სანდრა-მიშას ქორწილი - სეფა ზუგდიდში: მეგი გოცირიძე ელარჯიანი ქვაბით, ნაზი არონია საცივით, ბოკერია კუთხეში კიტრითა და...
სანდრა-მიშას ქორწილი - სეფა ზუგდიდში: მეგი გოცირიძე ელარჯიანი ქვაბით, ნაზი არონია საცივით, ბოკერია კუთხეში კიტრითა და...
ტელევიზიები ისევ სუბელიანისა და ჯაფარიძის ჩანაწერებით გვიჭედავენ ყურებს. ერთი გამაგებინეთ, ეს მთავარი პროკურატურა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ხმის ჩამწერი სტუდია როდის აქეთ გახდა? ასე გამიგონია, რომ პროკურატურა ბრალმდებელი ორგანოა, სასჯელაღსრულებას პატიმრების მოვლა-პატრონობა ევალება, ეს აუდიოსერვისი რაღად დაიმატეს, ეგებ ამიხსნათ?

უცნაური საარჩევნო კულტურა თუ უკულტურობა ჩამოგვიყალიბდა ქართველებს. კი ვამბობთ, ძირძველი ევროპელები ვართო, მაგრამ სად გინახავთ ევროპაში ასეთი რამე ხდებოდეს, რაც ჩვენ ასე ორგანულად შევითვისეთ? ევროპულ და ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ კონკურენტები ერთმანეთს
ედავებიან იმაში, რომლის პოლიტიკურმა ძალამ რამდენი პროცენტით შეძლო უმუშევრობის დამარცხება, რამდენი პროცენტით გააიაფეს კომუნალური გადასახადები, რამდენი პროცენტით გაზარდეს ხელფასი, პენსია, გააუმჯობესეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, რამდენით შემცირდა მედიკამენტების ფასები, რამდენი პროცენტით შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რამდენით გაიზარდა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, როგორ მკვიდრდება ზოგადსაკაცობრიო იდეალები საზოგადოებაში და მხოლოდ
ჩვენთან ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო ბევრი კომპრომატი და ბინძური აუდიო- ვიდეოჩანაწერი მოაგროვა სამომავლოდ ან კიდევ, როგორ მოხდენილად გალანძღავს ოპონენტს! კიდევ კარგი, სულ 25 კანდიდატი გვყოლია და არა მეტი, თორემ, მერე გენახათ, რამდენი პუტინისტი (პუტინისტები, ალტერნატიული ელექტორატული შეხედულების მიხედვით, ორგვარნი არიან - იმპერიალისტები და წმინდანები) და ევროატლანტიკური სივრცის (ესეც ორგვარია - დემოკრატიული და გათახსირებული) აგენტი იქნებოდა "გასაცოდავებულ" საარჩევნო ბიულეტენზე!

ამდენ ისტერიულ კანდიდატს, სხვა ქვეყნებში, მგონი, სანთლით რომ ეძებო, მაინც ვერ იპოვი და ჩვენ რა უხვების კალთა დაგვაბერტყა ისტერიის ღმერთმა, ეგ გამაგებინა! თან რას არ ათქმევინებს ეს არჩევნები ცნობილ თუ მივიწყებულ სახეებს, ცალკე ჩარკვიანმა თაკომ დაიწყო პუბლიცისტობა და გვემუქრება, არ გადამრიოთ, უმრავლესობით არ მომიყვანოთო; მურმან დუმბაძემ კიდევ ისე გაუბერა, მგონი, ბათუმში პოლიტიკურ შტორმს უნდა ველოდეთ ამ კვირის ბოლოს. და იცით, რატომ? თუ არჩევნების ღმერთი არ გაუწყრება სალომეს და პირველი ტურში მოაგროვებს სათანადო რაოდენობით ხმებს, როგორღა აუხდება ახალი ოცნება მურმანს? "არ წავალ ოპოზიციაში, თუ გრიგოლ ვაშაძე შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან კალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა", - ეს ბრძანა დუმბაძემ. გემახსოვრება, მკითხველო, ადრე ხელის გახმობით წყევლიდა პოლიტიკურ ოპონენტებს ეკალ-მურმან დუმბაძე! აი, მურმან, შენ თუ ოპოზიციაში წახვალ, ყველანი დაგედევნებით, გგონია? ჯანდაბამდე გზა გქონია შენც და შენს აზრებსაც!

მურმანს უკვე ნამღერი აქვს თავისი უკანასკნელი პოლიტიკური არია, ახლა უბრალოდ, გედის პოლიტიკური რეკვიემი დარჩა და მაგის მერე ეგ ისე დაავიწყდებათ, როგორც შარშანწინდელი თოვლი. თუმცა, არ დაავიწყდეს ქართველ ერს, რომ მალე სანდრა და მიშა ქორწინებიდან 25-ე წლისთავის გადახდას აპირებენ ზუგდიდში. წამოიდგინეთ, რომ ვაშაძე გაპრეზიდენტდა, გამოუშვა ციხიდან მერაბიშვილი, ახალაიები, მოქალაქეობა მიანიჭა მიშას, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან, ყინულის მოედნის გვერდით გაიშალა სეფა, სადაც ნეფე-პატარძლისთვის ოდნავი შემაღლებაა, იქ კი სანდრა მღერის მეგრულ ნანას, მეგი გოცირიძე შემოდის ელარჯიანი ქვაბით და კაცის თავზე თითო თეფშს არიგებს, ნაზი არონია საცივს დაატარებს ათლიტრიანი სათლით, ბოკერიას კი კიტრი და ლიმონათი უჭირავს კუთხეში და მორცხვად უყურებს, როგორ უკაკუნებს მოხდენილად თეფშზე დანა-ჩანგალს დავით ბაქრაძე... წარმოიდგინე, მკითხველო, ეს ყველაფერი? თუ წარმოიდგინე, აფერუმ თქვენს ფანტაზიას!

პ.ს. სულ მალე დაიწყება ხელმოწერების მოგროვება მოთხოვნით, აეკრძალოთ ჯაფარიძეებს პოლიტიკური აქტივობები, ვიქტორ ჯაფარიძის სუბელიანთან ვიზიტებისა და ზურაბ ჯაფარიძის "პლანაქციების" გამო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მგძნობიარე
29 ოქტომბერი 2018 15:09
ერთგულების 25 წელი. . .
უერთმანეთოდ ვერ ძლებენ
anna
28 ოქტომბერი 2018 16:21
მთავარია საქართველოს პრეზიდენტმა ომი არ დაიწყოს,როგორც ზვიადის,ედიკას და მიშას დროს მოხდა!
რუსა
26 ოქტომბერი 2018 12:30
ნეტა საიდან მოიტანეთ რომ მიშა და ბიძინა ერთია, ხღაპრების მოყოლას თავი დაანებეთ, ხალხს ნუ აღიზიანებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები