"ოცნებიდან" გაჭრილი "ბუნტოვჩიკები", მამა-მარჩენალი ბიძინა და მიშას რომაული არდადეგები - კვირის პალიტრა

"ოცნებიდან" გაჭრილი "ბუნტოვჩიკები", მამა-მარჩენალი ბიძინა და მიშას რომაული არდადეგები

ჩამოჰკრა საბოლოოდ "ქართული ოცნების" დაშლის ზარმა! კი ვამბობდი წლების წინ, ეგ პარტია ისეთი ვინეგრეტია, აუცილებლად ამჟავდება-მეთქი, მაგრამ ვინ მიჯერებდა?! აბა, როგორ შეიძლება ჯერ ღარიბაანთ ირაკლის, მერე კიდევ კვირიკაანთ გიორგის გაშვება მაღალი ეშელონებიდან, მაგრამ კი გაუშვეს უკან დაუბრუნებლად! თურმე პარტიული ვინეგრეტის მთავარი ამამჟავებელი ინგრედიენტი ეკა ბესელია ყოფილა და არა ჭიჭინაძე ან კვაჭანტირაძე, რომელიც, თურმე ნუ იტყვით, გაბედნიერებულა!

ისე, ეს "ოცნების" ახალგაზრდული ნაწილი გამოფაშისტდა მგონი. ჯერ მიშას ჯიბის მოსამართლეების გაპრავება იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, მერე მაგას დაუმატა კობახიძემ ამომრჩევლის უსწავლელობაზე ხაზგასმა. სოფო კილაძე შავი ღრუბელია პარლამენტში, წილოსანი კიდევ, თავისებურად ამბობს "ქართული ოცნებიდან" წევრების წასვლაზე, იგი წავა და სხვა მოვა, პარლამენტს საბაღნაროსაო. მეც მაგას ვდარდობ, ერთი უხეირო რომ წავა და მეორე მოვა, თორემ უკეთესი თუ მოვა, მაგას რა აჯობებს?

უცნაურია უფლის გზა, ნათქვამია ბიბლიაში, მაგრამ არც მიშას გზაა საცნაური. ლიეჟის მერე კიდევ ერთხელ თუ მოინდომებდა თავის შერცხვენას, მაგას რა მომაფიქრებდა? ლიეჟში ჩასული ფანატიკოსი მიშისტების სახეებს თუ ვიხილავდი რომში, მართლა არ მეგონა. ნუთუ იმ კერპთაყვანისმცემელ ბრიყვებს თვალი არ აეხილათ, ვისთვის უწევთ გზაში რახრახი და მერე თაყვანისცემა? რომში, შეკრების ადგილს რომ შევხედე, "გატრიპაჩებული" კატაკომბები გამახსენდა. სად ჩაძვრნენ, სად ილაყბეს, სად უსმინეს მესია მიშას ამ გაჭირვებულებმა? ვიღაცამ თქვა, ეგაო მგონი სულაც ღვინის სარდაფიაო, ყვარელში ხო არაა ეგ წარწყმედილი თავის სახლშიო. ყვარელში ჩამოსვლის შნო სადა აქვს გალსტუკიღეჭიას? ახლაც დაეკითხეთ ნებისმიერ ადამიანს თელავიდან ყვარელის ჩათვლით, როგორ გადაკეტავდნენ ხოლმე მიშას კახური ტურის დროს გზას და ჩიტსაც არ უშვებდნენ ახლომახლო, მიშას არ შეეშინდესო! ასიოდე ფანატიკოსი, რომელიც რომში მიიჭრა მიშას თაყვანისცემისთვის, რას ისმენდა? ისაო, გაღმა საჯიჯაოში თუ ლესიჭინეში 2 ათასი ევრო იქნება ხელფასიო, ანაკლია მეორე სოხუმად ჩავიფიქრეო, პერუში აღლუმი მე ჩავიბარეო, ეგვიპტეში ჩემი რეფორმატორული ხედვები თარგმნეს და მთელ აზია-აფრიკის ქვეყნებს სამაგალითოდ და სანიმუშოდ დაურიგესო... ვაჰ, მიშა, შენ სულ გარეკე, კაცო? შენი ხედვების გამო იყო ამდენი პატიმარი, საქართველოდან გაქცეულებიც, დაქცეულებიც, განა სულ ახლა გაიჭრნენ ემიგრანტები დასავლეთში? ისე, ბედის ირონიაა, შენც რომ ემიგრანტი გქვია და ემიგრანტი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც! კი ამბობ, უქონელი ვარ, ოჯახში ფულის შემომტანი ბებია მომიკვდა, ბანკი გავაკეთოთ და წავიდეთ ჯიქურ საქართველოსკენ ჭორვილის ასაღებადო, მაგრამ არც ბებიანაცვალი გამოგიჩნდა ვინმე, არც საქართველოში ხარ ჩამომსვლელი! აი, ექვთიმეს სიღარიბესა და შენ შორის კი დიდი ზღვარია, ჩემო პრეზიდენტყოფილო (ყოფილი _ ძალიან მალამოდ მომედო ეს სიტყვა გულზე). ის სიშიშვლის გამო ვერ მოჰყვებოდა ქართულ განძს საქართველოში, შენ კიდევ ემიგრანტებს ვერ გამოჰყვები შიშის გამო, იმიტომ, რომ აქაა "გაუნათლებელი, ხიხო, ჭორვილა, ოლიგარქი, კოლბის ბინადარი" და შენი დაჭერით აღდგება მიწასთან გასწორებული სამართალი! ისე, კიდევ ერთხელ ვიკითხავ: ეს ძებნილი კაცი მთელ ევროპას რომ ურტყამს წრეებს, არ უნდა გადმოეცეს ქართულ მართლმსაჯულებას? თუნდაც სასამართლომ გაამართლოს ექსპრეზიდენტი (ექს-იც რა კარგად ისმის!), უბრალოდ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება და ისევ ევროპიდან სკაიპ-ჩართვები იკმაროს!

კი ვამბობთ, მიშა წარსულიაო, მაგრამ ყოფილა წარსული? ყველაფერი ახალიც რომ კარგად დავიწყებული ძველია, ეს მიშას რომაულმა ფსიქოზურმა გამოხდომებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, მაგრამ ეგ რა სანუგეშებელია? განა მაგით კობახიძე-ბესელია შერიგდებიან და ქვეყნის შენებას შეუდგებიან? ან კიდევ, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგაო, ეგ გვიშველის? მაგათ, მთავარია, ბიძინა არ დაეკარგოთ, თორემ სხვა არაფერია ანგარიშში ჩასაგდები! ხედავთ, პარტიიდან გაჭრილი არც ერთი "ბუნტოვჩიკი" არ აკრიტიკებს ბიძინას, რამეთუ ეგ კაცია მაგათი მამა, მარჩენალი, პოლიტიკაში გზის გამკაფავი და თუ მოუნდება, პოლიტიკურად გამნულებელიც! თუმცა, ჩვენ მეტი არაფერი გვინდა, ახლა აფხაზავას "გლობალთიჩას" საკითხზე შევიქცევთ თავს, მერე ზესტაფონის, ზუგდიდისა და ჭიათურის მერების არჩევაზე ვიექსპერტებთ, თან სიგარეტის გაძვირების გამო ზოიძეს ვაგინებთ და ეს ქვეყანაც აშენდება!

პ.ს. როგორც ამბობენ, მიშა იტალიაში თავის კვალს დატოვებს. სავარაუდოდ, ეს იქნება პიზის კოშკის გასწორება, თორემ რომში თავმოყრილ რამდენიმე ათეულ მიშისტს უკვე "გაუსწორა" თავისი ალია-ბალიათი...

პ.პ.ს. სიგუას კაზანტიპის და გემფესტის მერე რომფესტის ჩატარებაში ნამდვილად "ორს" დავუწერდი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს