ოქროს სასახლეები, საკადრო ცვლილებები და ვაშაძის ბედისწერა - კვირის პალიტრა

ოქროს სასახლეები, საკადრო ცვლილებები და ვაშაძის ბედისწერა

წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატები, წესით, მომავლის პერსპექტიულობაზე უნდა ესაუბრებოდნენ ელექტორატს. საქართველოში კი რაზე საუბრობდნენ? - გვესმოდა მხოლოდ ლანძღვა-გინების კორიანტელი, წარსულის ქექვა, დემაგოგია და ათასი უნორმობა! მიშასეული 9 წელი სჯობდა თუ ბიძინასეული 6 წელი, ამაზე უნდა გვიწევდეს 2018 წლის მიწურულს საუბარი? და რომ გვიწევს, რატომ? ამომრჩეველი რომ გაზრდილია და კულტურაც მეტი შევიძინეთ "ოცნების" მოსვლის მერე, ეს თვალში საცემია, მაგრამ ისიც ეკლად გვერჭობა თვალში, რამდენად აგვიანებს სამართლის ურემი მიჭრიალებას სიმართლის მომლოდინე მოქალაქეებთან! მინდა ვიკითხო: როდის დაიძვრება ეკონომიკა სერიოზული ტემპით? როდის იზეიმებს სამართალი? როდის წავლენ დამნაშავეები ციხეში? როდის დაიწყებს ლარი გამყარებას და საწვავის ფასი - დაწევას? ისიც საკითხავია, ამ დალოცვილ ქვეყანაში სამიოდე მილიონი ადამიანის რჩენა როგორ უნდა გაჭირდეს?

სოციალური შემწეობები იყო ძალიან კარგი ბერკეტი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. "მომცემ დახმარებას? მოგცემ ხმას!" - პრინციპი ისე კარგადაა გამჯდარი ქართველის აზნაურულ ფსიქიკაში, რომ პროგრესზე ცოტა ფიქრობს და ის მათხოვრული ხურდები ურჩევნიათ ისეთ ვაჟკაცებსაც, ცალი ხელით გაქანებული მოზვრის გაჩერება რომ შეუძლიათ! ამიტომაც, თუ ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არაა, მას აუცილებლად უნდა შეუწყდეს დახმარების მიცემა! ან როდემდე უნდა იკვებონ გაზულუქებულებმა ჩვენი ბიუჯეტიდან? არც არასდროს დაიყენებენ საშველს, თუ ცოტა კუჭი არ აეწვათ შიმშილით!

სოციალური პოლიტიკა შესაცვლელია, ეკონომიკურიც, ადამიანური რესურსების შერჩევაც სხვანაირად გჭირდებათ, ბატონო "ოცნებავ", თორემ თქვენს პარტიულ დეგრადაციას ვინ ჩივის, შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ქვეყანა იკარგება თვალსა და ხელს შუა. ოღონდაც ეს ქვეყანა იყოს წელში გამართული და ყველა პარტია წყალს წაუღია! ახლა გამობრძანდებიან დიდებული სახეებით პარლამენტარები და გვეუბნებიან, კომუნიკაცია და პიარი არ გვივარგოდაო. ეგ აღსარება თქვენსავე ოჯახებში მოჰყევით, ჩვენ არ გვაინტერესებს, მაგრამ იმას რომელი გაბედავთ და იტყვით, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა იყო შეცდომაო? არ იყო შეცდომა? მაშინ ისე უნდა გემუშავათ, რომ მოქალაქეებს 41/48 ისე უნდა შემოეხაზათ ბიულეტენებზე, რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიგეღოთ! პირველ ტურზე მიუსვლელმა ხალხმა დაგანახვათ, რომ მიშა და "ნაცმოძი" კი არ უყვართ, უბრალოდ, "აპა, მიშა გვჯობდა"-ს ძახილი ამოუვიდათ ყელში. დაიღლა ხალხი მოლოდინით, ძალიან დაიღალა! აქაოდა, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაგვეთვალოსო, თავზე უსვით ხელი იმ ხალხს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" კვარცხლბეკს უმაგრებდა! ახლა კი ამბობენ, არჩევნები დასრულდება და ბიძინა საკადრო პოლიტიკას გადახედავსო, მაგრამ ვაითუ ერთი "ნაცი" გააგდონ და მეორე მოიყვანონ? სახელებს და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს, თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ დაემსგავსა? ღარიბაშვილ-კვირიკაშვილი ისე გაიძურწნენ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან, არც პასუხი მოსთხოვეს, არც ის გვითხრეს, რის გამო გაუშვეს ამხელა პოსტებიდან, ანუ ხალხს რჩება წარმოდგენა, რომ მათაც ისევე ჭამეს, სვეს და შეირგეს ეს ქვეყანა, როგორც მათმა წინამორბედებმა! სამაგიეროდ, ბავშვთა სიღატაკე და სიკვდილიანობა გვაქვს "თავმოსაწონებლად"! ერთმა საინფორმაციო სააგენტომ მამუკა არეშიძის ნათქვამი გვამცნო: "სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ეს იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. რაც ვიცი, ის არის, რომ მას (ბიძინას) აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე "ქართული ოცნება" ვალშია".

მოსახლეობას არ ადარდებს, რისთვის გადაიტყავეს ხელისუფლების შტოებში მოკალათებულებმა ზურგი თუ ენა, რადგან შედეგი მხოლოდ ერთია, ყველა იმის მერე გვპირდება ოქროს სასახლის აშენებას, როცა თავისას მორჩებიან!

პ.ს. ვაშაძეზე მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ მაგას უკვე დაწერილი აქვს თავისი ბედი და ზედმეტად თავის შეწუხება აღარ მინდა, ისედაც ბევრი რამ მაქვს საწუხარი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს