ცაგარელს უთქვამს, სააკაშვილი მაშინ ჩამოვა, როცა პუტინისა და ტრამპის ეტლები მის ფეხთან გაჩერდებიანო, ანუ ამბავი მიჰას მეორედ მოსვლისა - კვირის პალიტრა

ცაგარელს უთქვამს, სააკაშვილი მაშინ ჩამოვა, როცა პუტინისა და ტრამპის ეტლები მის ფეხთან გაჩერდებიანო, ანუ ამბავი მიჰას მეორედ მოსვლისა

მიჰას კიდევ ერთხელ დაუწყია ბაქიბუქი, 10 მილიარდი მაქვს, მოვდივარ და მომიხარია საქართველოში, რათა ჭორვილელი ოლიგარქი სოლოლაკის კოლბიდან გავაძევო, როგორც ქართველთა პროგრესის მთავარი ბარიერიო.

10 მილიარდი თუ აქვს მაგ მამაცხონებულს, რას გვაცოდებდა თავს, ბებია, დედა და სიდედრი მარჩენენ და "ჩერდაკში" ვცხოვრობ ხელმოკლედო. ეს ათი მილიარდი ეროვნული საგანძურის გაყიდვით ნამდვილად არ იქნება მოგროვებული, არც მიშისტი ემიგრანტების ხურდების კრებულია. ჯერ ისიც საკითხავია, ფული რამდენი აქვს ქართული პოლიტიკის დონ კიხოტს და რაც აქვს, დამერწმუნეთ, იქიდან კაპიკის დამხარჯველი არაა ეგ სახელმწიფოსთვის... სად ჰქონდა 10 მილიარდი ბიძინას, ეკლესიების ასაგებად, ეთნოგრაფიული ძეგლებისა და "წითელი ინტელიგენციის" გადასარჩენად მილიონებს რომ ხარჯავდა? ასე დახარჯოს მიჰამაც და მერე მოვიდეს პოლიტიკაში, თუ უნდა! ერთი ჩემი დიდი პაპა აღდგება სამარიდან, მეორე - მიჰა დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ეგ თუნდაც მოხდეს, რა მოლოდინი აქვთ ჰალსტუხიღეჭია კაცისგან, "ქართულ ოცნებაზე" გაბრაზებულ ემიგრანტებს თუ არაემიგრანტებს?

მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც მიჰას მეორედ მოსვლასა და ქვეყნის გაბრწყინებას ელოდებიან. ისაო, ესაო, მიჰა არა მარტო მაგარია, არამედ სამყაროს ზნეობრივი თამასა და ინტელექტუალური კრიალოსანიაო, აბა, სალომე ზურაბიშვილი, ეგ ფრანგი პენსიონერი გყავთ კარგიო? თქვენ წარმოიდგინეთ და მისი ავღანეთში ვიზიტზეც კი დაიწყეს ღლიცინი, დააკვდა ქვეყნის მთავარსარდლის ამპლუა პარიჟანკას, ვაი მაგას და "ორმოზდარვა", კიდევ ხუთ-ხუთი კილო ხახვ-კარტოფილიო! გავახსენებ ბატონ "ნაციონალებს", სალომე მიჰამ ჩამოიყვანა თავის დროზე საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრად. მანამდე, თუ არ ვცდები, გაეროს "შტაბკვარწირაშიც" მუშაობდა და ახლაც ისეთ სპორტულ და დიპლომატიურ ფორმაშია, მთელი "ნაცმოძიც" რომ დაედევნოს, მაინც ვერ დაეწევა. თუ არ გჯერათ, გადაამოწმეთ, ავღანეთიდან წყალტუბომდე რამდენი კილომეტრი გადალახა ერთ "სუტკაში", მაგ პენსიონერმა, ამას ენერგია და შესაძლებლობა არ უნდა? მართალია, წყალტუბოს დიდი არაფერი შემატებია სალომეს ვიზიტით, არც თალიბანიზმს დასტყობია მისი ავღანური ვიზიტით შიში, მაგრამ არც მოლოდინი მქონია იმის, რომ ედუარდის დროს განადგურებულ სანატორიუმების ქალაქში ფეხს დაადგამდა პარიჟანკა და აშრიალდებოდა ახალი ქალაქი, რომლის აღდგენაც მიჰას დროს დაიწყეს, მაგრამ სტალინის უკვდავი სულის მომაკვდინებელი ძალა დიადია და სწორუპოვარი... თუ სანატორიუმებს ვერ აღადგენდა, მაშ, რად ეწვია პრეზიდენტი წყალტუბოს? ეგებ და იმიტომ, რომ ენუგეშებინა საკრებულოს თავმჯდომარისგან იმედგაცრუებული იქაური მოქალაქეები! ვინ იცის და ვინ გაიგებს გზათა პოლიტიკოსებისა ან კიდევ მათ ნაფიქრთა და ღვაწლის მადლსა? ვერც ის გავიგე, როგორ მოირბინა სალომემ ავღანეთი და წყალტუბო 24 საათში, ეგ ქალი ფიგაროა თუ პრეზიდენტი და სხვა რაღა გითხრათ?

საქართველოს პრეზიდენტის ბუტაფორიული ინსტიტუცია ყურადსაღებიც აღარაა, საგულისხმო საქართველოს პარლამენტია, რომელსაც ბზარები ისე უჩნდება, როგორც უდაბნოს მიწას - გვალვებისას. ბესელია, როგორც "ქართული ოცნების" განხეთქილების ვაშლი, ვატყობ, პარლამენტში "ქოცს" "ნაცზე" არ დატოვებს და ზედ "პატრიოტებსაც" მიაყოლებს, რადგან ასე სურს მას, მაგრამ მისი სურვილი ვერაფრით იქნება ბიძინას სურვილზე მეტი! არ ვიცი, საბოლოოდ დიდი გაყრა როდის მოხდება "ოცნებაში", მაგრამ ეს დაშლა გარდაუვალია. მთავარია, "ქართული ოცნება" არ დაიშალოს ჩვენს საჭირბოროტოდ, თორემ დაშლა და გაქრობა მაგათი მე არ ვიდარდო! საფიქრალის მეტი რა მაქვს?..

განათლების მინისტრი მინდა შევაქო, განსაკუთრებით - საპარლამენტო გამოსვლის წამოცდენის გამო, რომლითაც ძალიან გაგვამხიარულა. მართალია, ისე ვერა, როგორც ამას ჯეჯელავა აკეთებდა ხოლმე, მაგრამ კი გვეყო თითქმის 24 საათი მხიარულებისთვის! მაგის მერე იმაზე ვიცინოთ, საკუთარი სასწავლო საგანი რომ ვერ ჩააბარეს მასწავლებლებმა და მოსწავლეთა გამოცდების მოხსნას რომ აპროტესტებენ იმ საბაბით, აქაოდა, აქამდე ბავშვები წიგნს ხელს გამოცდის შიშით მაინც ჰკიდებდნენო. აი, ასეთ მასწავლებლებს რა უნდა ელაპარაკო, მაგრამ მაგათთვისაც თუ მოიცალა ბატიაშვილმა და გააგებინა, რას გულისხმობს მასწავლებლობა, ხომ კარგი, თუ არა და დაანონსებული ეს საგანმანათლებლო რეფორმაც ისე ჩაიყრება წყალში, როგორც ადრინდელი!

პ.ს. ცაგარელს უთქვამს, მიხეილ სააკაშვილი მაშინ ჩამოვა საქართველოში, როცა პუტინისა და ტრამპის ეტლები მის ფეხთან გაჩერდებიანო. ჰო, ელოდეთ ახლა, მიშისტებო, როდის დაუწრუპუნებს თქვენი კერპი რუსულ ან ამერიკულ რაშებს, მერე ჩამოგივლით და სულ ფოჩიან კანფეტებს ჩამოგირიგებთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს