"აუუუ, რამდენი ვართ"!, იკივლა ჩარკვიანის ქალმა. - სამი ათასი, შე უბედუროო! - გაეხმაურა ირმა ინაშვილი - კვირის პალიტრა

"აუუუ, რამდენი ვართ"!, იკივლა ჩარკვიანის ქალმა. - სამი ათასი, შე უბედუროო! - გაეხმაურა ირმა ინაშვილი

აჰა, გვყავს უკვე პრეზიდენტი ქალი. ამით ამიერკავკასიაში პირველები ვართ და მიხარია, რომ დავამტკიცეთ ქალისადმი პატივისცემა. მართალია, "გაერთიანებულ ოპოზიციად" წოდებული "ხუთნომრელები", რომლებიც ისტერიულად, პერმანენტულად და ცილისმწამებლურად ლანძღავდნენ "პარიჟანკას", არ თამაშობდნენ სამართლიანი წესებით, მაგრამ ეს "უზრდელობანიც" საჭიროა, თუნდაც იმისათვის, რომ გამართლდეს ქალთა უფლებათა დამცველი არასამთავროების არსებობა ღვთისმშობლის წილხვედრში.

2 დეკემბერს გააპროტესტა სალომეს გამარჯვება "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ცოტა არ იყოს, მეც გამიკვირდა პროტესტზე გასულთა სიმცირე. მიზეზები ნეტავ რა იყო? ავდარი? ფინანსური რესურსები არ ეყოთ მობილიზებისთვის? თუ საჯარო სამსახურებში დასაქმებული ფარული ნაციონალები ვერ გამოვიდნენ? ფინანსები როგორ შემოეხარჯათ ასე სწრაფად? კეზერაშვილს მაყუთი გამოელია? თანაც, ერთმა რეალურმა "ფეისმა" სოცქსელში ამხილა ჯავახეთიდან წამოსული სამასკაციანი "ნაციონალური" "ლაშქარი" ახალდაბაში ხაჭაპურის ჭამასა და ლიმონათის სმაში, ამავდროულად, ერთ-ერთ მათ ავტომობილს ისეთი საყვარელი სახელმწიფო ნომერი ჰქონდა, თვალზე ცრემლიც კი მომადგა, რადგან იტევდა ის 5 ნომერსაც და MI SH-საც! რახან ხაჭაპურისა და ლიმონათის ფული ჰქონდათ, ესე იგი, სხვა რამისთვისაც ექნებათ "შტაბკვარწირებში" ხელის ჭუჭყი! იქნებ მეტეოროლოგებმა დააშინეს გულმხურვალე მიშისტები! ესეც მეეჭვება, რადგან ვიცნობ ისეთ მწარე "ნაციონალებს", რომლებიც არ დაერიდებიან ანტარქტიდაში ჩასვლასაც თავიანთი კუმირის გულისთვის! გეიზერებსაც კი დაუდგებიან, გველეშაპებსაც შეებრძოლებიან და ცხრა მთას ხუთ წუთში გადაირბენენ, თუკი მიშიკო "სკაიპით" მოითხოვს! სამსახურებს თავშეფარებული მედროვეები ყველა დროში ნაკლებად საიმედოები არიან, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურად" უძგერთ გული. ისინი მხოლოდ შორიდან, ფარულად ეტრფიან მიშას და დარჩა კიდევ ერთი კატეგორიის ხალხი, რომლებმაც ინფლაციის გამო ალბათ მოითხოვეს მეტი დაფინანსება, ვიდრე უწინ იჯიბავდნენ!

ძალიან კარგია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მილევადი პოლიტიკური ძალა გახდა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" არ დაავიწყდეს, რომ მომავალ წელს ზოგან ასარჩევია მერები და ისევ გაუჭირდებათ სასურველი კანდიდატურების გაყვანა, თუ დროზე არ გაახილეს თვალი. მეცნიერები ამბობენ, რომ ბაყაყები მხოლოდ მოძრავ არსებებს ხედავენ, მხოლოდ გაფრენილ ბუზებს აფიქსირებენო. ისეთი მარტივი ტვინი აქვთ ამფიბიებს, უძრავებსაც რომ ხედავდნენ, მათი ნერვული სისტემა ვერ გაუძლებს და დაიღუპებიანო! ჰოდა, ადამიანის ტვინი ასეთი სუსტი არაა, მით უფრო, პარტიული "გონი" და "ტვინი" ცოტა მეტად აამუშავეთ, "ქოცებო", თორემ დაკარგავთ ნელ-ნელა გავლენას და მიშას სიძულვილი ვეღარ გიშველით! ისე, აქვე დავამატებ, სულაც არ არის სასურველი, ყველგან თქვენ იყოთ. ჭრელი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა არ ექნება ვერტიკალზე მართულ რომელიმე პარტიას, მირჩევნია ბევრად! ერთმანეთს არაფერს შეაჭმევენ პარლამენტარები და სულ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებენ ერთმანეთს. ამის მერე ეგებ ეშველოს ქართველ ამომრჩეველს, რომელსაც ვაშაძის მხარდამჭერები ურცხვად აბრალებდნენ კარტოფილისა და ხახვის ხამობას! ყვავი რომ ყვავს დასცინოდა, შე შავოო, ისე მოუვიდათ "ნაცებს", თავისი წარსული ახსენდებოდათ ალბათ, ზოგან ფქვილს რომ მიარბენინებდნენ, ზოგან ზეთს მიაწურწურებდნენ და ზოგან კიდევ სახურავებს მიარახუნებდნენ! მიუხედავად იმისა, რომ გურია მუდამ კრეატიულობით გამოირჩევა, ვერც გურიაში გაქაჩეს წესიერად. ერთი დემაგოგია და ცილისწამება გამოსდიოდათ უბადრუკ "ნაციონალებს" ხარისხიანად, ახლა მაგაშიც ჩაფლავდნენ! ვიღაც ადგილობრივ მიშისტს სადღაც ვაშაძე-ჯუნიორის დროინდელი პირადობის მოწმობები აუკრეფია და დიდი ამბით ატრიალებდნენ წინ და უკან, აი, ამეებით მოგვიგო "ოცნებამ" არჩევნებიო! იმ პირადი ნომრებით კიდევ, არც ერთი ამომრჩეველი არ იყო რეგისტრირებული და როგორ მისცემდა ხმას ვინმე? ამით კიდევ ერთხელ გაიბანძეთ თავი და სულაც არ მეცოდებით! საუბნო კომისიებში "ნაცმოძელების" მეტი რა გყავდათ, მიშისტებო, ვერ აკონტროლეთ, ვინ რას აკეთებდა? მით უფრო, ბიულეტენების გაყალბება, ჩაყრა და ფოტოგრაფირება თქვენგან გამიგია მე პირველად, სომხური "კარუსელების" არ იყოს!

"ნაციონალური მოძრაობა" თუ გაქრება, ოპონირებას ვინ გაუწევს "ქართულ ოცნებასო", ამბობენ შუაშისტები. მშვენიერი ოპონირება გაუწია ხალხმა "ოცნებას", ეს ძალიან კარგად გამოჩნდა პირველი ტურის შედეგებით, მაგრამ რომელიღაც მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება აუცილებელია, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს და თუ მთავარ ოპოზიციურ ძალად 2020 წელს ისევ "ნაცობა" შეგვრჩა ხელთ, არ იქნება დიდად საამური!

პ.ს. "აუუუ, რამდენი ვართ"!, ისტერიულად იკივლა ჩარკვიანის ქალმა. - სამი ათასი, შე უბედუროო! - გაეხმაურა ირმა ინაშვილი აეროპორტში მიჯირყვნილ თაკოს... არადა, ის დროა, ერთი მიშა და "ორმოზდარვა" "ნაციონალზე" მეტი აღარ უნდა იყვნენ ეგენი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს