ნეტარი "ნაციონალები", წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე და მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებლის მოადგილე - კვირის პალიტრა

ნეტარი "ნაციონალები", წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე და მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებლის მოადგილე

მახსოვს, სკოლაში გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო კომუნიზმის და ეს იქნებოდა საყოველთაო სიკეთის ხანა. ეს არც მთქმელებს სჯეროდათ, არც მსმენელებს. გავიდა დრო და კომუნიზმს ჩაენაცვლა "მიჰას ჰამოსვლის" დაპირება. ბუნებრივია, თავად მიხეილ სააკაშვილს არ სჯერა, რომ ზარ-ზეიმით დაბრუნდება, მაგრამ სჯერათ მიშისტ-უტოპისტებს. ვერც იხილავენ მიშას მოსვლას, მაგრამ მხოლოდ ისაა ნეტარი "ნაციონალი", ვისაც არ უხილავს მიშას დაბრუნება, მაგრამ სწამს...

გასულ კვირაში ვნერვიულობდით იმაზე, ნამდვილად გამოაცხადა თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ბანაობის აკრძალვის შესახებ. წყალმოწოდებაზეც ბევრი მუქარა გამოვაცხვეთ, მოსამართლეთა სამუდამო გამწესებაზეც გამოვთქვით კომპეტენტური თუ დილეტანტური აზრები, მაგრამ ერთი მოხელის ნათქვამი პირდაპირ დააკვდა ჩვენს მდგომარეობას: "გრიპი გადაივლის დათბობასთან ერთად, მომავალ ზამთრამდე ყველა დაივიწყებს. წითელასაც ეშველება, კარგად მიდის აცრები, მაგრამ, ფსიქიკური მდგომარეობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შემადგენელი, მაწუხებს ძალიან. ბანაობას კრძალავენო, ვაქცინებით კლავენო, ლაბორატორიაში ანალიზებს კი არ აკეთებენ, ვირუსებს უშვებენო. რა გვეშველება?"

არაფერი გვეშველება, თუ თავად არ მოვინდომეთ საშველის მოძებნა. გგონიათ, წყალტუბოს საკრებულოს გასკვანჩული თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი გამოგვიწვდის ხელს და ამოგვიყვანს გაჭირვებიდან? ან მისი "პადდელნიკი" ვაკის გამგებლის მოადგილე? მაგათ თავისი გასაჭირი აქვთ ახლა, კაი ხნით ახეხინებენ ვირის აბანოს, თუ დაუმტკიცდათ დანაშაული. ვფიქრობ, უდანაშაულოები არც უნდა იყვნენ. ნუ შემომედავებით, - პრეზუმფციაო. ადრეც ვწერდი ზუგდიდის მერზე, ბატონ ლაშა გოგიაზე, რომ წმინდა წყლის დამღვრელი არაა, ვიხილავ მაგას სახილველ ადგილას-მეთქი და კი მოგეხსენებათ, სადაც მიაბრძანეს! დამერწმუნეთ, კიდევ ბევრია მატროსოვის ციხის გზას გასაყენებელი, აბა, რატომ არ დაგვადგა საშველი, ამდენი ხანია? ისე, თუ დააკვირდა ვინმე, წინა ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი რესურსებით გაიყვანა "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები და ვინ წავიდა მსუყე ადგილების დასაკავებლად ბრძოლაში? უმეტესად ჯიბესქელი აქტივი, რომელმაც, სავარაუდოდ, დახარჯა დასახარჯავი და დროს ელოდებიან, რომ წარმატებულად დაიბრუნონ უკან "ადმინისტრაციული თავგანწირვისთვის გაღებული" ზარალი! რაღაც ძალიან მოფოლხვებული მეჩვენება პარტია "ქართული ოცნება", რადგან კარგად ჩანს, სად არის დაპირისპირება მერებსა და საკრებულოებს შორის! აი, მაგალითად, ხარაგაულის საკრებულომ მერის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, მაგრამ ჩატარდა გამოკითხვა და "საზოგადოებრივ-ვირტუალურმა" შედეგმა გამაოგნა! საკრებულომ რაც თქვა, მისი საპირისპირო გამოქვეყნდა გამოკითხვით... დაილოცა ეს "ფეისბუკი" თავისი ფეიკ-ექაუნთებით, გახსნი ანგარიშს სოციალურ ქსელში და მერე გინდა კარგი წერე, გინდ - ცუდი! ცოტაც მოიცადეთ, "ქოცმატყუარებო", პოტიომკინის სოფლებს რომ აშენებთ "ფეისბუკზე", გაგაყოფინებენ თავს მახეში და მერე სისტემის მსხვერპლად აღიარებული მურუსიძეები მოგისჯიან მოსასჯელს სინდისის აუმღვრევლად! აბა, თქვენ გამო მოსამართლის მანტიას ხომ არ დათმობენ? არ დათმობენ, მაგალითი კი გვაქვს: გირგვლიანის საქმეზე არ გაიხადეს და სხვისაზეც არ ელოდოთ!

ვიდრე "პოსტსკრიპტუმს" დავწერ, ერთ კარგ რამეზე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: განათლების მინისტრი თავის გვარს ოდნავაც რომ არ ამართლებს, კარგი გადაწყვეტილება მიუღია, კატისა და მერე საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე. აი, ისიც კარგია, უნარების გამოცდაც რომ აღარაა სავალდებულო! რასაც სკოლაში არ ასწავლიან ბავშვებს, იმაში რად უნდა გამოცადონ? ისე, ჩრდილში მყოფი რეპეტიტორები თუ არ გამოცვივდებიან ბატიაშვილის გადაყენების მოთხოვნით, მათთვის უკეთესი იქნება. რადგან შემოსავლებს იღებდნენ, გადასახადებს კი არ იხდიდნენ და ყველა ნორმალური სახელმწიფო კი გადასახადებზე დგას, მოგეხსენებათ...

პ.ს. ვანო ზარდიაშვილის დედა ამერიკაში მიშას აქტივისტიაო, ლაპარაკობდნენ "ფეისბუკზე", ეგრე იმასაც კი ამბობენ, რომ სუბელიანი აშუშუში მოხუცს უვლისო, მაგრამ ამ ორიდან რომელი დავიჯეროთ, უკვე ვეღარ ვხვდები...

პ.პ.ს ჩემი წინასწარმეტყველური ნიჭით ისე ვარ მოხიბლული, რომ გავიზრდები, მკითხავი უნდა გამოვიდე და ყველა კითხვაზე მექნება პასუხი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს