საყველაფრო ღარიბაშვილი, "გრეჩეხების" დაბრუნება და "გრიგოლდვიჟენია", ანუ სად და როგორ ისაუბრა ზურაბიშვილმა კარტოფილისა და ხახვის მოყვანაზე - კვირის პალიტრა

საყველაფრო ღარიბაშვილი, "გრეჩეხების" დაბრუნება და "გრიგოლდვიჟენია", ანუ სად და როგორ ისაუბრა ზურაბიშვილმა კარტოფილისა და ხახვის მოყვანაზე

"დაიცავი საქართველო" აღსდგა და შეუტია "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას". ჯერ არ დამდგარა სააღდგომო პერიოდი, მაგრამ ჩვენ დავასწროთ მოვლენებს და ვიმსჯელოთ საკითხზე, "აღსდგა" თუ "აღდგა" სამოქალაქო მოძრაობა "დაიცავი საქართველო"?

ამ ჩვენს გულმხურვალე "დამცველებს" ფილარმონიის დარბაზი თავისი ხარჯებით დაუქირავებიათ და მოგვახსენეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და კიდევ ბევრი გაბრაზებულა! გაბრაზებულთა შორის მოხვდა ვატო შაქარაშვილი (ზოგი ამბობს, შაქარიშვილიო და ახლა ამ განაწყენებულის გვარის დასაზუსტებლად საჯარო რეესტრში ნუ გამაგზავნით, ამიტომ ქვემოთ მხოლოდ ინიციალებით აღვნიშნავ!) და თვით ჯაბა ჯიშკარიანი! თურმე, ნუ იტყვით და მოსამართლეების გამო აღშფოთებულან ესენი. ვ.შ. და ჯ.ჯ. "41"-ის წყალობით რომ შებრძანდნენ საკრებულოში ზარ-ზეიმით, ისევე როგორც გედი, ეკა, ზვიადი "მიპრავაჟდნენ" პარლამენტში ამ მაგიური ციფრის მეოხებით, მაშინ არ იყვნენ მეთოფიშვილი, მურუსიძე ან გვრიტიშვილი მოსამართლეები? რატომღაც მგონია, ეს განაწყენებული "სასტავი" ვეღარ იხილავს არჩევითი ორგანოს სავარძლებს და ამიტომ მოირგეს ახლა ხალხზე მზრუნველების პროფილები და ანფასები, თორემ თუნდაც ჯაბა ჯიშკარიანის მზრუნველობა სად ნახეს? ვატოსაც წამოაძახეს ადგილ-ადგილ ცოლის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები, მერე ჩააზუსტეს - არავითარი ტენდერი არ ყოფილა, პირდაპირ ხელში ჩავუდეთ ფულიო... სამარცხვინო ფაქტია, როცა თვით იმ "ნაციონალების" დასაცინი გახდები, 2008 წელს კინაღამ საკუთარ ჯიპებს რომ გადაასწრეს წითელ ხიდზე!

მოკლედ, არ მჯერა "დაიცავი საქართველოს" ხალხის, რადგან ამ აბობოქრებულთა სახეებზე უფრო ის იკითხება, როგორ შექმნან საკუთარი ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავალი, თორემ არაშენდასა და ცხუნკურის ბედი ადარდებთ მაგათ? გამრჯე კახელის თქმისა არ იყოს, რამდენი ვირიც ვიყიდე, იმდენი წიხლის სროლია გამოდგაო, ისეა ჩვენი საქმე! წინა ხელისუფლებაზე კი არ ვამბობ, მე ბიძინას შემოთავაზებულ და მერე ჩვენგან არჩეულ ხალხსა და პარტიებზე გეუბნებით! არ ვარგოდნენ თურმე ალასანია, გუბაზი, უსუფაშვილ-ხიდაშელი, დავითაშვილი, კვირიკაშვილი ანუ დაიწუნეს სოლოლაკში "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და კიდევ ის პარტიები, რომლებიც 2012 წელს იყო კოალიციაში! ახლა უკვე კვაჭანტირაძე, ჭიჭინაძე, გოგიჩაიშვილი, ბესელიაც უვარგისები ყოფილან და სამაგიეროდ მურუსიძე-ჩინჩალაძე ყოფილან გადასარევები და კარგები! ერთადერთი მოწონებულ-დაწუნებულ-ისევმოწონებული ღარიბაშვილი აღმოჩნდა, რომელიც საჭიროებისამებრ ხან პრემიერია, ხან - რომელიღაც კომპანიის კლერკი და ახლა რაღაც პარტიული პოსტი ჩაუბარებიათ... სასაცილო და სატირალია ერთდროულად, დაწუნებულთა არმიაში ყველაზე რადიკალური ქუთაისის ნამაჟორიტარალი გუბაზი რომ აღმოჩნდა, რომელიც არა მარტო პოლიტიკოსის, არამედ ფსიქოანალიტიკოსის ამპლუაში გამოგვეცხადა და იმ უშოვნელი მილიონის დარდით ხან "კავკასიაზე" ყრანტალებს, ხანაც - გამარჯვებული ხალხის "მიშავიზიაში"! ეჰ, გუბაზ, მილიონიც ვერ იშოვე, ახლაც ტყუილად მიადექი იქედნურად სოლოლაკის სასახლეს და "გაბერილ კლოუნად" შეგრაცხა ხალხმა. ისე, "გაბერილი კლოუნის" ანტიპოდიც გვყოლია თურმე, "დაჩუტული ლევანა კლოუნი", ოღონდ არ ვიცი ზუსტად, ეს დაჩუტული რომელი ლევანაა...

წინა პროვოკაციაში დაგპირდით, ზუგდიდზე კარგა ხანს ხმას არ ამოვიღებ-მეთქი. სანაცვლოდ, აჭარის დედაქალაქზე გეტყვით ორიოდე სიტყვას: გასული კვირის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ისახელა თავი ლიტერატურის ცოდნითა და ჩხუბით, კი გემახსოვრებათ ეს ფაქტი. კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ პროზა პოეზიაში ისე აურია, როგორც ერბოკვერცხში ცილა და გული, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსვლია?!

პ.ს. სალომე ზურაბიშვილმა ახლახან მოინახულა სამცხე-ჯავახეთი. კულუარულად გამოსულმა ინფორმაციამ გვამცნო, რომ სალომე ადგილობრივებს ესაუბრა ხახვისა და კარტოფილის მოყვანაზე. მართალია, წელს ვეღარ მოესწრება მაისის შუალედური არჩევნებისთვის, მაგრამ საგაისოდ დააფასოეთ ხახვიც და კარტოფილიც ათკილოგრამიან პაკეტებად, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ "ნაციონალურ მოძრაობას", რამდენად აჭარბებს 10 კილოგრამი კვების პროდუქტების ღირებულება "გრიგოლდვიჟენიად" ქცეულ "ნაცმოძსო"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს