მეორე ტური და..., ანუ არ არსებობს "ნაციონალი", რომელსაც ბიძინას ფულის სიხარბე არ მოსჭრის თვალს და არ "გაქოცდება"! - კვირის პალიტრა

მეორე ტური და..., ანუ არ არსებობს "ნაციონალი", რომელსაც ბიძინას ფულის სიხარბე არ მოსჭრის თვალს და არ "გაქოცდება"!

ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თავდაჯერებულობა მოგვცაო, უბრძანებია კალაძეს. აჰა, ბატონო მერო, გამოდის, რომ მაღალი თვითშეფასება გაქვთ პარტიაში! და რატომ არ აღმოჩნდა ვინმე ისეთი თქვენ შორის, რომელიც ზუსტად გეტყოდათ, რა გელოდათ გასულ კვირას? ახლა თუ მაინც გაიგეთ, რომ შიდა კვლევები არ ყოფილა საიმედო და არ უნდა გჯეროდეთ მაინცდამაინც ის, რისი დაჯერებაც გინდათ! "ქოცებზე" მყარად იყვნენ დასკუპებულები "ნაცმოძელები" სკამებზე, მაგრამ ჩამოცვივდნენ დრომოსული პანტებივით ძირს 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს. ასე რომ, იყავით ფრთხილად, თუ არა და, მერე არ თქვათ, არ გაგვაფრთხილეო!

აი, "ქოცობას" რომ ეგონა, მიშა გავაგდეთ და გვეშველაო, მთლად ეგრეც არ ყოფილა საქმე! მარტო მიშაში არაა პრობლემა. პრობლემა მიშიზმსა და ზოგადად, ბელადიზმშია, თუმცა, ამის აღიარება არ გვინდა. რა მნიშვნელობა აქვს ბელადის სახელს ან გვარს? ნაპრეზიდენტალის გაძევებით რა გეგონათ, სამგლეთი დაიქცეოდა? ფრიად დიდ უხერხულობაშია ახლა მმართველი პარტია, თურმე თვალები ახვეული ჰქონია პარლამენტს და უმაღლეს პოლიტიკურ ელიტას! განა არ ვიცი, რომ "ქოცები" "ნაცებს" სჯობნიან? სხვა თუ არაფერი, ნულოვანი ტოლერანტობის მომიზეზებით არ ყრიან ციხეებში ხალხს, ბიზნესს არ არეკეტებენ (არ გამაგონოთ ახლა ოქუაშვილის დაჩაგვრაზე ხმა!), დუბინკებს არ ურტყამენ ქუჩაში გამოსულ ხალხს და კიდევ ბევრი სხვაც შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ წინას რომ აჯობებ რაღაცით, ეს სულაც არაა ბედნიერება! არც ისაა ნუგეში "ოცნებაზე" შემომწყრალი ხალხისთვის, "შტაბკვარწირას" რომ აამეს და "5" შემოხაზეს! თუ ცუდია "ოცნება", ამის გამო უნდა მისცე შენი ხმა და არჩევანი იმ პოლიტიკურ ბანდას, რამდენიმე ნაწილად რომ დაიშალა?

გადავხედე ზოგიერთი საარჩევნო ოლქის მონაცემს და "ოცნებისთვის" მოუგია ვაშაძეს. ქუთაისში რომ აჯობეს მიშისტებმა ბიძინისტებს, რატომაა გასაკვირი? ქუთაისის მერს, სულ ცოტა ხნის წინ, ვინმე ნატალი დაუნიშნავს მრჩევლად, ეს ნატალი კიდევ ისეთი "ნაციონალი" ყოფილა, სულ ხუთნომრიან მაისურებს აფრიალებდა მუდამ, ახლა კიდევ ჭიღვარიამ დაივიწყა მისი პოლიტიკური წარსული და დაისვა მრჩევლად. ეგეთი მრჩევლები თუ ჰყავს, კი ურჩევიათ კარგად, მე და ჩემმა მზემ (მთვარემაც!) და ამიტომაა ალბათ, ქუთაისს საშველი თუნდაც შიდასაქალაქო კომუნიკაციებში რომ არ აქვს პროგრესი! როგორ შეიძლება ჰქონდეს ავტორიტეტი იმ პოლიტიკურ ძალას ქუთაისში, რომელიც შევარდნაძის დროინდელ შს მინისტრს "დასვამს" მაჟორიტარად! ან ზესტაფონის მდგომარეობაზე დაფიქრებულიყავთ, გუბაზ სანიკიძის დეპუტატის ბიუროს ყოფილი უფროსი რომ შესთავაზეთ მუნიციპალიტეტს მაჟორიტარად, კაცი გაწყდა ზესტაფონში?

ცოტა ხნით გამწარებულ "ქოცებს" თავს დავანებებ და ისევ ვაშაძეს შევაწევ სიტყვას: ეს კაცი უეცრად რომ გადაბრძანდეს "ოცნებაში", მაშინ რას შვრებიან მიშისტები, მურმან დუმბაძეები და მათი მსგავსნი? მე თქვენ გეტყვით და არ ჭრის ფილიპე მაკედონელის სიტყვა ჩვენს პოლიტიკოსებზე: "არ არსებობს ციხე, რომელსაც ოქროთი დატვირთული ვირი ვერ აიღებს". ეს გამონათქვამი თანამედროვე ინტერპრეტაციით ასე იქნება: არ არსებობს "ნაციონალი", რომელსაც ბიძინას ფულის სიხარბე არ მოსჭრის თვალს და არ "გაქოცდება"! ამასაც რომ დავანებოთ თავი და აირჩიეს, ვთქვათ, მეორე ტურით ანანიაშვილის ქმარი, თუნდაც აღმოჩნდეს ვაშაძე პარტიულად სინდისიანი ადამიანი, იმპიჩმენტი რომ მოუწყონ, არ ეშინია? არ გინდათ იმის შეხსენება, კაცმა თუ არაფერი დააშავა, ისე იმპიჩმენტით ვერ დაემუქრებიანო! ვიცი, რომ უდანაშაულოს, ხალხის რჩეულს იოლად ვერ გადააყენებენ თანამდებობიდან, მაგრამ ჯერ კიდევ კანდიდატობისას იძახის, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ მიშას შევიწყალებო. ეს უკვე არის თუ არა დანაშაული? ჰოდა, რუდუნებით თუ აირჩევთ, "ნაციონალებო", ამ თქვენს გრიგოლს, მერე პარლამენტმა არ გამოგავლოთ პირში მდუღარე... ისევ "ნაციონალებს" მოგმართავთ, კი გაქვთ ისე, გამარჯვების დიდი შანსი, რადგან "რესპუბლიკელებს" უთქვამთ, ჩვენ მხარს ვაშაძეს დავუჭერთო! როდის აქეთაა, რომ ნულის დამატებით რაიმე ემატებოდა შესაკრებს? სულ დამავიწყეს ამ ღვთის პირიდან გადავარდნილმა "რესპებმა", პროვოკატორი რომ ვარ და არა - ცინიკოსი... თანაც, "რესპუბლიკელებს" რომ იმიჯი აქვთ, ამით ვაშაძეს უფრო დააკლეს, ვიდრე მოუმატეს რამე! ჰო, ისიც საგულისხმოა, უსუფაშვილს რომ უთქვამს, არც სალომეს და არც გრიგოლს ჩემი მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდესო! ნეტავ, რა თქვა ნათელაშვილმა, ეგ გამაგებინა ახლა...

პ.ს. ნათელაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ გააყალბეს, თურმე მას ეკუთვნოდა უკვე პირველი და მეორე ადგილი, მესამეც, მაგრამ ამ ბოლოს არ დაეძებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს