ქოჩორა "ნეოქოცი" ეკითხება "პალეოქოცს", როგორ ხართო? - თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისეო... - რავა, ამოწყდით უკვეო? - კვირის პალიტრა

ქოჩორა "ნეოქოცი" ეკითხება "პალეოქოცს", როგორ ხართო? - თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისეო... - რავა, ამოწყდით უკვეო?

ღორის წელია თუ ბურვაკის, არ ვიცი, მაგრამ, საქართველოში კარგად რომ არაა საქმე, ეს ვიცი. ამდენი უძღები შვილი, თან პოლიტიკოსი საიდან გაგვიჩნდა? შუაშისტ-ოპოზიციონერები იტყვიან, რომ ესენი "ქმნა" ბიძინამ, მაგრამ არ დაიჯეროთ, ამდენ უმაქნისს, ამბიციურს, უმაძღარსა და სინდისისგან დაცლილს ერთი კაცი ვერ შექმნიდა.

კლასიკური გაგებით, სახელმწიფოებს უნდა მართავდნენ პოლიტიკური იდეოლოგიით გაერთიანებული პარტიული პირები, მაგრამ ჩვენთან სადაა იდეოლოგია? როცა "ქართული ოცნება" იქმნებოდა, მაშინაც ვამბობდი, რომ ასეთ "ვინეგრეტს" დიდხანს არ ეწერა არსებობა, რადგან ერთი ჯამიდან (გინდაც კაპოტიდან) ვერ შეჭამდნენ მეჭიაური და ქუცნაშვილი, უსუფაშვილი და თოფაძე, გუგული მაღრაძე და ირინა ფრუიძე, ვოლსკი და თალაკვაძე...

შიდასაპარლამენტო არეულ-დარეულობა ახალი დაწყებული არაა. "ჩაკუტოკება" თავიდანვე ეტყობოდა საპარლამენტო უმრავლესობას.

ვითომ ერთიან "ქართულ ოცნებას" უფრო ეტყობა გახლეჩილობა, ვიდრე "ნაცხურდებად" ქცეულ მიშისტურ პარტიებს. ძველი და ახალი "ქოცობა", რომლებიც პალეო და ნეო "ქოცების" სახელით არაერთხელ მომიხსენებია, კარგა ხანია, ერთმანეთს უჭამენ ნერვებს. ძველი თაობის "ოცნებელების" ჩაჩოჩების სურვილი ახლებს რომ ექნებოდათ, ეს თავიდანვე უნდა გათვლილიყო სოლოლაკის სასახლეში, რადგან მოქმედებს პრინციპი უზნეო პოლიტიკოსებში: მე რატომ უნდა ვჭამო უფრო ნაკლები, ვიდრე სხვამ? ეს განწყობა სახეზე აწერიათ პოლიტიკოსებს და თუ ვცდები, მითხარით, ბატონებო! უნამუსობით სახელგანთქმულ ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ საქართველოში ხალხი ბრიყვი და უვიცია, ამიტომ დღენიადაგ ჭკუას გვარიგებენ და თავიანთი გონებამახვილობით ხიბლში ჩაცვენილნი გვმოძღვრავენ ყველა თემაზე... მაგალითად, ისევ ქუცნაშვილზე ვიტყვი: ეგ კაცი ამბობს, მეჭიაური რომ სვამს საჯარო სივრცეში, მაგის გამო მოიმატა ქვეყანაში სიმთვრალით გამოწვეულმა დანაშაულმაო. მეჭიაურო, შენი დალევის გამო თუ იმატებს ალკოჰოლიკების რაოდენობა, გამოაცხადე ორი ან სამწლიანი "მშრალი" პერიოდი და რამდენი დანაშაულიც მოხდება, იმდენი ღერი თმა ამოვაწიწკნოთ ბატონ ზაქარიას თავზე! დამიჯერე, ორ წელში მელიაზე უარეს მელოტ ქუცნაშვილს მივიღებთ და თანაც, ამას ექნება ეფექტი ჰიგიენური საშუალებების დაზოგვის კუთხით. სხვა ხეირი, აბა ზაქარიასგან არცაა მოსალოდნელი!

რაც მრევლია, ისაა მღვდელიო, კი უთქვამთ, მაგრამ ეს ჩვენი "მოძღვარი პოლიტიკოსები" მაინც უფრო უვარგისი მგონია, ვიდრე ჩვენ ვართ, ამომრჩევლები. ცალკე პარლამენტარები არიან უპასუხისმგებლოები, ჩვენ ხომ ვართ და ვართ, თორემ რატომ არ ხერხდება 4 მილიონი ადამიანის ცხოვრების საშუალო დონეზე მაინც მოწყობა? საქართველო და სომხეთი ღატაკი ქვეყნების რიგს მიაკუთვნა გაერომ, ყოველი მეხუთე კაცი შიმშილობს ღვთისმშობლის წილხვედრშიო. არც მეეჭვება, ასე იქნება, რადგან შრომა ყველას გვეზარება, ლაპარაკი - არავის! კარგი იქნება თუ ცუდი, ყველაფერზე ვამბობთ, რომ აუცილებლად იქნება ცუდი! არ მოგვწონს საპენსიო პოლიტიკა (ან რა მოსაწონია), ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკური მოცემულობები, მაგრამ თავად რომ შეგვექმნა რამე მოსაწონი, არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი ხელისუფლების მზეს ვფიცავ!

პ.ს. ქოჩორა "ნეოქოცი" ეკითხება "პალეოქოცს", როგორ ხართო? - თქვენ რომ გაგიხარდებათ, ისეო... - რავა, ამოწყდით უკვეო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს