მიშას მადიდებელი სიგუა, ნათელაშვილისეული კახაძე და..., ანუ რაზე ატეხდა მიშა ალიაქოთს - კვირის პალიტრა

მიშას მადიდებელი სიგუა, ნათელაშვილისეული კახაძე და..., ანუ რაზე ატეხდა მიშა ალიაქოთს

გიხაროდეს, ერო წამებულო! "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს, თან ძალიან ცივილიზებული ხერხით - "ტაბლეტებზე" ბმულს დააწკაპეს მათმა აღმატებულება დელეგატებმა და ელექტრონულად მისცეს ხმა რჩეულს. აქამდე, მოგეხსენებათ, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკანორ მელია გახლდათ, რადგან მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო ჩამოერთვა პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობა.

აი, ეს უვარგისი, ყოვლად უვარგისი ქართველი ხალხი! როგორ კაცს დააკარგვინეს მოქალაქეობა! უმადურმა ამომრჩეველმა 2012 წელს უარი თქვა ქვეყნის სინგაპურიზაციაზე და ვუყუროთ ახლა, როგორ თხრის ოლიგარქი დიდრონ ხეებს და დააპროწიალებს ზევით-ქვევით, დამხრჩვალი კნუტივით! თან პუტინისტი სალომეც რომ აგვარჩევინა ხახვისა და კარტოფილის სანაცვლოდ? ან სტოლტენბერგის ჩამოსვლა რა იყო? ვითომ ამით ხაზი გაუსვა ბიძინამ დასავლურ ორიენტაციას? სრულებითაც არა! დასავლური ორიენტაცია არის მხოლოდ იქ, სადაც არის მიხეილ სააკაშვილი თავისი მხარდამჭერებით!

2012 წლამდე რომ ჩამოსულიყო ნატოს თუნდაც უბრალო წარმომადგენელი, მიშა ატეხდა ალიაქოთს, ისეთი ვინმე ჩამოგვივიდა, ვინც ერთად ნატოს პირველ პირველზეც მეტია, აშშ-ის პრეზიდენტსაც აღემატება და პუტინს მისი შიშით ღამე კოშმარები ესიზმრებაო ან თუნდაც იმას იტყოდა, მაპ-ზე უკეთესი მოგვცესო... სასწაულია პირდაპირ და სჯეროდა ხალხის ნაწილს, რასაც ის ამბობდა. პრეზიდენტის თანამდებობიდან რასაც ამბობდა, ის კი არა, მოწანწალედ ქცეულიც რასაც ამბობს, ისიც სჯერა მის მადიდებლებს, ოღონდ მადიდებელთა შორის კაზანტიპა სიგუას ნუ ჩათვლით, ეგ ახლა მიშას ისეთი მიზნებით დაჰყვება, როგორც ლომს - ტურა...

"ნაციონალების" ყრილობას თვალი გავადევნე და თუ არ ვცდები, შტაბკვარწირა ვაშაძემ კონტექსტურად ასეთი რამე თქვა: მიშა დაუბრუნებელი საგანძურია და ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, თორემ "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფოებრიობა ხუხულასავით ჩამოგვიშალაო. რამდენი რამ გვაქვს სადარდებელი, მიშას გარეშე ცხოვრება ერთი ტრაგედიაა, მეორე ტრაგედია კიდევ ის ყოფილა, რომ მარგველაშვილი თავისი სახლის გაქირავებით აპირებს ცხოვრებას. მაგას მოვუკვდი მე! მართალია, გიორგი ბატონი შეძლებს თავის გატანას, ხან კარტოფილს გაყიდის, ხანაც ფაჩუჩებს მოქსოვს, ან სულაც "ბალგარკით" მიხერხ-მოხერხავს რაღაცებს, ლექციებსაც წაიკითხავს და დაგვამადლის შიგადაშიგ, როგორ უპირისპირდებოდა "ნაცებსა" და "ქოცებს" ქვეყნის სასარგებლოდ! აბა, იმას ხო არ მოგვახსენებს, ნათესავებს რომ იწყალებდა და ათავისუფლებდა ციხიდან? ან იმას ხომ არ წაიცდუნებს პირიდან, როგორ აავსო პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავისი სიმპათიებით? გულმოწყალე ხალხი რომ გაიძახის ახლა, პრეზიდენტყოფილებს უნდა ჰქონდეთ პენსიაო, რატომ უნდა ჰქონდეს? 65 წლის გახდა? რამე ისეთი გააკეთა, რაც საქართველოს წაადგა? დანაზოგი არა მაქვსო, რომ ამბობს, ასევე ვართ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა და როგორც შენი ხალხი იტანჯება, გიორგი ბატონო, ისევე დაიტანჯე შენც! ვიცი, რომ მარტო შენი ფინანსური უზრუნველყოფა მაინც ვერ გაგაბედნიერებს და მოგეხსენება, რომ სრულიად ქვეყნის ჩაფულიანება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება! როგორ გავბედნიერდებით, როცა პარლამენტში ბიძინას მადლით შესული კანონმდებლები ერთმანეთს ბრალდებებს ჭერეხივით აყრიან, უმწიკვლო გოგო-ბიჭების აპლომბით წარსულს ახსენებენ ოპონენტებს და მინდა გითხრათ, რასაც ერთმანეთზე ამბობენ, სრულიად მართალია...

შუალედური არჩევნებისთვის თუ მაინც მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" წესიერი კანდიდატების დასახელება, არ დაეძებს კაცი (არც ქალი), მთაწმინდაზე ქოცობამ ნათელაშვილისეული ლადო კახაძის კანდიდატურის დააყენა, ეჰ, ეგ არ უნდა გექნათ, ჭორის დონეზე მოაღწია, რომ ზოდელავას დროს რომ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, კაზინოებს გადასახადები შეუმცირაო. თუ მაინცდამაინც ლადოს პარლამენტარობა გინდათ, გვარი იყოს სხვა, მაგალითად, აფხაზავა. გურულმა მასწავლებელმა გლობალური ჯილდო ვერ აიღო და დეპუტატის მანტია მაინც გაიმეტეთ, ბატონო "ოცნებავ"! მერე რა, რომ აფხაზავაც "ნაციონალური მოძრაობის" მეხოტბე იყო, ეგრე გყავდათ არაერთი და ახლა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან კიცხავენ შავგულიძეს, როგორ გაბედა და "ევროპულ ნაცებთან" შეკრა პირიო...

პ.ს. გახარია ისეთი პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს, რომ მალე მოითხოვს ხალხი რეგულარულ გადაცემას, "დიალოგი შს მინისტრთან ერთად".

პ.პ.ს. როცა ბოკუჩავამ "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გამოაცხადა, რომ დელეგატებისთვის ტაბლეტებს დაარიგებდნენ, დარბაზში ვიღაცას უკითხავს, უზმოზე უნდა დავლიოთ თუ საუზმის მერეო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს