"ტაშკენტიიიდან მოდიიის ქარავანიიი" - "სალომეს ბედნიერებიდან" კანაფის კომბინატორობამდე
20-09-2018
"ტაშკენტიიიდან მოდიიის ქარავანიიი" - "სალომეს ბედნიერებიდან" კანაფის კომბინატორობამდე
განათლების სისტემაში დიდი ცვლილებებია. წარმოიდგინეთ, რა დროიდან გვყავდა მიმინოშვილი, მაჩაბელი და გიგაური... მოვიდა ბატიაშვილი და დასვა სახლში ეს მასშტაბური ედუფიგურები! ავი ენები ამ ხალხზე ისეთ რამეებს ამბობდნენ, მე რაღა მაქვს მათზე სათქმელი, მაგრამ რაღაც უკეთესი რომ ხდება, ეს ძალიან მახარებს. ახლახან დაიწყო სწავლა და კი დაეტყობა მალევე სისტემას, საგანმანათლებლო პოლიტიკა თუ შეიცვალა.
ბატიაშვილის ოჯახი აშენდეს, რაღაც მალამოსავით მოეცხო გულს იმ მოუშორებელთა მოშორებანი, ოღონდ აქვე დავამატებ: პრემიერთან ერთად განათლების საკითხების პრეზენტაციას მაინცდამაინც
იყალთოდან ნუ შემოგვთავაზებს, ჯერ ერთი, გელათის აკადემიამ რა დააშავა და მეორე კიდევ, დრო დაეზოგება...

სიმართლე რომ გითხრათ, მაინცდამაინც აღტაცებით არ შევხვედრივარ მასწავლებელთა ხელფასების ზრდის დაპირებასაც, რადგან შედეგები სწავლა-სწავლებაში ისეთი საშინელი გვაქვს, მგონი, ჯამაგირის შემცირების ღირსიცაა ბევრი პედაგოგი! ისე, ერთსაც ვიტყვი განათლების სისტემის საყურადღებოდ, ეგებ ბატიაშვილის
ყურამდე მიაღწიოს ამ ნათქვამმა: საარჩევნო კომისიებში მუდმივად მასწავლებლები რომ არიან უმეტესად, ეგებ რეკომენდაციის დონეზე თქვას მინისტრმა, რომ მასწავლებლებმა ადგილი საარჩევნო კომისიებში სხვებს დაუთმონ. არ არის ახლა საჭირო იმის თქმა, მასწავლებლები კარგად ართმევენ თავს დავალებულ საქმეებსო. წერა-კითხვა, ანგარიში და თვით ექსპერტობაც კი ვისწავლეთ ქართველებმა "ფეისბუკით"! ზოგმა "იმედით" ვისწავლეთ, ზოგმაც - "ობიექტივით" და ყველაზე მეტად მაინც ჩვენი, ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიით, "რუსთავი 2"-ით! ჰოდა, დაუთმონ ახლა მასწავლებლებმა კომისიების წევრობა უფრო საქმემსუბუქებს ან სულაც დაუსაქმებლებს.

ათასჯერ ვთქვი უკვე, რომ "სალომეს ბედნიერება" დაწერილია სოლოლაკის სასახლეში-მეთქი, მაგრამ არ ესმით ამ ჩემი ცოდვით სავსე პრეზიდენტობის მსურველებს, რომელთაგან ჩვიდმეტიოდე მესიობას იბრალებს, ოცდასამიოდე ღმერთკაცობა/ღმერთქალობას, არიან მზეჭაბუკები, ვარსკვლავბიჭუნები, ხორცშესხმული აფროდიტეები, ჰერა-ათინები, აღმაშენებლები, ბრწყინვალეები და მისთანანი!

მოვა ოქტომბრის ბოლო და ნახავთ, რომ მე მართალი ვარ. ბუნებრივია, პრეზიდენტობა ფარჩაკი პოზიციაა, მაგრამ ვიდრე სალომე გახდება პრეზიდენტი, მანამდე უნდათ მისი გაფარჩაკება. აი, დარდიო, ფიქრობს სალომე. პუწინის რეზიდენტობიდან ელენე თევდორაძეობამდე რა აღარ დააბრალეს, მაგრამ მთავარი ამ დაბრალებაში ისაა სასაცილო, ქართული ანდაზა კიდევ ერთხელ რომ გვახსენებს ძველისძველ სიბრძნეს - "ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო!" კიდევ უფრო სასაცილო ისაა, რომ ამ გაფარჩაკების მსვლელობისას სალომე ისევ ანდაზას რომ უჯერებს დიპლომატიურად: "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო!"

გემახსოვრებათ ჩემი თაობის ადამიანებს, როგორ აკივლებდნენ მარშრუტკებში მძღოლები "ტაშკენტიიიდან მოდიიის ქარავანიიი" (მოგეხსენებათ, ეს ის დროა, როცა ნინო ჩხეიძე არ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავარი მუსიკალური ატრიბუტი), ახლა აღარ დაგვჭირდება იმპორტირებული პლანი, აღარც კანაფის ზეთი და დიდ ბრიტანეთსაც ავახევთ მსოფლიო ბაზრის დაპყრობილ სეგმენტებს ამ მიმართულებით! მთავარია, არ დაგვეზაროს ახლა მიწის კულტივაცია, მერე ჩითილების გამოყვანა-დარგვა და სრულყოფილი საბაზრო საქონლის წარმოება. ვიღაც ლაპარაკობდა, ქართველებს ეგეც დაეზარებათ, აი, ნახეთ თუ არა, გგონიათ, მაგ მცენარეს ვაზზე ნაკლები თანგადაყოლა სჭირდებაო? იქვე გამოვიდნენ აგრარული ბაზრის სპეციალისტები და თქვეს, რაღა კანაფის ზეთს დაეტაკეთ, ცოტა უკეთესზე იფიქრეთო და ჩამოარაკრაკეს ფასები.

ვერ გეტყვით, რამდენად სწორია, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ჩამოარაკრაკეს: ევროპაში 250 მილილიტრი კანაფის ზეთი 7 ევრო ღირს, გოგრისა და ნუშის - 12, ვარდის - 75, ნიგვზის - 150-ო! ეს თუ მართლა ასეა, არ ჯობს, ნიგოზი დავბერტყოთ, მერე მოვაგროვოთ, გავახმოთ და ზეთი გამოვხადოთ? გოგრასა და ნუშს რად უნდა გამოხდა, ისედაც საკაიფო საჭმელია, თუ მოხალავთ. ვარდის ზეთი კიდევ, სააკაშვილს მაგონებს ასოციაციურად და მაგას ისევ პლანის ზეთი მირჩევნია! ნუ წამომაძახებთ ახლა, პლანის ზეთიც უნდა გახსენებდეს მიშას, მაგრამ შენ არა პროვოკატორი, არამედ - ბიძინატორი ხარო. გულზე ხელს ვიდებ და ისე ვწერ: ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი ნუ ეძებთ ჩემში ბიძინისტს ან "სხვისტს", რადგან პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, პროვოკატორი კი ვრჩები!

პ.ს. ვინც ამ ნაწილში ანეკდოტს ელოდებოდით, ჩათვალეთ, რომ აქ წერია პრეზიდენტობის მსურველების სია...
25 სექტემბერი 2018 14:17
მაინტერესებს რისთვის წავიდეთ არჩევნებზე თქვენ რო მთელი ცხოვრება მოიწყოთ ისეირნოთ წინ და უკან ექვსი წელი უმაღლესი დრო ატაროთ თვალში ნაცარი მოგვაყაროთ ტყუილებით როგორც მარგველაშვილმა კაი დრო ატარა მომავალი გაკეთა თვითონ და ცოლის ხალხს და დაგვემშვიდობება გაკეთებული საქმე 00000
ბასა
21 სექტემბერი 2018 16:40
ადრე უფრო ღირებულ სტატიებს წერდი ზვიად ბატონო, გადაავლე თვალი არქივს... პატივისცემით...
მედეა
21 სექტემბერი 2018 16:14
გახარებული ვიყავი ჩემი დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთიდან იქნებ შემოსავალი მეც მივიღო-თქო. მე ვერ ვამუშავებ,სოფელში კი ჩემი კი არა, თავისას ძლივს აუდიან, არავინ აიზიარა, ჰოდა გამეხსნა ბედი მეგონა. ველური კანაფის დათესვას დიდი მოვლა არ დაჭირდება ალბათ და მეც შევძლებდი მეგონა, მაგრამ გადამასხეს ცივი წყალი. მდიდრების მეტი ვერავინ შეძლებს მის მოყვანა გადამუშავებასო, რიგითისთვის მიუწვდომელია. დავრჩი ცარიელი მიწის ნაკვეთით.ვ ა ი !

რედაქტორის რჩევით