ბოდიშების მინისტრი, "უვიწყარა" მიშა და სანდრა, ანუ სად მოდიოდი, არ იცოდი, ბატონო ქობულია? - კვირის პალიტრა

ბოდიშების მინისტრი, "უვიწყარა" მიშა და სანდრა, ანუ სად მოდიოდი, არ იცოდი, ბატონო ქობულია?

მამკოდაში მომხდარი ფაქტის მერე დავრწმუნდი, რომ ჩვენ არ გადავშენდებით. მოქეიფე ხალხი მაშველებს არ დაემორჩილნენ, გვაცადეთ დროს ტარება და ქეიფი, თავად გადავრჩებით როგორმეო! ამას გარდა, ზესტაფონში რომელიღაც მუშას ხელფასის დაგვიანება აღუნიშნავს ფილაქნის აყრით! ორივე ფაქტი გვეუბნება, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტიც გვაქვს და შესაძლებლობებიც!

პირველ შემთხვევაში, კიდევ შეიძლება გაიგო დაუმორჩილებლობის, ნასვამმა კაცმა ეგებ ვერ გაიგოს, რას სჩადის, მაგრამ ეს ზესტაფონელი მუშა, უხელფასო, მართლა ფენომენია! ადამიანო, ფული თუ არ გაქვს, გშია და გწყურია, დაღლილიც ხარ და დაქანცულიც, რაღა ფილაქანს მივარდი, მისულიყავი "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში და გეთქვა, ჭიათურის მოსახლეობას რომ უგზავნით მესიჯებს "გაერთიანებული" კანდიდატის მხარდაჭერის მოთხოვნით, მაგის ღირებულება მომეცით-თქო!

ეს ფაქტია, მართლა, რომ ვინმე ხიჯაკაძე, რომელიც "გაერთიანებული ოპოზიციის" სახელითა და ნომერი "5"-ით აპირებს ზესტაფონის მერობას, ჭიათურელებს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მისასალმებელია, მეზობელი მუნიციპალიტეტის მერობის მსურველი თუ ესოდენ შეყვარებულია ჭიათურელებზე და გიორგობას ულოცავს, მაგრამ ეს ნაკლებად მგონია, ასე იყოს! უფრო "თალკვაძედამართებული" მგონია ეგ ხიჯაკაძე მე! მკითხველს შევახსენებ, რომ თალაკვაძემ დაახლოებით ერთი თვის წინ ზესტაფონელები უწოდა ჭიათურელებს და მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლამის ამ შეცდომაზე ააგო წინასაარჩევნო კამპანია. ახლა ერთ ქართულ ანდაზას გავიხსენებ: "ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო". "ენდე", თუ არ აგიხდათ, "ნაციონალებო"?! ჰაერში გასროლილი თალაკვაძის სიტყვა უფრო თავის მომჭრელია თუ თქვენი მესიჯები, "შავი ქვის" ქალაქის მოსახლეობას რომ მისდის ადრესანტი "5"-ის მითითებით?

- წინა "პროვოკაციაზე" მომწერეს კომენტარად, პირველი შემთხვევაა, "ნაციონალებს" რომ არ აკრიტიკებო. რაღას გააკრიტიკებ, გარდა ორიოდე ორთოდოქსი "ნაციონალისა", ყველა "ოცნებაში" გადაბარგდა და "კვალიფიციურის" სტატუსით ისევ აგრძელებენ პარლამენტარობას, მთავრობის წევრობას და ზოგადად, საჯარო მოხელეობას! ამ დროს, ეკონომიკის მინისტრი ქობულია ცრემლის ღვრამდე მივიდა, - გამიშვესო! ჯერ რა მოსაშვები ეგ იყო, გაშვებას რომ გვამწყრალის? რომ მოდიოდი, სად მოდიოდი, არ იცოდი, ბატონო ქობულია? მგონი, მართლა არ იცოდი, რამხელა პასუხისმგებლობა გქონდა, თორემ ტელეეთერიდან არ იტყოდი, ის ხალხი არ გვჭირდება ჩვენ, განვადებით რომ იძენს მაცივარს და ტელევიზორსო! ვის არ შეშლია, მაგას რომ არ შეშლოდა, მაგრამ ის რაღად შეეშალა, "რუსთავი 2"-ის კამერას რომ მიაპყრო სევდიანი თვალები და გაბზარული ხმით მოთქვამდა? ნუთუ არ იცის, რომ იმ წყაროში არ უნდა ჩააფურთხო, რომლიდანაც წინადღეს წყალი დალიე? ისე, თუ ნუგეშად ჩათვლი, ბატონო ექსმინისტრო, ორიოდე კვირაში შენი სახელ-გვარი აღარავის ემახსოვრება, უბრალოდ, არც ისეთი დემაგოგი აღმოჩნდი, როგორიც ჯეჯელავა იყო, ვერც კვირიკაშვილივით იგინებოდი, არც ჭიკაიძესავით გითქვამს ისეთი სისულელეები, ათი გიჟი რომ ვერ მოიფიქრებს ერთად და შეეგუე იმას, რომ მალე შარშანდელი თოვლივით დაგივიწყებენ!

აი, "უვიწყარა" კი ჩვენი მიშა და სანდრაა. მიშამ - ვენესუელას ვჭირდები ახლაო! უჰ, შენი გულისა, ჯერ ხომ მთელი ევროპა, ცენტრალური აფრიკა მოაწესრიგე, ახლა ლათინურ ამერიკასაც მიხედავ, მერე ჩრდილოეთსაც და ვატყობ, ერთ დღეს ანტარქტიდაზე ჩახვალ, ორიოდე პინგვინს ამოირჭობ იღლიაში და თავი ბიძინა გეგონება! აი, ვიდრე შენ ზელენსკის დაძახილს ელოდები, მანამდე სანდრამ მოიარა მთელი ზუგდიდი, ჩიქორთული ქართულით აცხადებს, როგორ შეიძლება "ფოლითიკური ნიშნით" ხალხის დაყოფა და სოციალური შემწეობების დარიგებაო! სანდრა, ჩემო კარგო, მართალია, სუსტი მოწინააღმდეგე დაგიყენა "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ დამერწმუნე, ვერ მოიგებ მაგ არჩევნებს, კიდეც რომ მოიგო, ზუგდიდის საკრებულო იმპიჩმენტს მოგიწყობს როგორმე და ისევ თავის ჭკუაზე მოიყვანენ ვინმეს... ეს მარტო სანდრას გასაგონად კი არა, ყველა დანარჩენების ყურში შესაშვებად მითქვამს, გინდა ხულოელი კანდიდატები იყავით და გინდაც - მარნეულელი!

პ.ს. ქუთაისში ბაღის კიდეზე ორი ქალი საუბრობდა, თუ გინდა, მინისტრადაც დიდხანს იყო, პრემიერობის პერსპექტივაც გქონდეს, თვალის ჩაპაჭუნება უნდა იცოდე კარგად და მოხერხებულად უნდა დაიწყო ყველაფერი, ბოდიშითო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს