სალომესა და გრიგოლის მეორე ტური უფლის ნებით, ანუ რატომ უნდა დაეტოვებინათ ღვთის პირისგან გადავარდნილი "რესპები" მთავრობაში - კვირის პალიტრა

სალომესა და გრიგოლის მეორე ტური უფლის ნებით, ანუ რატომ უნდა დაეტოვებინათ ღვთის პირისგან გადავარდნილი "რესპები" მთავრობაში

სოფო კილაძემ გაიხაროს, ისე ადვილად ახსნა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. ამ ქალბატონმა ყველასთვის ნათელი გახადა ფილოსოფიის ერთი უზოგადესი კანონი, მიზეზ-შედეგობრიობას რომ შეეხება. თურმე, ნუ იტყვით და უფლის ნება ყოფილა სალომესა და გრიგოლის მეორე ტურში შერკინება. საიდან მოიძია "ქოცობამ" ეს ახალგაზრდულ-"ძველგაზრდული" მოლაპარაკე თავები, გამაგებინეთ! იმედია, მეორე ტურამდე საინფორმაციო ღრუებს დროებით დაუხურავენ ენააცრილ და მოტარტარე "ცნობად სახეებს" მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გააღიზიანონ მოსახლეობა! მეორე ტურის წინ, "რესპუბლიკელები", ღვთის პირისგან გადავარდნილი ხალხი, უარეს ადგილას გადაცვივდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ. ჩვენაო, მიშას ყველაფერი ვაპატიეთ და ახლა ბიძინას წინააღმდეგ ვერთიანდებით "ნაცმოძრაობასთანო". გასაგებია, ბატონო ბერძენიშვილებო და ქალბატონო სამნიძევ, თქვენ აპატიეთ "ნაციონალურ მოძრაობას" სისხლი, ძარცვა, დაშინება, გაყალბება, ქონების წართმევა, მაგრამ არ ჰპატიობთ ბიძინას იმას, კოალიციიდან რომ გაგისროლათ! არა, "რესპების" მიჯირყვნა მართლა ვერ გამოუვიდა კარგად ბიძინას. სხვა თუ არაფერი, ყველა უშედეგობა და ნეგატივი ბრალდებოდა "რესპებს", კოაბიტაციიდან დაწყებული, ღვთის გმობით დასრულებული. ბარემ დაგეტოვებინათ მთავრობაში ორიოდე "რესპუბლიკელი" (ბევრნი მაინც აღარ დარჩნენ) და დააბრალებდით მეწყერს, ზვავს, 150 ათასი ბავშვის სოციალურად დაუცველობას და თაკო ჩარკვიანის ისტერიებსაც!

საინტერესო მოსაზრება ვნახე ერთ-ერთი "რესპუბლიკელის" "ფეისბუკზე". ისაო, სალომე იმ ქვეყანაში დაიბადა, რომელიც რუსეთს უკანალს ულოკავდაო, ამიტომაცო, ვაშაძე არის დემოკრატიის შუქურა და ეროვნული ლიბერალიზმის მთავარი მებაირაღეო! მგონი, თავი აქვს ამ "რესპს" მირტყმული "ნაციონალური მოძრაობის" "შტაბკვარწირის" სვეტზე, აბა, საფრანგეთში დაბადება თუ პუწინის რეზიდენტობას ნიშნავს, იმ ბიოგრაფიის კაცი, როგორიც ვაშაძეა, პირდაპირ "ჩეკას" და "კგბ"-ს უნდა ნიშნავდეს! ორიოდე სიტყვას კიდევ ვიტყვი "რესპებზე": მოგეხსენებათ, ვაშაძემ მეორე ტურის წინასაარჩევნო მარათონი ისევ ქუთაისიდან დაიწყო, იკივლა მესხიშვილის თეატრის სცენიდან ჩარკვიანის ასულმა, არ არს სხვა საშუელი, თვინიერ "ნაცმოძისა" და "ნაცმოძი" არის ახლა ვაშაძეო. მსხვილი კადრით აჩვენეს ამ დროს ვაშაძის გვერდით სამნიძე, რომელიც ისე ამშვენებდა საპრეზიდენტო კანდიდატს, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე ამ შესანიშნავ ტანდემს... ღმერთმა არ მოუშალოს თქვენი თავი ერთმანეთს, იარეთ საქართველოში 40 ათასი კილომეტრები აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთიდანაც დასავლეთისაკენ და სამხრეთიდანაც ისევ დასავლეთისაკენ, სხვანაირად ვერ გაგვაგებინებთ, რომ ხართ დასავლური ღირებულებების ერთგულნი!

"ქორფა" (გიორგი) ვაშაძემ ისეთი რიხით თქვა, ჩვენ შემოგვიერთდა "რესპუბლიკური პარტიაო", თითქოსდა ეს იყო "ნაცმოძის" მეორე ტურის გამარჯვების საწინდარი... არ დაავიწყდეს საქართველოში არავის, "რესპებიდან" დაგვიანებით, მაგრამ მაინც წავიდა შედარებით ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი უსუფაშვილი, თან წაიყოლა მთელი "რესპული" შუა და ახალი თაობის "სოროსლობა" "შენების პარტიაში"! დამერწმუნეთ, ეგენიც რომ დარჩენილიყვნენ ბერძენიშვილებთან, საკუთარ მცირე რეიტინგსაც გააყოლებდნენ იმ წყალს, რომელსაც არაერთი პოლიტიკური გვამი ჩაუტარებია! სამაგალითოდ ირაკლი ოქრუაშვილს გავიხსენებ, რომელიც ამ მდინარის სათავისკენ ისევ ილტვის, მაგრამ მაგას ეგ ისე ადვილი არ ეგონოს, როგორც საროსკიპოების დაწიოკება!

ახლა "ქოცებსაც" არ დავაკლებ ხელს და ვეტყვი, რომ სასაცილოდ გაიხადეს კიდევ ერთხელ საქმე მაშინ, როცა 50-ლარიან დახმარებას დაჰპირდნენ 16 წლამდე ასაკის სოციალურად შეჭირვებულებს. სახელმწიფო იმისთვისაა საჭირო, რომ სოციალური პრობლემები მოაგვაროს და არა იმისთვის, რომ მშიერთა და უპოვართა არმიას ლუკმა მიაწოდოს. გასაგებია, მიშას დროს დაიწყეს ხალხის ფსიქიკის გამათხოვრება, მაგრამ ექვსი წელი არ უნდა კმაროდეს იმისთვის, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესებულიყო? ვის რაში სჭირდება თქვენი კომუნიკაბელურობა და ხალხთან მისვლა, თუ ამ მისვლას შედეგი არ ექნება? გააჩერეთ ნებისმიერი მოქალაქე და ჰკითხეთ, ქუცნაშვილის, ვოლსკის ან სულაც ენძელ-გუგულის ჩახუტება-ჩაკომუნიკაციება უნდათ თუ არა! დროზე მოეგეთ გონს, თორემ სალომესაც გვერდზე დარჩება საპრეზიდენტო სავარძელი, თქვენ კიდევ, დანარჩენ "ქოცებს" -_ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისე გაგიჭირდებათ, როგორც ქვიშაზე ამოგდებულ თევზს!

პ.ს. პარტიული მოწოდების შემდეგ ზვიად ძიძიგური შეხვედრებს გამართავს ლიანდაგის გასწვრივ მცხოვრებლებთან, გედი ფოფხაძე - სამოქალაქო ომით დაშინებულებთან, გუგული მაღრაძე და ენძელა მაჭავარიანი - ფლორისტებთან და ფაუნის დამცველებთან, ირაკლი კობახიძე სალონებს ჩამოუვლის, ხოლო მშრალ ირაკლად წოდებული სესიაშვილი საცურაო აუზებს, რომლებშიც წყალი იქნება ჩასხმული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს