ნაფთალინიდან ამოღებული ღარიბაშვილი, თვალპაჭუნა გახარია და სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები, ანუ ვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს ბიძინას - კვირის პალიტრა

ნაფთალინიდან ამოღებული ღარიბაშვილი, თვალპაჭუნა გახარია და სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები, ანუ ვისი იმედი არ უნდა ჰქონდეს ბიძინას

უცნაური ქვეყანა გვაქვს. ხაზარაძე გვაყვედრის, 500 დოლარად დავიწყე ბიზნესი, ამდენი წლებია, ვემსახურები ქართველ ხალხს და ეს რა მიყვესო. სადაც ლოგიკაა, იქ თქვას ეგ და ეტყვიან, თუ 500 დოლარად დაიწყე ბიზნესი და ამდენი მილიონები მოაგროვე, მაშინ გამოდის, რომ ხალხი გემსახურა - პირიქით!

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მშვენივრად ართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებებს! უბრალოდ იმიტომ, რომ ეს პარიჟანკა, გემახსოვრებათ, დიდი ხანია, ჩემი სიმპათიაა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთთან საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი გაამართლა, მერე მიშას რეჟიმს წინ აღუდგა და "გასპაჟა ბურჟანაძე" ისე დაჩრდილა, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოსულა სამზეოზე "ქატოს პრინცესა". კი ამბობენ, ეგ ფრანგი პენსიონერი ბიძინას სიმპათიაა (არც მეეჭვება), თორემ ვინ აღირსებდა მაგას პრეზიდენტობასო?! გაიხაროს ბიძინამაც, თუ ასეა, ძლივს ჩემი და მისი საკადრო გემოვნება დაემთხვა... ეგებ და "პარტიის შესაკვრელად" ნაფთალინიდან ამოღებულმა ღარიბაშვილმაც იპოვოს ვინმე ისეთი სახეები, რომლებიც გამოადგება ქვეყანას! სხვაში არაფერში გამოსდგომია თამაზაშვილების სიძე საქართველოს და ეგებ ახლა ვოლსკის პარტიულ თანამდებობაზე "ამხედრებული" გამობრწყინდეს! მართალი გითხრათ, არანაირი იმედი არ მაქვს ღარიბაშვილის, მაგრამ ყველაზე დიდხანს იმედი ცოცხლობს და მის ერთ მუჭა მხარდამჭერებსაც ნუ ჩავუქრობთ სიხარულს! თუ მკითხავთ, რატომ არ გჯერა ნაპრემიერალი ღარიბაშვილისო, გეტყვით არგუმენტსაც: თუ ვარგისი იყო, რად განაგდეს და თუ უვარგისი იყო, რად მოაბრუნეს? ძალიან ურტყამს ეს თავმოყვარეობაზე "როცა მინდა გაგიშვებ, როცა მინდა დაგაბრუნებ" სახელმწიფო მოხელის იმიჯზე. რა სახელმწიფო მოხელის იმიჯი, ასე ადრე, ფეოდალურ პერიოდში ექცეოდნენ ხელზე მომსახურე ბიჭებს და ჩემი თუ არ გჯერათ, ვინმე ისტორიკოსს დაეკითხეთ! თანაც, ახალი სახეების მოზიდვა პარტიაში არა ღარიბაშვილს, არამედ კალაძეს დაევალაო, ასე უთქვამს კობახიძეს. მაშასადამე, კიდევ ერთხელ მიმძაფრდება განცდა, რომ ღარიბაშვილის მიწევ-მოწევით ბიძინამ დაანახვა თანაპარტიელებს, რომ გაშვებაც შეუძლია ნებისმიერი თანამებრძოლის და მერე დაბრუნებაც... ისე, ყურმოკრული ამბავია და არა დადასტურებული, ირაკლი მაშინ იმიტომ გაუშვა ივანიშვილმა, რომ თამაზაშვილების კლანმა ისურვა "ტეხასმოტრების" ბიზნესის ხელში ჩაგდება და მომეტებული მადის გამო გაუშვა პრემიერი ბიძინამ "სამშობლოსა და ღმერთის სამსახურებლად", ხანგრძლივ არდადეგებზეო. ამ პროვოკაციის წაკითხვის მერე, სადაც თავმოყვარეობაა, ირაკლი ისევ უნდა წავიდეს სადმე მოყუჩებულ ადგილას, მაგრამ არც ნება იყო გამოჩენა მისი, არც გაუჩინარებას დაეკითხებიან...

წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე კარგი პრეტესტი ჩაუტარდება "ქართულ ოცნებას", მაგრამ რამდენჯერ უნდა დავტესტოთ სოლოლაკის კარზე მოხეტიალეები ამომრჩევლებმა? ჭკუას ვერც ეგენი სწავლობენ და ვერც ჩვენ. მაინც მივალთ არჩევნებზე, ავირჩევთ "41"-ს (ან მასთან გათანაბრებულ ნომერს) და მათი აღმატებულება არჩეულნი თავს აღარ გაგვიტოლებენ, თითქოს და მეფეები იყვნენ და არა - დაქირავებული მოხელეები! პარლამენტარებისა და მინისტრებისა რა უნდა გაგიკვირდეს, სპორტულ ფედერაციებში მოკალათებული ტიპები თვლიან, რომ მარადმწვანე კადრები არიან და თუ მოუნდებათ, მოქმედ სპორტსმენებს კისერშიც წაუთაქებენ და ფედერაციასაც კინწისკვრით დაატოვებინებენ. სპორტის იქითაც არ გვაქვს კარგად საქმე, მოკლედ ვიტყვი ბარემ, ბიძინას ბევრი საქმე დაუგროვდა, გამრჯე კახელი გლეხისა არ იყოს, ყველა საქმე მაგის საკეთებელი შეიქმნა და ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილ-თამაზაშვილების იმედი არ ჰქონდეს, არც გახარიას თვალის ჩაპაჭუნების!

პ.ს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინტერი ყველას გვაქვს და ნებისმიერს შეეძლო იმ ცნობილი წერილის ამობეჭდვაო. პრინტერის ქონას ერთი სავარცხელი გქონოდა, ის ჯობდაო, მიაძახეს ზურგს უკან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს