კირკიტაძე ეუბნება "მატროსოვზე" მერაბიშვილს: "გახსოვს, რა კარგები ვიყავით, ციხეში ჩასმამდე? განსაკუთრებით მე. ახლა კი... - კვირის პალიტრა

კირკიტაძე ეუბნება "მატროსოვზე" მერაბიშვილს: "გახსოვს, რა კარგები ვიყავით, ციხეში ჩასმამდე? განსაკუთრებით მე. ახლა კი...

2018 წლის ბოლო "პროვოკაციის" წერის დაწყებამდე ბევრი ვიფიქრე, ვისთვის "მესიამოვნებინა" და ისევ "ნაცქოცობა" ვარჩიე, აბა, სულს რომ ღაფავენ, ასეთი პარტიები თავად არიან პარტიების პროვოკაციები და არ ღირს მაგათზე თავის შეწუხება...

რაც "ნაცებმა" და "ქოცებმა" სალომე ზურაბიშვილისთვის შესაძლებლობები დახარჯეს ამ წლის ბოლოს, დამერწმუნეთ, ეგ რომ წლის დასაწყისში ეკონომიკაში ჩაედოთ, დანიას თუ არა, ცენტრალური ევროპის რომელიმე ქვეყანას მაინც გავასწრებდით, მაგრამ ეკონომიკა ვის ადარდებს, მთავარია, ეს ორი პარტია იყოს კარგად... თვისებრივად მაინც ბევრი რამეა ამ პარტიებს შორის განმასხვავებელი. ერთი იმდენად ბოროტია, რომ "რუსთავი 2"-ის ავი სიუჟეტისთვის გაწირავს რიგით წევრს. სხვა რა არის, აბა, ის ფაქტები, როცა ვიღაც ლაივჩართული ქალი მტკვარში ატანტყალეს, ვიღაც გურულ აქტივისტს პირადობის მოწმობები "აპოვნინეს" დეფეკალიზაციის დროს (ნეტავ შარდს ხომ არ გამოაყოლა იმ საბრალომ?!), კირკიტაძე ავტობუსზე კალიასავით შეახტუნეს და ვიღაც ზორბა დედაკაცი პოლიციის "კაპოტზე" "რუბენსის დედაკაცივით" წამოაგორეს? მეორე პარტიას კი დიდი სიბრიყვე ახასიათებს. მაგალითები გნებავთ?

"ნაციონალების" შეფარება და მაღალ ეშელონებში დასკუპება, რაც გულისხმობს ეიჩარის (ადამიანური რესურსები არ მინდა ვთქვა) პრობლემას და მეორეა პიარის გაუმართაობა (არც საზოგადოებასთან ურთიერთობას წამოვიცდუნებ პირიდან). "ქართული ოცნების" აქილევსის ორი ქუსლი ესაა და თუ დროზე არ მიხედეს ამ თემებს, მერე ნახეთ ჩემგან პროვოკაციები და თიკუნები!

მოგეხსენებათ, ჩემი "პროვოკაციები" ინტერნეტშიც ქვეყნდება. ზოგჯერ თვალს ვადევნებ, რას აკომენტარებენ იქ. განსაკუთრებით საინტერესოა გაორმაგებული სახელის მქონე პერსონები, რომლებიც, რატომღაც პირწმინდად "ნაცმოძის" თაყვანისმცემლები არიან. ერთმა გიორგიმ ასეთი რამ მოგვახალა მე და სრულიად "საქოცეთს": "პროვოკატორიდან დაწყებული, რიგითი ქოცით დამთავრებულს, ზარავს სააკაშვილის დაბრუნებაზე ფიქრიც კი! და რატომ? უცნაურია, ხომ არაფერს წარმოადგენს (მათი თქმით) მით უმეტეს, მთელმა ოცნებამ იმუშავა, რომ ჩამოსვლისთანავე დაიჭირონ. აქ სხვა რამაა, სააკაშვილი პოლიტიკური ქარიზმითაა დაჯილდოებული, მისი პოლიტიკური განცხადებები ყოველთვის აქტუალურია და სიმართლეს შეეფერება. ამიტომაც ეშინიათ მისი, ამიტომაც სულ კითხულობენ, ხომ არ მოდის? პ.ს. მისი დაბრუნება ტოლფასია: ბესელია-წულუკიან-ხულორდავა-ჯაში-კიკნაძე და რა თქმა უნდა, მთელი "საქოცეთ" მამაკაცთა (ყველაზე უმტკივნეულოდ) პოლიტიკური კარიერის დასარულის".

აი, გენაცვალე ლოგიკაში! ვის ეშინია გალსტუკიღეჭია ნაპრეზიდენტალის, რომელიც ამას წინათ იმით ბაქიბუქობდა, რომ ოდესის ღუბერნატორად იმიტომ მიმიწვიეს, რუსეთს ჩემი ეშინია და ვერ დაიპყრობდაო! ეგ ვაჟბატონი არ იყო მაშინ საქართველოს ამირსპასალარი (მგონი, ამირბარიც), 2008 წელს რუსეთმა ტერიტორიები რომ წაგვართვა?

პ.ს. კირკიტაძე ეუბნება "მატროსოვზე" მერაბიშვილს: "გახსოვს, რა კარგები ვიყავით, ციხეში ჩასმამდე? განსაკუთრებით მე. ახლა, როცა დაგვაკავეს, რას ვგავართ, განსაკუთრებით - შენ".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს