამკურნალო, რომელსაც აკაკი ზოიძე თავის ბრწყინვალე ყურადღებას ასე უთმობს:

"მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება ანუ საჯარო ადგილებში მოწევაზეა საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ., სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. გარდა ამისა, კიდევ ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია. ბატონ ზოიძეს მგონი გუგულაცია დაეწყო და ძალიანაც კარგი! მახსოვს, მთელი ქვეყანა რომ დავცინოდით "პაპიროზის" მოწევასთან დაკავშირებით, მაგრამ ხომ მიაღწია მისაღწევს ჩვენმა გუგულიმ? ჰოდა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თუ ისევ არ იქნება გუგული, ქვა ქვაზეც ნუ დარჩება! აი, ეს ჩვენი ზოიძეც დაიმსახურებს მალე ჩემს სიმპათიას, რადგან თქვა, რომ პლანაქეში არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მფრინავი, ექიმი და კიდევ სხვებიცო! ამ სხვებში ალბათ იგულისხმა საჯარო მოხელეები, მასწავლებლები, აგრონომები, მრეწველობაში, სოფლის მეურეობასა და მომსახურების სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიის ადამიანები!

პ.ს. ვაშაძე ბრუნდება პარტიულ ოფისში და საკუთარ იარაღს ვერ პოულობს. ოფისის თანამშრომელს ეკითხება: - სად არის ჩემი იარაღი?

- ერთ ნაცნობს შენი იარაღი აი, ამ საათში გავუცვალე, - პასუხობს თანამშრომელი.

- საათი ნამდვილად კარგია, მაგრამ წარმოიდგინე, ხვალ რომ ოფისში ყაჩაღები შემოიჭრნენ, მე და დანარჩენი "ნაცები" მოგვკლან, შენ რას უპასუხებ თუნდაც ბატონ მიხეილს?

- მოსკოვის დროით 12 საათი და 10 წუთია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს