"მრავალჭირნახული" ხაზარაძე, გაგუბაზებული პოლიტიკოსები და მილიონერი დეპუტატი წილოსანი - კვირის პალიტრა

"მრავალჭირნახული" ხაზარაძე, გაგუბაზებული პოლიტიკოსები და მილიონერი დეპუტატი წილოსანი

ქართველი პოლიტიკოსები სულ გაგუბაზდნენ! ეს რა ჭირი და სატკივარია, ხალხო? ყველა თავისას მისტირის და ფეხებზე ჰკიდიათ ამომრჩეველი, სახელმწიფო ინტერესები და ღირებულებები. მთავარია, ვაქილიკოთ და ვაკრიტიკოთ ყველა და ყველაფერი, თან ონლაინრეჟიმში, რადგან ამით ჩვენს სოციალიზაციასა და პოპულარობას ვუსვამთ ხაზს, აბა, რა ფასი ექნება თქმასა და წერას ისე, თუ არავინ გაიგონა და წაიკითხა?

კრიტიკის ქარცეცხლი დავატეხეთ ვლადიმერ აფხაზავას, ისაო, ესაო, ლიბერალურ ღირებულებებს რატომ ასწავლის ბავშვებს, რას ჰქვია გლობალური ჯილდოს კარზე დგას და შეიძლება სულაც მილიონი დოლარით ჯიბედამძიმებული დაუბრუნდეს გაღვლეპილ გურიასო! ან ვიღაც მანგოს გვერდით რად გადაიღო ფოტო, თუ ქართველთმოძულე არააო! კიდევ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კეთილგანწყობა რატომ ჰქონდაო! ახლა გულზე დაიდეთ ხელი და მითხარით, რამდენი თვით "მწარე ნაცი" შეაკვეხეს პარლამენტში "ქოცის" იარლიყით? ეგებ ვაშლატამა თალაკვაძეა დაბადებით "ქოცი" ან ზარდიაშვილი? კაცო, ჰყავდეს ამ გურიასაც პლუს ერთი მილიონერი, მარტო დეპუტატ წილოსანს უნდა ჰქონდეს ფული? ან წილოსანისნაირებს? თუ პოლიტიკასა და სხვა სფეროებში არ ითხოვთ მაღალ მორალურ თამასებს, სკოლის მასწავლებელს გინდათ ყინწვისის ანგელოზზე მეტი სიწმინდე გააჩნდეს? აი, თქვენი მორალი არ გაიშვას თქვენი "ფეისბუკ"-ანგარიშებს იქით, ონლაინციციკორეებო! თქვენ მაინც არავინ მოგცემთ იმ მილიონს, რომელზეც ხელი შეიძლება მიუწვდეს აფხაზავას და დაანებეთ თავი! თუ რამე, ამ მილიონის პერსპექტივამდე ეგ მასწავლებელი არ იყო ის, ვინც ახლაა? აქამდე წასწვდომოდით ყელში, შეხიდებოდით და ეგებ ფაშისტურ-ნაციონალური იდეოლოგიით ესწავლებინა "სამოქალაქო განათლება" ჩიბათში! აქვე დავამატებ, სადაც აფხაზავას უწყობთ აუტოდაფეს, ეგებ გაიხსენოთ თქვენი სამოქალაქო პროტესტის სიმძაფრე შევარდნაძის მისამართით, ეგეც გურული იყო და შეგახსენებთ, რომ მისმა დიდმა პოლიტიკამ ჯერ ორიოდე დღის არჩეული ხელისუფლება გაუყენა პოლიტიკური ჯოჯოხეთის გზას, მერე სამასიოდე ადამიანის გარდა, ყველას შეგვიქმნა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი!

მორალისტობას თავი დაანებეთ და ის გაძვირებული ტარიფებით ნაყიდი მეგაბაიტები სიკეთეს მოახმარეთ. რიჟვაძის თქმის არ იყოს, როდის იყო, ძაღლის ყეფის გამო ქარავანს გზა გამრუდებოდა? მართალია, რიჟვაძემ უადგილოდ წამოაყრანტალა ეგ სიბრძნე, მაგრამ რომელი "ქოცისგან" გსმენიათ თქვენ სიბრძნის საკრიალოსნე აზრები? აი, გუგულისა და ენძელას სენტენციებს რომ გადაუსწრო სოფო კილაძის ვორდინგმა, დააკვირდით მაგას? განსაკუთრებით საგულისხმოა მისი საპარლამენტო სტატუსის შეუსაბამო განცხადებები ბესელიას მორალური მდგომარეობის შესახებ. რაც ამომრჩეველი, ის პარლამენტარიო, ნათქვამია, მაგრამ დავიჯერო, გუგულ-ენძელ-კილაძე გავხდით საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩეველი? ეს სამი პარლამენტარი სიტყვაზე ვახსენე, თორემ არც კობახიძეზე მაქვს დიდი წარმოდგენა, "ცუდი" მოსამართლეების "გაკარგებას" რომ გვიმტკიცებს გახელებით... ჩანს, რომ ამ კაცს წაკითხული აქვს "მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება", სადაც მოთხრობილია, რომ ეს ქალი სიძვის დიაცი იყო და ბოლოს გამოისყიდა ცოდვები უდაბნოში მწირული ცხოვრებით! ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძეები ერთ დღეს თუ აღმოჩნდნენ მონასტრის ბინადრები, მერე შეგვრცხვება მწარედ!

სწორედ ამიტომ, მიდის-მოდის ფოფხაძე.

გოგიჩაიშვილი და თვით ბესელია რომ გაყუჩდებოდნენ და არ ახსენონ სასამართლო კრიზისი, არ სჯობს? ახლა "მრავალჭირნახული" ხაზარაძის შებრალების დროა, რადგან კაცი 500 დოლარით დაწყებულ ბიზნესს ჩამოაცილეს! ამდენი სიკეთის მოქმედი კაცი როგორ გაწირა ბიძინამ, ვაი მაგას და ორმოცდარვა! 48-ზე სალომეს ევროპული ტურნე გამახსენდა, ეგ "ხახვკარტოფილა", ეგა! როგორ ეახლა ევროპის იმ ქვეყნის პირველ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პუწინის რუსეთთან?!

პ.ს. მიშას რომაული შეხვედრისთვის მილანელი ემიგრანტები თავს დუომოზე იყრიანო. ვიღაც რაზმაძის ქალი "ფეისბუკზე" აცხადებდა, 50-50 ევროს ვკრებთ, მივდივართ ერთად რომში და უკანაც ერთსულოვნად ვბრუნდებით, მთავარია, შევიკრიბოთო. თუ რომში ვერ წავლენ, ამოქმედდება გეგმა ბ - დუომოსთან ახლოსაა ლა სკალა და მის კედლებთან იმღერებენ - "თავო ჩემო, ბედი არ გიწერია".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს