ბიძინა ზის და წერს "სალომეს ბედნიერებას" და სად სცალია "სიმამრიჩად" წოდებული ირაკლი ღარიბაშვილისთვის - კვირის პალიტრა

ბიძინა ზის და წერს "სალომეს ბედნიერებას" და სად სცალია "სიმამრიჩად" წოდებული ირაკლი ღარიბაშვილისთვის

ფეხბურთის მატჩი, რომლის მთავარი "გმირი" სამკლავურით ცნობილი კაშია გახლდათ, მშვიდობიანად დასრულდა. მადლობა უფალს, ეს მატჩი მოგვიგია კიდეც! ესე იგი, სამკლავური წარუმატებლობის საფუძველი არ ყოფილა, მაგრამ მარშისტულ-ფარშისტული ძალები ისევ გაიძახიან, რომ არა მარტო "სუდიაა" "ფანდარასტი", არამედ უკვე ზოგიერთი ფეხბურთელი და მაყურებელიცო!

გასაოცარია და ერთხელ ნაწამები ბრეგაძე გადადის მშვიდი ცხოვრების წესზე: სამი ათას კვადრატულ მეტრს შემოვღობავ გალავნით და ბომბორა ძაღლებით გარშემორტყმული თავს დავიცავ "ელჭიპიტი" პუბლიკისგანო. ოღონდ ეგ არ ქნა, ბატონო სანდრო, ჩვენი ნამუსის ბაირაღო, ჩვენო ზნეობავ და სინდისის მაღალო თამასავ, რად გინდა გალავანი და კარჩაკეტილობა, თუ პლეხანოვი არაბებმა წალეკეს, ბათუმი კიდევ თურქებმა და "ვაგზლის მოედანი" ბოშებმა? გამოდი, ეწამე და გადაარჩინე ჩვენი ოჯახები! შენ, ახალი მოწამე დაგვაყენებ შენი ცხოვრების მაგალითით სწორ გზაზე და აღარ გვეყოლებიან თმამოშვებული ბიჭები, თავხოტორა გოგონები, ფერადსამკლავურიანი ფეხბურთელები და "ნატაფერაძეები"!

ბრეგაძის ამბავი კიდევ არაფერი, ლოკალურია და მცირე გეოგრაფია აქვს. ცოტა ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზეც წავიპროვოკატოროთ! სოციალურ ქსელში საუბრობდნენ, რომელიღაც "ქოცქალა" დასტიროდა მაკკეინის ცხედარს, - შენ იყავი ჯორჯიაზე შეყვარებული რაინდი, სადაც უნდა გაფრენილიყავი, მისი აეროპორტით სარგებლობდიო! და ვის გაუგონია ეს ყველაფერი? მაკკეინის პილოტს! თურმე, ეგ პილოტი ძლივს იკავებდა სიცილს, - კი, კაცო, სამი დღის წინათაც გადავუშხუილე თავზე ჯორჯიასო! გგონიათ, სიმართლეს არ ამბობდა ეგ ქალი? ამერიკაში ჯორჯიის შტატი არსებობს, ჩემო კარგებო, მოგეხსენებათ და თუ არ მოგეხსენებათ, დაეკითხეთ დოდონა კიზირიას, მაგან მარტო მიშას სიყვარული და გინება კი არ იცის! გეოგრაფიაც იცის! ჰო, ჩვენც ნუ ვიქნებით გეოგრაფიულ-დიპლომატიურ-პოლიტიკურ უნარებს მოკლებულნი და სხვა თუ არაფერი, დატირების დროს მაინც გამოვიყენებთ, სხვა დროს თუ არა!

მაკკეინის გლოვა არ დაგვისრულებია ჯერ, მაგრამ ამ ბოლო დღეებში კიდევ ორი სადარდებელი გამიჩნდა: ლარის კურსი და პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა. ნიტრატებიანი საზამთროსავით გაიზარდა დოლარის კურსი და პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობაც ისეთია, ადრე სიზმრადაც რომ ვერ ვნახავდით. მართალია, ზოგიერთი ვერ მოაგროვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს და ვერ იხილავს საკუთარ გვარ-სახელს საარჩევნო ბიულეტენზე, მაგრამ ამბიცია ხომ გახლავთ დიდი? სადაც ამბიციაა, გამარჯვებაც იქაა მოსალოდნელი! ერთმა გონიერმა კაცმა თქვა, რა არაფრობაც ეს თანამდებობაა, ის არაფრობაა ეს კანდიდატებიცო. თუ ასე გაგრძელდა, ყველა სოფელსა და კორპუსს მალე თავისი პრეზიდენტობის კანდიდატი ეყოლება, რასაც უნდა დავამატოთ კაცის თავზე ერთი ვარსკვლავი სახელ-გვარით, პროფესიის აღნიშვნითა და დაბადების თარიღით, გარდაცვალებულთათვის ყველა სასაფლაოს უნდა მიენიჭოს პანთეონის სტატუსი, ეს იქნება მიწიერი სამოთხე და ურთიერთგაგების ყველაზე დიდი საფუძველი! მართალია, უპანთეონესის წოდება მაინც მთაწმინდას დარჩება, მაგრამ აქაცაა გამოსავალი - ყველა სასაფლაოს ეწოდოს მთაწმინდა! დავბრუნდე ახლა მე რეალობაში, ყველაფერს სჯობს! კანდიდატების რაოდენობას ცესკო და საარჩევნო კოდექსი დაარეგულირებს, მაგრამ ლარის კურსს რა უშველის? აქაოდა, ტურისტების შემოდინება დოლარის ფასს დაბლა დასწევსო, მაგრამ არც დაიწია და არც არაფერი... უცებ, სენტიმენტიც კი მომაწვა: ნეტავ სად არის ან "სპასაწელი" კვირიკაშვილი, ან ის მეექვსე მილიონიანი ტურისტული ნაკადის გვირგვინი ესპანელი მოგზაური? ან სულაც კვირიკაშვილისწინა პრემიერები სად არიან? ივანიშვილი კი ვიცი, სადაცაა და რასაც აკეთებს, მაგრამ სიმამრიჩად წოდებული ირაკლი სადაა? როგორ ჰქონდათ იმედი ორიოდე თვის წინ ირაკლისტებს, აიო, ბიძინა მაგას ისე არ დატოვებს, აუცილებლად საპრეზიდენტო მანტიას უბოძებსო! არც მანტია ჩანს მისთვის, არც არანაირი პრასვეტი, დაიჯერეთ, ირაკლიზე მეოცნებეებო! ახლა ბიძინა პოლიტიკური ბელეტრისტიკითაა დაკავებული და წერს "სალომეს ბედნიერებას" და "ნაცმოძის" გასაჭირს", სად სცალია ირაკლისთვის...

პ.ს. სალომეს ეუბნებიან, ფეხბურთის მატჩის წინ დიდი სიჩქარე განავითარე, ყველა ჟურნალისტს გადაასწარიო! ჟურნალისტებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების "აბგონი" გამიჭირდებოდა, როცა "ქართული ოცნება" მიჭერს მხარსო?! - უპასუხია პარიჟანკას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს