ევროპას მყოფი ჩვენი სიამაყე მიჰა და "ნაციონალების" შავსიელები", ანუ ვაშაძეს თუ გადაფხეკთ, მიშა გამოჩნდებაო - კვირის პალიტრა

ევროპას მყოფი ჩვენი სიამაყე მიჰა და "ნაციონალების" შავსიელები", ანუ ვაშაძეს თუ გადაფხეკთ, მიშა გამოჩნდებაო

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდანო. ეს ამბავი კარგია. მე თქვენ გეტყვით და არ გვაქვს ცრურწმენა იმის შესახებ, ახალ წელს ვალის გარეშე რომ უნდა შევხვდეთ?! მინდა ვიკითხო, ეს აქცია ვის უფრო უნდა უხაროდეს, "შავსიელებს" თუ გამვალებელ ორგანიზაციებს? ალბათ გამვალებლებს, რადგან "შავ სიაში" მოხვედრილებს ისედაც "ჩახსნილი" ჰქონდათ ეს პასუხისმგებლობა!

სალომეს ტრიუმფალური გამარჯვება "ქართული ოცნებისთვის" ახლა მნიშვნელოვანია. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ორიოდე წელში საპარლამენტო არჩევნებია და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ რეპეტიციაა 2020 წლის არჩევნებისთვის! თუ წლევანდელ, გენერალურ რეპეტიციას კარგად წარმოადგენენ, ეს უკვე გარანტიაა "ოცნებისთვის", მომავალი 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისათვის. რომ მოხდეს სასწაული და ქართველმა ამომრჩეველმა "შტაბკვარწირელი" გრიგორი აირჩიოს, მერე ნახეთ თქვენ თითზე კბენანი! მაგრამ, ნუ ექნებათ დიდი მოლოდინი "ნაცებს", რომ ამ სასწაულს მათი თვალები იხილავს!

როგორი იქნება მეორე ტურზე მიმსვლელთა აქტიურობა? დამერწმუნეთ, მოლოდინს გადააჭარბებს, რადგან "ნაცებს" თავისი ვაშაძისთვის (რომელსაც, თუ გადაფხეკთ, აუცილებლად მიშა გამოჩნდება) უბანზე მისვლას ვერავინ დაასწრებს, ოთხშაბათს კი არა, არარსებულ დღესაც რომ ჩაენიშნათ არჩევნების დღე. არამიშისტური, მეორე ნაწილიც იაქტიურებს, "ქოცები", მათი მხარდამჭერები და არამხარდამჭერები, - მაგრამ "ნაცდვიჟენიის" მოწინააღმდეგეები!

აი, მეც მივდივარ მეორე ტურზე და... ვითომ "არაქოც" სალომეს მივანიშნებ: წელს შენზე გადატყდა არჩევნების სიმძიმე, მაგრამ თუ საპრეზიდენტო შტო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად ტვინს არ დაძრავს ხალხის სასიკეთოდ, ეკონომიკის ამოსაქოქავად, განათლების სისტემის გასაკეთილშობილებლად და რაც მთავარია, სამართლიანობის დასაკანონებლად, ჩათვალეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე თვით მიხეილ სააკაშვილმაც რომ დაგიჭიროთ მხარი, "რუსთავი 2"-ც რომ გადავიდეს "ოცნების" ქება-დიდებაზე, ამომრჩეველი ისეთ სილას გაგაწნავთ, აქამდე მოხვედრილი ალიყური მოფერებად მოეგეჩვენებათ!

იმის თქმა, რომ "ნაციონალებს" სჯობნით, მე არ მჭირდება, კარგად ვხედავ C ჰეპატიტის დამარცხებასაც, მომრავლებულ ავტომობილებს, საყოველთაო ჯანდაცვას, დასასვენებლად წასული ქართველების რაოდენობას და უცხოელი ტურისტების მომრავლებას, მაგრამ ეგ საკმარისი არაა! საჭიროა, დამნაშავეს დამნაშავე ეწოდოს, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც წლობით დაგვწია უკან, ვინც საყოველთაო შიშსა და უიმედობას თესავდა ქვეყანაში! სისტემის მსხვერპლი მურუსიძე და ყოვლადწმინდა ფარცხალაძეც არ დაგავიწყდეთ, არც ის გეგონოთ, რომ საზოგადოებასთან ჯანსაღად ურთიერთობდეთ, განსაკუთრებით სასაცილოები ჩანხართ მაშინ, როცა ფართომასშტაბიან პიარს აწარმოებთ! აი, ადამიანური რესურსების არჩევისას კიდევ სასაცილოები კი არა, არამედ - დასაცინებიც! იმითაც ნუ გაიხარებთ ნამეტანი, "ნაციონალები" და "ევროპეისკი ნაცები" გადმოდიან ჩვენკენო! სწორედ ეგ აღიზიანებთ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს! დატოვეს თავიანთი პარტია? დაეტიონ უპარტიოთა რიგებში და არ გინდათ როტაცია-კოაბიტაციები, თორემ, კიდევ მოგიბრუნდებიან "ნაციონალები" მწარედ. ქვეყანასა და თქვენ გაგიჭირდებათ, თორემ მე ისევ ბევრი მექნება "საპროვოკაციო"! თანაც, ვინ მომცემს ყველაზე მეტ საპროვოკაციო მოტივაციას, თუ არა ევროპას მყოფი ჩვენი სიამაყე, ჩვენი ნამუსი და ინტელექტი მიჰა! ჰოდა, ეგებ ქნათ ისე, რომ მესამე პრეზიდენტი აღარ მოხვდეს პროვოკაციაში, სანაცვლოდ ცოტა გვყავს მდინარაძეები, თალაკვაძეები და ზარდიაშვილები? მაგათაც მოუხდებათ ზოგჯერ წკიპურტები ჩემგან! ბატონო "ოცნებავ", აქვე დავამატებ: როცა ხალხი გაგრძნობინებთ, რომ ისინი მეტი არიან, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მანამდე უგდეთ ყური ხალხის დაკვეთებს, თორემ რამდენი პარტია დავასაფლავეთ ბოლო ათწლეულში, შეგახსენოთ? თითქმის 40 წლის "რესპუბლიკური პარტიაც" რეანიმაციაშია და სასიკვდილოდ განწირული ხროტინებს, და ეგეც თუ დასამარდება, მაგის მეტი არაფერი დაგვაკლოს პარტიების ღმერთმა და მაგას გადავიტანთ!

პ.ს. "შავსიელთა" დავალიანების დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვის მასობრივ აქტად შეფასდა "ნაციონალების" მიერ და საბანკო ვალდებულებების მქონე "მიჰისტები" ამ შემოთავაზებაზე მორალური შეუთავსებლობის მომიზეზებით უარს იტყვიან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს