"პოშტსკრიპტუმი", დაბალპროცენტიანი, ფრანგი სალომე და დევნილობაში მყოფი, "ეროვნული გმირი" სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"პოშტსკრიპტუმი", დაბალპროცენტიანი, ფრანგი სალომე და დევნილობაში მყოფი, "ეროვნული გმირი" სააკაშვილი

"ნაცმოძრაობა" უფრო ფაშისტური ორგანიზაციაა თუ "ქართული ოცნება"? ამ დღეებში ეს გვაქვს გასარკვევი. პარტიული ლიდერები გამანადგურებელ არგუმენტებს ტელეეთერიდან დაუნდობლად ესვრიან ერთმანეთს და თუ რომელიმემ მოსწრებული სიტყვა თქვა, ისეთი გახარებული რჩება, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნები მოეგოს მის მხარდაჭერილ კანდიდატს.

ზოგჯერ გაბრიყვდები კაცი (ქალიც) და ჩართავ "რუსთავი 2"-ს. ჰოდა, გასულ კვირას გაბუნიას "პ.ს."-ს მივადევნე ცოტა ხანს თვალი. რამსები არევიათ, ეგრევე შევატყვე. იმდენი შეცდომა გაეპარათ, სხვა რა უნდა მეფიქრა? ჯერ იყო და ტელევიზორის მარცხენა ქვედა კუთხეში, ეკრანზე დაეწერა "პ.შ."! თვალებს კი დავუჯერე, მაგრამ მაინც ჩავეკითხე საკუთარ თავს, ეს "პოსტსკრიპტუმი" "პოსტშკრიპტუმად" ეგებ გადაკეთდა, ბოლო პერიოდში იშვიათად ვუყურებ ხოლმე ტელეგადაცემებს და რას გაუგებ მედიაბიზნესს-მეთქი... თუმცა, მალევე მივხვდი, რომ "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიას სახელი არ გადაურქმევია გაბუნიას გადაცემისთვის, მხოლოდ მექანიკური შეცდომა დაუშვიათ...

მოკლე ხანში დავადგინე, რომ "რუსთავი 2"-ს 2012 წლის ოქტომბრიდან არც პათოსი შეუცვლია, რომელიც დაახლოებით ასეთია: "ბიძინა მტარვალია, სალომე ფრანგია და პუწინის ხელის გოგოა, "ქოცები" უნიათოები, იზორია ანგრევს ჯარს, გამხდარი გახარია იჭერს ძროხების ქურდებსა და 24 წლის წინ გაქცეულ პატიმარს, "ეროვნული გმირი" სააკაშვილი დევნილობაშია". რაც მთავარია, ვაშაძე იმარჯვებს ყველა ვარიანტში საპრეზიდენტო არჩევნებში! აბა, სხვა ვინ? ისიც გამიკვირდა, ქართული ტელემედიის მეტრმა და სინდისმა, ჩვენმა უობიექტურესმა "გვარამიავიზიამ" არითმეტიკაში რომ მოიკოჭლა და ისეთი დიაგრამა აჩვენა, ამომრჩევლის რაოდენობა 110 პროცენტზე აიყვანა! ბუნებრივია, ვაშაძის გაბერილი მაჩვენებლებია მანდ დამნაშავე, თორემ სალომეს რეიტინგს დანაკლისით რომ აჩვენებდნენ, ეს ეეჭვება ვინმეს?

ეგ კი არა, გასულ კვირაში სალომეს კახური ვიზიტები იმდენად გასაცოდავებულად უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ თავად აღმოჩნდა ჩემი ზოგი კოლეგა სირცხვლის ზღვარზე. ყვარელში ერთი დედაკაცი უნახავთ, აი, ისაო, იტირეო, იწივლეო, უწამლობა-უპურობა მოიტირე და ბოლოს "სალომე პუტინის რეზიდენტი" იძახეო. საბრალო დედაკაცს კი დაუმახსოვრებია უწამლობა და უპურობა, მაგრამ ეს რეზიდენტი ვერ დაუმახსოვრებია... ჰოდა, კოლეგებო, ცოტა უკეთესი დრამატული ნიჭის მქონეები იშოვეთ, რომელიც ისე დახატავს საქმეს, რომ სალომე იყოს ჯოჯოხეთის ტარტაროზი, გრიგორ "შტაბკვარწირა" - მიშას მიერ მოვლენილი ანგელოზი ჩვენს სახსნელად და საცხოვნებლად! ვაშაძეც იყო კახეთში და იძახდა, აი, რა ქნეს "ქოცებმა", ვენახის 70% დაუკრეფავიაო! ერთი ვენახი მაინც ეჩვენებინა ვაშაძეს, სადაც დასაკრეფი იქნებოდა ყურძენი! ჩემს პროვოკაციულ უნარებს გეფიცებით, თუ მართალს არ გეუბნებოდეთ, ჩემს ნაცნობ ერთ მევენახე კახელს 5 ტონამდე ყურძენი მოუვიდა და 15 ტონაზე მეტი მოსთხოვეს, ეგებ და კიდევ გაქვსო! სუბსიდირების გარეშე რომ დასრულდა ეს რთველი, მაგას არ იმჩნევენ, არა და რა კარგია, როცა ჩემი ფული არ იხარჯება მეღვინე-ბიზნესმენების ჯიბის გასასქელებლად, ეს აღგვენიშნა მაინც, უნიათო "ქოცების" დამსახურებათა მწირ ჩამონათვალში! არც ის დავივიწყოთ, "ნაციონალური" რთველის დროს მიშას ხალხი 20-20 კილოგრამობით რომ ატენიდა მასწავლებლებსაც კი ყურძენს საყიდლად!

ამასობაში სალომე ზურაბიშვილმა არითმეტიკულ ნაწილზე დააჭირა ფეხი "ნაციონალებს" და ბიჰევერიონისტულად დამოძღვრა ყველანი, ორჯერ ორი ოთხიაო, თანაც, სოციალურ ქსელში მრავალწლიანი წიწაკის ბუჩქის ფოტო ატვირთა წარწერით - "იგემეთ". ეს უკვე დამაშამათებელი სვლა იყო გვარამია-კილაძის გასტროპოლიტიკური ლოზუნგისთვის, თუმცა, ამ თვის ბოლოს რომ "ნაციონალები" გამწარდებიან, ისე რომელი წიწაკის ჭამა გაამწარებს მაგ ათასჯერ სირცხვილნაჭამ პოლიტიკურ გაერიანებას?

პ.ს. "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი ზაირა ამრეზით უყურებდა "ქართული ოცნების" თბილისელ მხარდამჭერებს და ბუზღუნებდა: მეტი რაღა უნდა დაგემართოთ, თქვე უბედურებო, სამტრედიელი კალაძე თბილისობაზე ნომერ პირველი პერსონააო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს